Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში ძაღლით ვეღარ გაისეირნებთ


თეირანი
თეირანი

თეირანის პოლიციის უფროსს, ჰოსეინ რაჰიმის სურს, აიკრძალოს ძაღლების გასეირნება ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში. თუ სურვილი განხორციელდა და ძაღლების გასეირნება აიკრძალა, ამას შეიძლება დაავადებების გავრცელება მოჰყვეს, ამბობს თეირანის წამყვანი ვეტერინარი ფაიამ მოჰები, რომელიც სრულიად არალოგიკურად მიიჩნევს საჯარო ადგილებში ძაღლის გასეირნებისა და ავტომანქანით ცხოველების ტრანსპორტირების აკრძალვას, როგორც ეს თეირანის პოლიციის უფროსს სურს.

„როგორ უნდა უმკურნალოს ვეტერინარმა ძაღლს, თუ მის მფლობელს არ შეეძლება მასთან ოთხფეხა მეგობრის მიყვანა? როგორ უნდა ვნახოთ ავადმყოფი ძაღლები?“ - სვამს შეკითხვას ვეტერინარი, რომელმაც იცის, რომ პოლიცია კანონის აღმასრულებელია და არა კანონმდებელი.

მოჰები თეირანის პოლიციის უფროსის, ბრიგადის გენერალ ჰოსეინ რაჰიმის, განცხადებაზე ლაპარაკობს.რაჰიმი 29 იანვარს გამოვიდა ამ ინიციატივით და დაადასტურა, რომ თეირანის პროკურატურისგან პოლიციამ მიიღო უფლებამოსილება და ზომებს მიმართავს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ძაღლებს გაასეირნებს საჯარო ადგილებში, პარკებსა და მისთანაში. რაჰიმიმ ინტერვიუ მისცა ახალგაზრდა ჟურნალისტების კლუბს, რომელიც ირანის სახელმწიფო მაუწყებელთან არის დაკავშირებული. პოლიციის უფროსი თვლის, რომ ძაღლების საჯარო ადგილებში სეირნობის აკრძალვა გამოიწვია მოსახლეობაში „შიშმა და პანიკამ“. მანამდე ძაღლების სეირნობა აიკრძალა თეირანის ჩრდილოეთში მდებარე ლავასანის პარკში, სადაც ძაღლმა მძიმედ დააშავა პატარა გოგონა. ეს შემთხვევა საბაბი იყო მხოლოდ.

საერთოდ, ირანის საზოგადოებაში ისლამური რევოლუციის შემდეგ ძაღლების მოწინააღმდეგეებმა ხმა აიმაღლეს. ისინი, ისლამურ გადმოცემაზე დაყრდნობით, თვლიან, რომ ძაღლი უწმინდურია, აკრძალული არაა, მაგრამ უწმინდურია. ირანელი კონსერვატორების აზრით, ძაღლის ყოლა, განსაკუთრებით ქალაქში, დეკადენტური დასავლური კულტურის გავლენაა. წლების განმავლობაში ცდილობენ ირანში ძაღლების ყოლის მოწინააღმდეგეები კანონით შეზღუდონ ძაღლის ყოლა. ალბათ, თავისი გააკეთა მათ წინააღმდეგ და იმისთვის, რომ კანონი არ ტარდება, ცხოველთა დაცვის მოძრაობამ, რომელიც ირანშიც არსებობს.

თეირანი
თეირანი

ვეტერინარი მოჰები ტელეფონით ესაუბრა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს და ძაღლების სეირნობის თემა შეადარა სატელიტურ ანტენებს: არაერთი კანონია პარლამენტის მიერ მიღებული, მაგრამ საზოგადოება მათ არ ცნობს და არ იცავსო, ეუბნება ჩვენს კოლეგებს ვეტერინარი.

სატელიტური ანტენების აკრძალვის მიუხედავად, მილიონობით ირანელი ახერხებს „ანტიისლამური“ და „მორალურად მავნე“ უცხოური ტელეარხების ყურებას. პერიოდულად ხდება სატელიტური ანტენების კონფისკაცია, მაგრამ ქუჩის თავში რომ ჯერ კიდევ მათი დემონტაჟი მიმდინარეობს, მეორე ბოლოში უკვე ახალს აყენებენ, - ესაა ირანის რეალობა. თეირანელი ვეტერინარის დასკვნით, სხვათა შორის, ამ პრობლემის საფუძველი აღმასრულებლებისა და ირანის ახალგაზრდა მოსახლეობის უმრავლესობის ასაკს შორის სხვაობა და მისი მოთხოვნილების არცოდნაა. ირანში, ვეტერინარის თანახმად, 700 ათასამდე ცხოველი ჰყავთ ბინებში, თევზიდან დაწყებული ვეფხვით დამთავრებული, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა არაა ცნობილი. დაბოლოს, 2014 წელს ირანელი კანონმდებლების ჯგუფმა განსახილველად წარადგინა კანონი,რომელიც საჯაროდ ძაღლის სეირნობის დასჯას ითხოვდა. დამრღვევებს 3500 დოლარის შესაბამის თანხას გადაახდევინებდნენ და 74 როზგიც არ ასცდებოდათ.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG