Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი პრემიერ-მინისტრთან ონლაინშეხვედრას ითხოვს


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აპირებს პროტესტი უკიდურესი ფორმით გამოხატოს, თუკი პრემიერ-მინიტრთან ონლაინშეხვედრას ვერ მოახერხებს.

მეარაყიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო, 4 წელია, იდევნება და დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის სურვილით, ფორმალურად ბრალდებულია სისხლის სამართლის 3 საქმეზე:

„4 წელია, არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეულ სასამართლო სხდომაზე მომიწია დასწრება და პროკურატურაში დაკითხვებზე. საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს, არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში“.

თამარ მეარაყიშვილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს. აქტივისტი წერს, რომ შეხვედრა სურდა სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა „ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა“ და ყოველ ჯერზე უარი მიიღო.

„ვთხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო, რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას“.

თამარ მეარაყიშვილმა, რომელსაც მიმოსვლის თავისუფლება შეზღუდული აქვს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მთავრობის წევრებთან ონლაინსაუბარი სურს. აქტივისტმა არ დააკონკრეტა, რა ფორმით აპირებს პროტესტის გამოხატვას. მან რადიო თავისუფლებას დეტალურად უამბო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ოლო 4 წლის განმავლობაში დაუგროვდა. უფლებების დარღვევის გარდა, თამარ მეარაყიშვილს, ორი წელია, შვილის ნახვის შესაძლებლობა არ ეძლევა. ის საქართველოს ხელისუფლებას თავისი მოქალაქის დაცვის ვალდებულებას შეახსენებს.

„ვითხოვ პრემიერ-მინისტრთან ონლაინ გასაუბრებას, იმიტომ რომ მე არ შემიძლია გადაადგილება და ველი, რომ მისი მხრიდან ეს დაკმაყოფილებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას ნამდვილად არ მივმართავ. უფრო მძიმე ფორმაზე ვფიქრობ. მართლა არის უკიდურესი ჩემი მდგომარეობა. მინდა ჩემს შვილს ჩავეხუტო, რომელიც, ორი წელია, არ მინახავს. მე ჩემს შვილთან ვარ იძულებით დაშორებული. არ მაქვს არც ქართული ხელფასი, არც პენსია და არც სოციალური დახმარება. ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არაფერი უფიქრია, რომ, თამარ, მინიმუმ შუქის გადასახადს რითი იხდი. მე არასდროს მიწუწუნია და არ მითხოვია დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მჭირდებოდა. მე ვახერხებდი, როცა თავისუფალი ვიყავი, მქონოდა ჩემი შემოსავალი და ხელისუფლება როცა ვერ ახერხებს ჩემ გათავისუფლებას, მაშინ უნდა იზრუნოს. მე მინდა დაველაპარაკო ხელისუფლების მაღალ პირებს. თუ პრემიერ-მინისტრს არ სცალია და არ აქვს 5 წუთი, მაშინ დამელაპარაკოს მინისტრი. მათ აკისრიათ ვალდებულება საერთაშორისო სამართლის წინაშე, რომ მოახერხონ ჩემი დაცვა და ვითხოვ დაიცვან ეს ვალდებულება“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წელს დაიწყო. თამარ მეარაყიშვილი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებაში დაადანაშაულეს.

თამარ მეარაყიშვილის შესახებ საუბრობენ ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებსა და ჟენევის დისკუსიაზეც. ბოლო შეხვედრის დროს, რომელიც 15 ივნისს გაიმართა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა, რომ მეარაყიშვილის და ახალგორელების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის პრეტენზიებს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან წერილობით უპასუხეს. თეა ახვლედიანის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში წერია:

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა იმყოფება, წარმოადგენს მიმდინარე ოკუპაციის შედეგს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს ამ მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში ინტენსიურ რეჟიმში აყენებს საკითხს მოსახლეობის საჭიროებებისა და არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული გამოწვევები განიხილება ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რათა ყველა ადგილობრივი მოსახლისთვის უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის როგორიც არის თავისუფალი გადაადგილება, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების და საქმიანობის უფლება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თამილა მეარაყიშვილს მომართვის საფუძველზე მიეწოდა ინფორმაცია ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სამოქალაქო აქტივისტი უბრალო ფორმალობად მიიჩნევს. მისი თქმით, 4 წელია, საქმე განცხადებების იქით არ წასულა და მისთვის უფრო მნიშვნელოვანი კონკრეტული დახმარება და შედეგია.

„ის, რომ სადღაც დღესაც ან ხვალაც ჟენევაში იტყვიან, რომ მეარაყიშვილს თავი დაანებეთ, ეგ ჩემთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს და არც მჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ფორმალობა, რომელსაც ხელისუფლება ისევ თავისი საქმიანობის შესაფასებლად იყენებს. 4 წელი რომ ამას მეუბნები, ამის იქით სხვა რაღაც უნდა გქონდეს, უკვე სხვა ეტაპი“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილის ისტორია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშებში არაერთხელ მოხვედრილა. ბოლო განცხადება ახალგორში დაწყებული წერტილოვანი ტერორის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გააკეთა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეიმუშაოს სპეციალური გეგმა, რომელიც ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების დასაცავად იქნება გამიზნული.

თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთკვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ მას ონლაინ გაესაუბრონ და მისი პრობლემები მოისმინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვას აპირებს.

XS
SM
MD
LG