Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში ფემინისტური ფესტივალი დაიწყო


სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი თელავში
სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი თელავში

თელავში დაიწყო ფემინისტური ფესტივალი, რომელიც სამი დღე გაგრძელდება. "ჩაგვრა და პრივილეგია" - ეს არის მთავარი თემა, რომლის ირგვლივაც დაგეგმილია ლექციები, ვორქშოპები, კონცერტი და ფილმების ჩვენება. ფესტივალის ფარგლებში ჩაგვრის კონკრეტულ მაგალითებზეც ლაპარაკობენ.

თელავში ფემინისტური ფესტივალი დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:03:06 0:00
გადმოწერა

კახეთში, თელავში, დაიწყო სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი, სახელწოდებით "ჩაგვრა და პრივილეგია". ღონისძიების მთავარი თემაა მჩაგვრელი სისტემების ურთიერთკვეთა. ფემინისტური ფესტივალი „ქალთა ფონდმა საქართველოში“ 2017 წელს დააარსა და ის პირველად ქუთაისში გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ალა პარუნოვა ამბობს, რომ ფესტივალის ფარგლებში ჩაგვრის კონკრეტულ მაგალითებზეც ლაპარაკობენ, თუმცა საკითხს ძირითადად გლობალურ კონტექსტში განიხილავენ - მაგალითად, ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი პრობლემების ურთიერთკავშირი, ქალთა უფლებები და სოციალური პრობლემები, ქალები და მიგრაცია:

დაიწყო სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი
დაიწყო სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი

„ხშირად კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, ნეიტრალურ ფერებში. სინამდვილეში კი, კლიმატის ცვლილება განსხვავებულად მოქმედებს ქალებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრების განმავლობაში ქალები სხვანაირად სოციალიზდებიან საზოგადოებაში. მათი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა არის რთული და, შესაბამისად, გარემო ფაქტორები - ეს იქნება ეკოლოგიური თუ სხვა - უფრო განსხვავებულად მოქმედებს ქალებზე“.

არსებობს სტატისტიკა, რომ ქალების ანაზღაურება უფრო დაბალია. საქართველოში ქალები 30%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. დასაქმების მხრივაც, მაღალ პოზიციებზე იშვიათად გვხვდებიან ქალები...
ნუკრი ტაბიძე

თელავში მიმდინარე ფესტივალში მონაწილეობს ფემინისტი ნუკრი ტაბიძე. მისი მუშაობის სფეროა გენდერი და ეკონომიკა. ამბობს, რომ ჩაგვრის სხვადასხვა ფორმიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და გავრცელებულია ეკონომიკური ჩაგვრა. ნუკრი ტაბიძის თქმით, სახელმწიფო პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ფორმალურად ცდილობს:

„არსებობს სტატისტიკა, რომ ქალების ანაზღაურება უფრო დაბალია. საქართველოში ქალები 30%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. დასაქმების მხრივაც, მაღალ პოზიციებზე იშვიათად გვხვდებიან ქალები. რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა 10 წლის წინანდელ სიტუაციასა და დღევანდელობას შორის, ცნობიერების თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემა არის, რომ სახელმწიფო იღებს მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებებს და ფორმალურ დონეზე ცვლის კანონს, ერთჯერად ტრენინგს ატარებს მასწავლებლებისთვის და ასე შემდეგ. არ ხდება ფორმალური განათლების დონეზე ამ საკითხებზე მუშაობა“.

თელავში მიმდინარე ფემინისტური ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამდღიანი ღონისძიების მიზანია შეიქმნას დაცული სივრცე, სადაც ქალთა უფლებებით დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ ერთად იმსჯელონ იმ მრავალმხრივ პრობლემებზე, რომლებიც ქალებს სხვადასხვა სფეროში ექმნებათ. რა პრობლემები აქვთ და ძალადობის რა შემთხვევებზე ლაპარაკობენ კახეთში? აი, რას ამბობს ხალხი:

დაიწყო სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი
დაიწყო სამდღიანი ფემინისტური ფესტივალი

„სოფლებში უფრო ხშირად ხდება ქალებზე ძალადობა, რადგან ხალხი დაუსაქმებელია, რასაც მოსდევს ჩხუბი და დაპირისპირება“.

„თუ სახლში მიიტანე შესაწვავი გოჭი ან ქათამი, ქალი შეწვავს და რად უნდა ამას ძალადობა? ქალიც კმაყოფილია და კაციც“.

„კონკრეტული ძალადობის შემსწრე არ ვარ, მაგრამ მსმენია, რომ სცემენ მეუღლეებს, თუმცა არ მიმართავენ ისინი სამართალდამცავებს და ითმენენ. ბევრი, ოჯახი რომ არ დაენგრეს, არაფერს ამბობს“.

ფემინისტური ფესტივალი თელავში 3 ივნისს დასრულდება, დღის ბოლოს. მანამდე კი არაერთი აქტივობა იგეგმება, მათ შორის - აკადემიური ლექციები, ვორქშოპები, კონცერტი, ფილმების ჩვენება და ა.შ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG