ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში დახურულ კარს მიღმა წარიმართა. შეხვედრის მთავარი აქცენტი კი დაისვა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე, შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და იმ საგამოძიებო პროცესზე, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, დანაშაულიდან ათი თვის თავზე, კვლავაც მიკერძოებული და არაეფექტიანია.
როგორც ზაზა სარალიძე, ისე მისი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ყველა დეტალი, რომელიც პირველ დეკემბერს მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, მაქსიმალურად იქნას მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოებისათვის: „მე არ ვიცი, კონკრეტულად რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს ამ გამოძიებას დიპლომატების ჩართულობამ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესებს არ დატოვებენ უყურადღებოდ და აუცილებლად დაგვეხმარებიან. დღეს მე ვიცი, რომ ამ საქმეების განხილვა, ვგულისხმობ ხორავას ქუჩის საქმესა და თემირლამ მაჩალიკაშვილის საქმეს, ევროპაშიც მიმდინარეობს და ამერიკაშიც. მჯერა, რომ აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენ მსგავსი შეხვედრები, რაღაც სიტყვას მაინც წაგვაშველებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესის სამართლიანად დასრულებისთვის“, - უთხრა ზაზა სარალიძემ რადიო თავისუფლებას.
როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობამ საზოგადოებას დაანახვა, თუ როგორი სუბიექტურია სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციების დამოკიდებულება, ჩაატაროს სრულყოფილი, ეფექტიანი გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად.
ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მიმდინარე პროცესებს მისცეს პოლიტიკური მოტივი
ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც დღეს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებას და ამ საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხება, მათ შორის ქუჩის აქციებსა და საგამოძიებო კომისიის დასკვნას: „დღეს ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება მიმდინარე პროცესების გარშემო. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მიმდინარე პროცესებს მისცეს პოლიტიკური მოტივი და ჩვენი ძირითადი მიზნები გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი მიზნები, გეგმები, რაც მომავალში გვექნება და რაც უკავშირდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. ჩვენ აქტიურად ვამზადებთ დოკუმენტებს და ვფიქრობთ, რომ არ გვექნება არანაირი პრობლემა, რომ საერთაშორისო სასამართლოში ჩვენგან გაიგზავნოს დასაბუთებული აპლიკაცია“.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 4 ოქტომბერს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღებას ამახვილებს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შესრულდეს საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები და შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ დასკვნაში, რომელიც მიღებულია საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობით, წარმოდგენილია 32 რეკომენდაცია. კომისიამ რეკომენდაციები შეიმუშავა ხუთი მიმართულებით: პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან განსახორციელებელი ქმედებები; პროკურატურისა და შსს თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო; განათლების სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა; სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები.
ამჟამად, ხორავას ქუჩის საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებების დაცვა, მისი პროტესტი და მასშტაბური აქციები ხელისუფლებამ პოლიტიზირებულად შეაფასა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დაეძლია კრიზისი და მიმდინარე პროცესები უყურადღებოდ დატოვა, დღემდე არ დამდგარა შედეგი და არ მომხდარა არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელის იდენტიფიცირება.