თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა.
პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სასამართლომ გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.