Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიტოვანის კვალი


თენგიზ კიტოვანი აფხაზეთის ომში, 1993 წელი, ფოტო: შახ აივაზოვის.
თენგიზ კიტოვანი აფხაზეთის ომში, 1993 წელი, ფოტო: შახ აივაზოვის.

85 წლის თენგიზ კიტოვანის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ გააღვიძა ისტორიები, რომელთაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების დამხობა და აფხაზეთში ომის დაწყება მოჰყვა.

ვის თამაშს თამაშობდა კიტოვანი - თბილისის თუ მოსკოვის? რადიო თავისუფლებამ გაიხსენა უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატული მოვლენები, რომელშიც კიტოვანი გადამწყვეტი ფიგურა იყო.

თენგიზ კიტოვანი საქართველოს ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მთავრობასთან ერთად მოვიდა. ის ეროვნული გვარდიის სარდალი იყო. გამსახურდიას დაუპირისპირდა 1991 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც მოსკოვში საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა - ГКЧП-მ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდება და ხელისუფლებაში მოსვლა სცადა.

დაპირისპირება გამსახურდიასთან

ГКЧП-მ პირველივე დადგენილებით დაშლილად გამოაცხადა ყველა გასამხედროებული ფორმირება, რომელთა არსებობა სსრკ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ასეთი საქართველოში გვარდია იყო.

1991 წლის 19 აგვისტოს ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას „შს სამინისტროს შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“. შემდეგ ის იტყვის, რომ ასე გვარდიის გადარჩენა უნდოდა. გამსახურდიას ბრძანებით ეროვნული გვარდია უნდა გამხდარიყო შსს-ს შინაგანი ჯარის ნაწილი, დაქვემდებარებოდა შს მინისტრის მოადგილეს და შეენარჩუნებინა მხოლოდ ტაბელური იარაღის გამოყენების უფლება.

თენგიზ კიტოვანი და ეროვნული გვარდიის ნაწილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და თბილისის ზღვაზე დაბანაკდნენ. ოპოზიციაში გადავიდა 17 აგვისტოს თანამდებობიდან გათავისუფლებული პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუაც.

დაპირისპირება თბილისის ომის დროს, 1992 წელი, ფოტო: ჯემალ კასრაძის.
დაპირისპირება თბილისის ომის დროს, 1992 წელი, ფოტო: ჯემალ კასრაძის.

ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე, რომელიც საქართველოს უახლოეს წარსულს იკვლევს, ამბობს, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი, შეიარაღებული ამბოხი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობით დასრულდა.

„კიტოვანთან ერთად იყო გვარდიის მცირე ნაწილი და ოფიცრობა, რამდენიმე ასეული ადამიანი. ამბოხება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლოს კი რუსთველის გამზირზე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას სროლა დაუწყეს. ამ დროისთვის მათთან უკვე იყო ჯაბა იოსელიანის „მხედრიონიც“ და ვაჟა ადამიას შეიარაღებული ჯგუფიც“, - ამბობს დიმიტრი შველიძე.

1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. ქვეყნის მართვა ხელში აიღო სამხედრო საბჭომ: თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა და თენგიზ სიგუამ. ეს სამეული დახვდა თბილისში ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც მალე საქართველოს პრეზიდენტად იყარა კენჭი. შემდეგ თავის მემუარებში „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“ შევარდნაძე წერდა, რომ ბევრჯერ დააპირა გადადგომა, მაგრამ არ უნდოდა ქვეყანა კრიმინალებისთვის დაეტოვებინა: „წასვლა და ყველაფრის მიტოვება მართლა მსურდა... მაგრამ ვისთვის ჩამეგდო ქვეყანა ხელში, კიტოვანისა და იოსელიანისთვის? ეს ხომ სისხლის ქაოსში დანთქავდა ყველაფერს“.

სოხუმის მისადგომებთან

1992 წელს მთელ საქართველოში და, შეიძლება ითქვას, კავკასიაშიც, სრული განუკითხაობა იყო. ზვიად გამსახურდია გროზნოს აფარებდა თავს. მისი ათასობით მხარდამჭერი თბილისში მიტინგებს მართავდა. იძარცვებოდა და ირბეოდა სამეგრელო, რომელმაც ფაქტობრივად არ ცნო შევარდნაძის ხელისუფლება. ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები ჰყავდა აფხაზეთშიც. ამას დაემატა ეკონომიკური კოლაფსი, გაჭირვება, ყაჩაღობა და საყოველთაო ქაოსი.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ჯარი შევიდა, ოფიციალური მიზანი, რკინიგზის დაცვა იყო.

„რკინიგზას აფეთქებდნენ, ძირითადად გამსახურდიას მომხრეები. ამ დროს ყარაბაღშიც ომი იყო და სომხეთის ტვირთი, პირველადი მოხმარების საგნები, სომხეთამდე ვერ ჩადიოდა. გადაწყდა, რკინიგზის დასაცავად კიტოვანის ხელმძღვანელობით, აფხაზეთში ჯარი შესულიყო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ რკინიგზის დასაცავად, - ჰყვება ექსპერტი კონფლიქტის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, - კიტოვანი ჯარით წავიდა და სამი დღე დაიკარგა. ეს შევარდნაძემაც არაერთხელ თქვა და სხვებიც ამბობდნენ. სამი დღე არ გამოდიოდა კავშირზე. რკინიგზის დასაცავად არაფერი გაუკეთებია. როცა აფხაზეთში შევიდა, იქ აფხაზური ფორმირებები დახვდა. ატყდა სროლა, იმის მაგივრად, რომ უკან დაეხიათ, შეუტიეს და სოხუმამდე მივიდნენ“.

ედუარდ შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძე

15 აგვისტოს კონფლიქტის მხარეთა მონაწილეობით ერთობლივი კომისია შეიქმნა. შევარდნაძე თავის მემუარებში ისხენებს კომისიის ერთ-ერთი წევრის თემურ ლომაიას მონათხრობსაც.

„[1992 წლის 14 აგვისტოს] სოხუმის სახელმწიფო აგარაკზე ვიყავით... შევარდნაძემ დარეკა. კიტოვანმა თქვა, რომ იგი არ დაელაპარაკებოდა მას. ყურმილი სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ აიღო, რომელმაც სატელეფონო ლაპარაკის მერე გვითხრა: შევარდნაძემ გვიბრძანა ჯარის შეჩერება. კიტოვანმა უპასუხა, მე მაინც წინ წავალ. დანარჩენებმა, მათ შორის მეც, ვთქვით, რომ შევარდნაძე მართალს ამბობდა“.

„მხედრიონის“ ყოფილი მეთაური გია ვაშაკიძე გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ მოჰყვა, რომ როდესაც ჯაბა იოსელიანმა ჯარი სოხუმის მისადგომებთან აღმოაჩინა, „თენგიზ კიტოვანი კინაღამ მოკლა“.

„გადაეკეტა ჯაბას, დააძრო იარაღი. ზაზა ვეფხვაძე [„მხედრიონის“ წევრი - რ.თ.] დაეტაკა უცებ ხელში და ააცალა. მერე ჩვენც მივვარდით... მერე სულ მაგას გვეუბნებოდა, გეცლიათ და მოვკლავდი და იქნებ, გადარჩენილიყო ქვეყანაო“, - თქვა გია ვაშაკიძემ.

პაატა ზაქარეიშვილიც ამბობს, რომ ჯაბა იოსელიანი კიტოვანის მიმართ ზიზღს არასდროს მალავდა.

„უამრავ თათბირს დავსწრებივარ, ვხედავდი კიტოვანი როგორი გონორით და თავდაჯერებით ლაპარაკობდა, თითქოს მთელი სამყარო მისი იყო. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეს ცნობდა თავის გარშემო, დანარჩენები მისთვის ჭიანჭველები იყვნენ“, - იხსენებს პაატა ზაქარეიშვილი.

„მოკლედ, შევიდნენ სოხუმში, მიადგნენ მთავრობის სახლს და აფხაზეთის დროშა ჩამოხსნეს.

-სოხუმი აღებულია, - მომახსენა კიტოვანმა.

სოხუმი კი აღებულია, მაგრამ მერე რას ვშვრებით?... მე ხომ ვგრძნობ, რომ აქედან კარგი არაფერი გამოვა, ეს უკვე ქართულ-აფხაზური ომია და არა „რკინიგზის დაცვა“ (ფრაგმენტი ედუარდ შევარდნაძის წიგნიდან „ფიქრები წარსულსა და მომავალზე“).

„ეს იყო კრიტიკული მომენტი, საქართველოს შიდა ომში გასახვევად, რაც ალბათ რუსეთს აძლევდა ხელს. კიტოვანი მეგობრობდა რუს გენერალიტეტთან, რუსეთთან და შემდეგ თავისი ცხოვრების ნაწილი სწორედ რუსეთში გაატარა. ამიტომ ის მოსაზრება, რომ კიტოვანი რუსეთის დაკვეთას ასრულებდა, უსაფუძვლო არაა“, - პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთში კიტოვანმა უფრო მოსკოვის თამაში ითამაშა, ვიდრე - თბილისის.

დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ ქართველ ისტორიკოსებს არა აქვთ საშუალება, რუსეთის არქივებიდან კიტოვანის აგენტობის შესახებ პირდაპირი ცნობები მოიპოვონ, მაგრამ მისი ქმედებები სწორედ ამაზე მიუთითებს.

„მისი მოქმედება, მისი ურთიერთობა რუსეთის ჯარების კავკასიის სამხედრო შტაბთან, მის წარმომადგენელთან, ბეპაევთან და სხვებთან, დაფიქსირებულია. ცნობილია, რომ ერთ-ერთი შეტაკების დროს, როდესაც გვარდიის ნაწილები გაიფანტნენ, კიტოვანმა და სიგუამ რუსეთის სამხედრო შტაბში გაათიეს ღამე, იქ შეაფარეს თავი. ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ კიტოვანი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებელი იყო. სხვანაირად შეიარაღებაც არ ექნებოდა“, - ამბობს დიმიტრი შველიძე.

თენგის კიტოვანი, აფხაზეთი, 1992 წელი.
თენგის კიტოვანი, აფხაზეთი, 1992 წელი.

რამდენიმე წლის წინ უკვე ასაკოვანმა თენგიზ კიტოვანმა იაგო ხვიჩიას ინტერვიუ მისცა. გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ მან თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს, არც ზვიად გამსახურდიასთან და არც - აფხაზეთთან.

„ზვიადა იძულებული იყო რუსეთისთვის [იგულისხმება გვარდიის რეორგანიზაცია - რ.თ.] დაეთმო, ცოტა ისეთი კაცი იყო, მერყევი, ხომ იცით. ჩამოვედი მე და ვუთხარი, ზვიად, მე ჯარს არ დავშლი...

...დავიწყეთ სროლა იქიდანაც და აქედანაც. იარაღს ვყიდულობდით რუსეთიდან. ფულს ვაძლევდი და ვყიდულობდი...

...თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო მინდოდა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ შევარდნაძე არ გავუშვი. შევარდნაძემ შეცვალა საქართველოს პოლიტიკა...

...აფხაზეთში შეცდომა არ დამიშვია, შევარდნაძემ კი მე დამიჭირა. იმისთვის კი არ ჩავედი, რომ ომი დამეწყო. იმისთვის ჩავედი, რომ ის მოძრაობა შემეჩერებინა, რომელიც იქ ტრიალებდა. თავად აფხაზებმა, უფრო სწორედ რუსებმა, დაიწყეს ომი, კონფლიქტური სიტუაცია შექმნეს...“

თენგიზ კიტოვანი 1996 წლის ოქტომბერში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. მას 8 წელი მიუსაჯეს, თუმცა, შევარდნაძემ სამ წელიწადში შეიწყალა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნდა 2012 წელს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG