Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიცოდი, რომ ჩვენი აქტიურობა ასე არ ჩაივლიდა, თუმცა, არ მეგონა, რომ აგრესია ქალის სახეს მიიღებდა“ - ფოთელი ჟურნალისტი


ფოთელი ჟურნალისტი ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი ქულანავა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
ფოთელი ჟურნალისტი ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი ქულანავა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჟურნალისტმა ელისო ჯანაშიამ თითქმის ორი საათი გაატარა ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე. გამომძიებლებთან საუბრისას დაწვრილებით გაიხსენა 23 დეკემბერს, ფოთში, აღმაშენებლის 19 ნომერში თავდასხმის დეტალები. ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი ქულანავა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში თავად ელისო ჯანაშიამ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ჟურნალისტის ინფორმაციით, 23 დეკემბრის ღამესვე გამოჰკითხა პოლიციამ მასზე თავდამსხმელი ქალი.

ახლა ელისო ჯანაშია სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ელის. გამოძიებამ ჟურნალისტი ქუთაისში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უნდა გადაიყვანოს:

„თმის ბღუჯა მაქვს ამოგლეჯილი. სკალპი დღეს უფრო მტკივა, ვიდრე წუხელ. გარდა ამისა, რომ დავეცი, ეს ქალი მომვარდა და აგრძელებდა ჩემს ცემას. ექსპერტიზამ დაზიანებები უნდა შეისწავლოს.

პოლიციას ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე. აქვთ ვიდეოკადრებიც. ერთი შეხედვით, ყურადღებით გამომკითხეს, თუმცა, რა იქნება მერე და რისი იმედი უნდა მქონდეს, არ ვიცი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

ელისო ჯანაშია წლებია ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, ფოთელ აქტივისტებთან ერთად ყველა იმ ღონისძიებასა და თუ საპროტესტო საქმიანობაშია ჩართული, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას, ახალგაზრდების განვითარებასა თუ არაფორმალურ განათლებას ეხება.

რამდენიმე წლის წინ სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით დააფუძნა მან ფოთში სოციალური კაფე „ლიმენა“, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდებისთვის იმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება, დისკუსიები, დოკუმენტური ფილმების ჩვენებები.

მათ შორის, ერთ-ერთი ბოლო დოკუმენტური ფილმი, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ კაფე „ლიმენაში“ 29 ნოემბერს აჩვენეს.

სწორედ წინა საღამოს გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. მის ამ განცხადებას იმავე საღამოს მოჰყვა პროტესტი ქვეყნის მასშტაბით და ის უკვე 27-ე დღეა გრძელდება.

ფილმი, რომელიც 29 ნოემბერს აჩვენეს „ლიმენაში“, რუსეთში, ბოლო წლებში პუტინის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რეპრესიული კანონების შესახებ ჰყვება. მასში მოთხრობილია იმ აქტივისტებისა და ჟურნალისტების ამბები, რომლებიც პუტინის რეპრესიული კანონების პირობებში მუშაობის გაგრძელებას ცდილობენ.

ელისო ჯანაშია ამბობს, რომ 23 დეკემბრის საღამოს სწორედ „ლიმენა“ და მისი თანამშრომლები იქცნენ აგრესიის სამიზნედ.

ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დაახლოებით 7 საათისთვის, როდესაც სოციალური კაფეს თანამშრომლები, აქტივისტები და ახალგაზრდები მომდევნო აქციებისთვის, მათ შორის, 28 დეკემბერს დაგეგმილი „ერთიანობის ჯაჭვისთვის“ ემზადებოდნენ, კაფესთან ორი ქალი გამოჩნდა.

„კარგი დღე იყო თითქოს, მშვიდად ვიყავით ყველანი, კარგი განწყობით, მომავალი აქციებისთვის, ჯაჭვისთვის ვემზადებოდით, პოსტერებს ვხატავდით.

ამ ქალს უკვე მომზადებული ჰქონდა ტექსტი. ყვიროდა, რომ ეს არის გარყვნილების ბუდე, რომ აქ მიდის გეი-პროპაგანდა, რატომ გვინდა ევროპა, როცა რუსეთი გვაჭმევს და გვაცმევს.

თავდაპირველად ახალგაზრდებს, ჩვენს მოხალისეებს დაუწყო ყვირილი. ამ ხმაურზე გავედი და ტელეფონი ჩავრთე, რაზეც კიდევ უფრო გაღიზიანდა და შემდეგ უკვე ფიზიკურად გამისწორდა. წავიქეცი, მეცა და თმის ბღუჯა ამომგლიჯა“.

როგორც ელისო ჯანაშია ჰყვება, ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, 22 დეკემბერს, ფოთელ აქტივისტებს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დაუპირისპირდნენ ფოთის საკრებულოს თანამშრომლები და ღონისძიებაზე მისული სხვა პირები.

იმ საღამოს აქტივისტები ფოთის ცენტრში ნაძვის ხის ღონისძიების გასაპროტესტებლად გავიდნენ:

„გამოვხატეთ პროტესტი, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ფოთში დაიგეგმა კონცერტი, რომელზეც ათობით ათასი ლარი დაიხარჯა.

რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის, მოხდა შელაპარაკება საკრებულოს წარმომადგენელსა და ჩვენს აქტივისტს შორის. გვაგინეს, ერთ-ერთ აქტივისტს ხელითაც შეეხნენ, პოლიციაც გამოვიძახეთ.

ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლიდა, მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს აგრესია ქალის სახეს მიიღებდა და ასე დაგვიპირისპირდებოდა“, - ჰყვება ელისო ჯანაშია, რომლის თქმითაც, აგრესია მისი და სხვა აქტივისტების მიმართ განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე აქტიურად დაიწყეს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსვლები, საპროტესტო აქციები.

აქტივისტი და ჟურნალისტი ამბობს, რომ გასულ ზაფხულს, პრორუსული და ჰომოფობიური პარტიის „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა კაფე „ლიმენას“ კედელზე გაკრული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს: „მაშინ პოლიციაში აღარ წავედი, რადგან ვიფიქრე, რომ აზრიც არ ჰქონდა“.

ელისო ჯანაშია რადიო თავისუფლებას იმასაც ეუბნება, რომ ფოთში საჯარო მოხელეებსა და მათთან დაახლოებულ პირებს ეკრძალებათ სოციალურ კაფეში შესვლა:

„დაბადების დღე უნდა გადაეხადა ერთ-ერთ თანამოქალაქეს. თუმცა, რამდენიმე სტუმარმა უარი უთხრა ჩვენს კაფეში მოსვლაზე და ბოდიში მოგვიხადა, გააუქმა ჯავშანი.

არადა, ეს სივრცე თავისუფლების კუნძულია ფოთში, სადაც შესაძლებელია პროგრესულად, საღად მოაზროვნე ადამიანების თავშეყრა. თავშესაფარია იმ ახალგაზრდებისთვის, ადამიანებისთვის, ვისთვისაც ევროკავშირი, ევროპისკენ მიმავალ გზაზე სიარული მნიშვნელოვანი და ერთადერთი გზაა.

როგორც ჩანს, თევზის ფხასავით აქვთ გაჩხერილი ეს სივრცე და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, ყოველდღე იმართება ფოთში საპროტესტო მსვლელობები და აქციები, ჩვენი დასჯა ამ გზით გადაწყვიტეს“.

ელისო ჯანაშია გვეუბნება, რომ 23 დეკემბერს, შემთხვევის ადგილზე პოლიციის სამი ეკიპაჟი მივიდა. მას დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევაც:

„პოლიცია რომ მოვიდა, ეს ქალი, ვითომც არაფერი, იცინოდა. ეს არის დაუსჯელობის განცდით განპირობებული საქციელი. დაუწყო პოლიციას ლაპარაკი შინაურულად.

მე რომ ასე დავსხმოდი თავს მოქალაქეს და ასე მეძალადა, ახლა ბორკილები მედებოდა-მეთქი, ვუთხარი პოლიციას, მაგრამ მითხრეს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არ ინერვიულოთო“.

ჟურნალისტი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქალი, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და აქტივისტია:

„ეს გახლავთ ნინელი ქულანავა. აქამდე არ ვიცნობდი, თუმცა, ვიცი, რომ ისიც და მისი ქმარიც „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან“.

ელისო ჯანაშიაზე თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ანიტა ჯოჯუამ, ის ფოთის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა.

როგორც ანიტა ჯოჯუა წერს, ქალი, რომელიც ელისო ჯანაშიას ფიზიკურად გაუსწორდა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს, „ქართულ ოცნებას“ უბნის გარე პერიმეტრზე ჰყავდა მიმაგრებული:

„სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა და შემდეგ უკვე განარიდეს. ევროპა და ბაიდენი არ მოსწონს. დღეს ზუსტად ეგ ქალბატონი მიუვარდა სოციალურ სივრცე ლიმენას ფოთში“.

ანიტა ჯოჯუა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს თან ურთავს ვიდეოსაც, სადაც ჩანს შავ ქურთუკში ჩაცმული ქალი, რომელიც ვიდეოს ავტორს მიმართავს: „ბაიდენის მონები ხართ. მონები, მონები. წადით და შეეტენეთ ტრ*კში“.

ელისო ჯანაშიასა და სოციალურ კაფე „ლიმენას“ მხარდაჭერა გამოუცხადა კახეთში, წნორში მდებარე სოციალურმა სივრცემ „ცოდნის კაფემ“. მათი ორგანიზებით, 25 დეკემბერს ფოთში სოლიდარობის აქცია დაიგეგმა.

თანამოაზრეებთან ერთად ფოთში მიდის „ცოდნის კაფეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილი. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ელისო ჯანაშიაზე თავდასხმა მისთვის გზავნილია, როგორც პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებზე ანგარიშსწორების მცდელობა:

ნანა ბაგალიშვილი, "ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი
ნანა ბაგალიშვილი, "ცოდნის კაფეს" თანადამფუძნებელი

„ძალიან კარგად მესმის ელისოს ახლანდელი მდგომარეობა. მართალია, პირადად მე ფიზიკური თავდასხმის სამიზნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგე, მეგონა, მე გადამხდა თავს. ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ, მართალია ელისო იქით, დასავლეთის უკიდურეს მხარეს და ჩვენ, აღმოსავლეთის მეორე უკიდურეს მხარეს, მაგრამ შინაარსობრივად, „ლიმენაც“ კი ნაწილობრივ „ცოდნის კაფეს“ ინსპირაციით შეიქმნა.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ პატარა ქალაქებსა და სოფლებში უფრო ადვილია სამიზნის ამორჩევა. ხანდახან მარტოობის განცდაც უფრო მძაფრია, განსაკუთრებით, ასეთი მოვლენების ფონზე. მგონია, რომ ელისომ თავაწეულმა უნდა იაროს, რადგან ჩემთვის ეს ყველაფერი სიმბოლოა იმისა, თუ, ერთი მხრივ, როგორ იბრძვის ელისო ქვეყნისთვის ამ მძიმე დროს ფოთელებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და, მეორე მხრივ, ის თავდამსხმელი ქალი წარმოადგენს მთელი რეჟიმის სახეს“, - ეუბნება ნანა ბაგალიშვილი რადიო თავისუფლებას.

მიუხედავად მცდელობისა, რადიო თავისუფლებამ ნინელი ქულანავასთან გასაუბრება ვერ შეძლო. მან ჩვენს ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG