„თუკი პატრიარქი მომიწოდებდა, მე შევძლებდი, რომ პირადი წყენა მეპატიებინა გეგეშიძისთვის... მაგრამ ჩემი მოთხოვნები პირადს სცდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა. ის ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, ითანამშრომლოს ჭიდაობის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან და პოსტიდან მის გადადგომას ითხოვს.
პატრიარქის ჩარევით ძიუდოისტების შერიგების შემდეგ, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, შერიგდებიან თუ არა მოჭიდავეებიც, რომელთა სპორტულ ოჯახშიც ბოლო პერიოდში დიდი განხეთქილება გამოვლინდა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძესა და ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შედეგად, გეგეშიძე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა ის მaლევე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ზურაბ დათუნაშვილი არ აპროტესტებს გეგა გეგეშიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ გეგეშიძეს ფედერაციის პრეზიდენტად მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გადადგომას არ აპირებს და აცხადებს, რომ წაგებით გაღიზიანებული სპორტსმენის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ უნდა ტოვებდეს.
დათუნაშვილის პრეტენზიები არა მასზე ძალადობის კონკრეტულ ფაქტს, არამედ ჭიდაობის ფედერაციის სისტემურ პრობლემებს უკავშირდება. ევროპის ჩემპიონი გმობს ფედერაციაში გაბატონებულ არასწორ მმართველობასა, უსამართლობასა და სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვას - გეგეშიძის პირადი დამოკიდებულებების მიხედვით.
ცოტა ხნის წინ ზურაბ დათუნაშვილის დაყოლიება ვერ შეძლო ფედერაციის სახელით მასთან მიგზავნილმა მღვდელმა, რომელიც, სპორტსმენის თქმით, მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს სთავაზობდა. ეს ყველაფერი ზურაბ დათუნაშვილმა საჯაროდ, პრესკონფერენციაზეც თქვა.
30 იანვარს კი დათუნაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი პრინციპული მოთხოვნები უცვლელად დარჩება შერიგების პროცესში საპატრიარქოს ჩარევის შემთხვევაშიც. „თუ ის (გეგეშიძე) დატოვებს პოსტს, პირად კონფლიქტს, რა თქმა უნდა, მოვერიდები“, - ამბობს დათუნაშვილი.