Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ვერ შეთანხმდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის და მთავარი პროკურორის დაბარებაზე


საპარლამენტო უმცირესობამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა, პარლამენტში მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, რომლებმაც პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს “ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველი ორგანოა და როცა არსებობს ეჭვი კორუფციაზე სახელისუფლებო ეშელონებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა პარლამენტის შეკითხვებს უნდა უპასუხონ.

„ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტში გიორგი გახარიას და შალვა თადუმაძის მისვლას მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაც. "ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ნაცადი ხერხი და გაწელოს ეს საქმე, იმ მოტივით, რომ თითქოს ელოდებიან გამოძიებას და მოწმდება ხმების ავთენტურობა. ვნახეთ უკვე ეს სურათი არაერთხელ და დანაშაული არასდროს არ ყოფილა გამომჟღავნებული. არ მივცემთ საშუალებას, რომ ხელისუფლებამ ამ მეთოდით მიაჩუმათოს ეს საკითხი“ - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გიცირიძემ.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის და მთავარი პროკურორის დაბარებას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. „რაც შეეხება მტკიცებით ფორმატში საუბარს, ეს არ არის სწორი. მით უმეტეს, არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდოამრემ, ირაკლი კობახიძემ. მისი პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტი თავს არ არიდებს ვინმეს დაბარებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე გამოძიების დროს მოხდეს მინისტრების დაბარება. "ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რა ექვემდებარება ზედამხედველობას და როგორ. ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მიმდინარე გამოძიებაზე ნებისმიერ მომენტში, პირი, რომელიც უშუალოდ იძიებს საქმეს მოვიდეს და მიმდინარე საქმის გამოძიებაზე ტრიბუნიდან მოყვეს როგორ მიმდინარეობს გამოძიება, მე მგონი, ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს არის წარმოუდგენელი და არათუ პარლამენტის მანდატში არ შედის, პირიქით, ეწინააღმდეგება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაგებას. თქვენ დღეს რა საკითხიც დააყენეთ ეგ არ არის ზედამხედველობის განხორციელება, ეგ არის პოლიტიკური ჩარევა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში“ - უთხრა ოპოზიციის წარმომადგენლებს თამარ ჩუგოშვილმა. პირველი ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ გამოძიება პასუხს გასცემს საქმეს, რომლის მიმართაც დიდი ინტერესი არსებობს.

XS
SM
MD
LG