Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი სირიაში: რა ხდება საქართველოს ყურის ძირში?


საქართველოდან (პირდაპირი გზით) 700 კილომეტრით არის დაშორებული სირიის ის ტერიტორია, სადაც თურქეთმა პოზიციები დაიკავა. ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის დროს - ერთმანეთის პირისპირ ახლა რუსეთი და თურქეთი აღმოჩნდნენ. ყველაფერი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

რაც უფრო იზრდება დაძაბულობა სამეზობლოში, ასევე იზრდება შიში საქართველოშიც. რა ხდება სირიაში? რამდენად დიდია რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების გამწვავების შანსი და არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის?

რა უნდა თურქეთს და რა გააკეთეს სირიელმა ქურთებმა?

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო. საჰაერო თავდასხმებს მალევე მოჰყვა სახმელეთო შეტევაც. თურქეთის არმიამ დაიკავა არაერთი ქალაქი თუ სოფელი.


სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე მერყეობს. მათ შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობაც. გაეროს შეფასებით, დევნილად იქცა 130,000-მდე ადამიანი.

თურქეთის გაცხადებული მიზანია:

  • უკან დაახევინოს ქურთთა შეიარაღებულ დანაყოფებს („სირიის დემოკრატიული ძალები“), რომლებსაც ის ერთ-ერთ უმთავრეს მტრად გამოცხადებული ორგანიზაციის - „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად თვლის;
  • შექმნას ე.წ. „უსაფრთხოების სარტყელი“ 480 კილომეტრზე სირიის საზღვრის გასწვრივ და 32 კილომეტრზე სირიის ტერიტორიის სიღრმეში.

ეთნიკური ქურთები (დაახლოებით 30 მილიონი) კომპაქტურად ოთხ ქვეყანაში ცხოვრობენ - თურქეთში, ირანში, ერაყსა და სირიაში. ისინი ათეულობით წელია განიცდიან დევნასა და შევიწროვებას მათ შორის - თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. ქურთთა ამბოხებები თურქეთში ათწლეულებს ითვლის. ანკარა ყოველთვის მტკივნეულად რეაგირებდა ქურთების სეპარატისტულ მიზნებზე და წლების განმავლობაში არაერთხელ დაუპირისპირდა მათ სამხედრო ძალითაც ერაყისა თუ სირიის ტერიტორიაზე.

ქურთებს წლების განმავლობაში დევნიდა სირიის ხელისუფლება და ასე იყო ამჟამინდელი პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის პირობებშიც. თუმცა მოკავშირე ამერიკელების უკან დახევით გაწბილებულმა ქურთმა მებრძოლებმა დახმარება ისევ ასადის რეჟიმსა და მის მფარველს - რუსეთს სთხოვეს.

თურქეთის შეჭრის შემდეგ, სიტუაცია ისე დალაგდა, რომ ახლა ერთ სივრცეში, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ რუსეთი (მის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის სახით) და თურქეთი.

ამერიკა თამაშიდან გავიდა - რუსეთი და თურქეთი დარჩნენ

14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის პრეზიდენტმა არმიის ქვედანაყოფები გაგზავნა ქვეყნის ჩრდილოეთში, თურქეთის აგრესიის შესაჩერებლად.

მსოფლიოსთვის ცხადია, რომ სწორედ რუსეთი დგას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დასავლეთის მიერ დადანაშაულებული ბაშარ ალ ასადის რეჟიმის გვერდით.

სირიაში თურქეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის მედია აქტიურად ავრცელებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოწოდებას, რომ სირია უნდა დატოვონ უცხო ქვეყნების სამხედროებმა.

ქურთების შეიარაღებულმა დანაყოფებმა („სირიის დემოკრატიული ძალები“) ბაშარ ალ ასადის რეჟიმს დახმარების თხოვნით მას შემდეგ მიმართეს, რაც ვაშინგტონმა ტერიტორიიდან გაიყვანა ამერიკელი სამხედროები და ბევრის აზრით, გაჭირვებაში მიატოვა ქურთები - ამერიკის ძლიერი მოკავშირეები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.

შეერთებულმა შტატებმა13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაიყვანს 1000 სამხედროს, თურქეთის მხრიდან შეტევის ფონზე.

„მართლა ფიქრობს ხალხი, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ომში ნატოს წევრ თურქეთთან?“ – 14 ოქტომბერს დაწერა ტვიტერზე ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ჩაერთვება თურქეთისა და ქურთების მრავალწლიან დაპირისპირებაში - ვისაც უნდა, იმან იომოს ან ერთ ან მეორე მხარესო, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციასო.

თუმცა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ - თურქეთს „დიდი“ სანქციები დაუწესდება, კონგრესში თანხმობაა და ხაზინაც მზად არის ამისთვის.

სანქციების საკითხზე მსჯელობენ ევროკავშირშიც:

  • ევროკავშირის ქვეყნები ჯერჯერობით მხოლოდ იარაღის მიყიდვის შეზღუდვით ემუქრებიან თურქეთს;
  • ამერიკა, კონგრესში დაწყებული პროცესების შესაბამისად, თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

მთავარი შიში, რაც ევროპას აწუხებს, არის ის, რომ: თურქეთის სირიაში შეჭრის გამო ხელი შეეშლება ტერორიზმთან ბრძოლას და შესაძლოა, მოხდეს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების გათავისუფლება „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ დაცული საპატიმროებიდან. „როიტერისი“, თურქულ მხარეზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ერთი ასეთი საპყრობილე უკვე დაცარიელებულია.

როგორც დონალდ ტრამპმა მანამდე ტვიტერზე დაწერა - არ არის გამორიცხული ეს შეგნებულად გააკეთონ ქურთთა ძალებმა, რათა ამერიკა ისევ დააბრუნონ პროცესში. თუმცა საკითხის მოგვარება მან თურქეთსა და ევროპელებს გადაულოცა.

ახლა რეგიონის უსაფრთხოებაც და კიდევ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, სადამდე წავა რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება და გადაიზრდება თუ არა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში. მით უმეტეს - ისტორიული მტრობის გარდა, რუსეთს ახლო წარსულის ერთი ძალიან მძიმე წყენაც უდევს გულში - თურქეთმა მას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოუგდო.

რა შეიძლება შეეხოს საქართველოს?

საქართველოსთან ძალიან ახლოს განვითარებულ პროცესებს, სადაც ერთმანეთის პირისპირ ორი მეზობელი ქვეყანა დგას, არცთუ აუღელვებლად ადევნებენ თვალს საქართველოში და ამ თემას სოციალურ ქსელებშიც არაერთი პოსტი ეძღვნება.

სირიის ტერიტორია, სადაც ახალი კონფლიქტი გაღვივდა, ძალიან ახლოს არის საქართველოსთან.

ანალიტიკოსები საქართველოში არ მოელიან კონფლიქტის არეალის იმგვარ ზრდას, რომ სამხედრო საფრთხე უშუალოდ საქართველოსაც შეეხოს.

თუმცა უარყოფითი გავლენები მაინც იქნება - პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთი ამ ფონზე შეეცდება თურქოფობიური ნარატივის გაძლიერებას საქართველოში და საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორი პოზიცია დაიკავოს:

  • პრორუსული და ულტრანაციონალისტური ჯგუფები ისედაც ცდილობენ თურქოფობიური ნარატივის დამკვიდრებას საინფორმაციო სივრცეში და „თურქეთის ეს ბოლო ქმედება მათ განზოგადებისთვის უფრო ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის“;
  • საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაცია მთავრობისა და საექსპერტო ჯგუფების მხრიდან, "რომ არ მოხდეს ოკუპანტი რუსეთისა და ჩვენი მოკავშირე თურქეთის ერთ სიბრტყეზე დაყენება“;
  • ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თურქეთია ის ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, "რომელთანაც საქართველოს დემარკირებული აქვს სახელმწიფო საზღვარი და არ არსებობს სასაზღვრო პრეტენზიები".

„მცდარია მოლოდინი, რომ რუსეთი ამ ფონზე საქართველოსთვის მოიცლის რამენაირად და კუდს მოიქნევს - მას უფრო დიდი საფიქრალი აქვს: დიდ რესურსს მოითხოვს „ცივი ომის“ მდგომარეობაში ყოფნა ნატოს წევრ თურქეთთან. მათ შორის აუცილებლად დაიძაბება ურთიერთობები“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

ერთადერთი რამაც შესაძლოა საფრთხე შექმნას, გორბრონიძის თქმით, იქნება რუსეთის სურვილი - გაატაროს სამხედრო ტვირთები საქართველოს გავლით - „თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელია“.

როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მუჩაიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერჯერობით მომხდარით რუსეთი ხეირობს,

  • რუსეთი მშვიდობისმყოფელის როლის, მომრიგებლის როლის შენარჩუნებას ცდილობს;
  • დასავლეთის ქვეყნებსა და თურქეთს შორის დაძაბული ვითარება რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან - ნატოს სივრცეში ბზარის გაჩენა მისი დიდი ხნის ნატვრაა - „გამოიყენებს თავისი იმპერიალისტური მიზნების დასაკმაყოფილებლად“.

თუმცა, მუჩაიძის აზრით, ეს ყველაფერი დროებითია, რადგან ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წნეხის შედეგად, თურქეთი შეჩერდება - „ის უფრთხილდება დასავლეთთან კავშირებს - უსაფრთხოების მიზნებისა თუ ეკონომიკური დამოკიდებულების გამო“.

... იქნება ეკონომიკური ზეგავლენა?

სირიაში მიმდინარე და მოსალოდნელი მოვლენების ფონზე, საქართველოსთვის მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომისტები უარყოფით ზეგავლენას მოელიან.

როგორც „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მოსალოდნელია:

  • შემცირდება იმპორტ-ექსპორტის შესაძლებლობები - გაძნელდება ვაჭრობა თურქეთთან, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან;
  • თურქეთიდან პროდუქციის იმპორტის შეზღუდვის შემთხვევაში, საქართველოს ალტერნატივის ძიება მოუწევს და შესაძლოა, გაიზარდოს საქართველოს იმპორტდამოკიდებულება რუსეთზე;
  • გადმორიცხვების შემცირება თურქეთიდან, სადაც საქართველოს ბევრი მოქალაქე მუშაობს და მათ შესაძლოა დაკარგონ სამუშაო;
  • ხელი შეეშლებათ ტურისტულ ნაკადებს - ისინი, ვინც საქართველოში თურქეთის გავლით ჩამოდის, ანდა საქართველოდან მიფრინავენ სხვა ქვეყანაში თურქეთის გავლით;

„იმპორტის ახალი გზების ძიებაში, აქცენტი ბუნებრივად გაკეთდება რუსეთზე, რადგან, რუსული რუბლის გაუფასურების გათვალისწინებით, იქაური პროდუქცია იაფი ალტერნატივა იქნება ქართველი იმპორტიორებისთვის...

განვითარებული ქვეყნის ვალუტების სიმყარე კი, საქართველოსთვის ამ ეტაპზე ხელსაყრელ საიმპორტო შესაძლებლობებს არ იძლევა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი ვალუტა - ლარი - გამყარდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რამაზ გერლიანი.

თუმცა მისი გათვლით, თუკი თურქეთის გარშემო სიტუაცია მშვიდობიან კალაპოტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დაუბრუნდება, გარკვეული პროცესები საქართველოს სასარგებლოდაც კი იმუშავებს, ასე მაგალითად:

  • საქართველოსკენ წამოვა უფრო მეტი ტურისტული ნაკადი მათი სახით, ვინც თურქეთში დასვენებას მოერიდება;
  • როგორც ალტერნატივისკენ, საქართველოსკენ გამოიხედავს უფრო მეტი ინვესტორი, რადგან კონფლიქტის ზონასთან სიახლოვის მიუხედავად, საქართველოში მშვიდობაა და საქართველოს პარტნიორად თვლიან ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები.

ამ ეტაპზე საქართველოსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ლაპარაკი საერთოდ არ არის საერთაშორისო დონეზე - პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG