„ძიუდოისტები შერიგდნენ, ისინი პატრიარქმა დალოცა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა საქართველოს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ძიუდოისტები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ მისულები.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაპირისპირება აღარ იქნება, რადგან ეს იყო ყველას ნება, რომ პატრიარქს ისინი დაელოცა და შეერიგებინა. მთელი წელი მიმდინარეობდა სპორტსმენებს შორის დაპირისპირება, რაც ყველაზე ცუდი იყო“, - თქვა ხაბარელმა.
„გილოცავთ გამთლიანებას. გილოცავთ შერიგებას. უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი აერთიანებს და ეშმაკი გაჰყოფს. ამიტომ, არასდროს არ უნდა გაჰყვეთ ეშმაკს. აქედან გადახავალთ სიონში და ღვთისმშობლის პარაკლისს აღავლენთ გაერთიანებისთვის“, - უთხრა საპატრიარქოში მისულ ძიუდოისტებს ილია მეორემ.
ძიუდოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით კი ძიუდოს ოჯახი „პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაერთიანდა“.
ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება 2018 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრთა ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვა. შემოდგომაზე სკანდალი სპორტსმენებს შორის ხელჩართული ბრძოლით გაგრძელდა და ნაკრებში არსებული განხეთქილებაც გამოჩნდა.