დღეს, 16 თებერვალს, 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობიდან ხუთი წლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო პროცესზე გამოცხადდა განაჩენი, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: მან ისევ არ დაადგინა ამ მკვლელობის მოტივად რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა, რასაც პროკურატურა და ვიტალის ოჯახის ადვოკატი მოითხოვდნენ, ხოლო მისი მკვლელობისთვის მსჯავრდებულები - ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე 15-15-წლიან პატიმრობაში დატოვა. შემდეგი ეტაპი - უზენაესი სასამართლოა.
ამ წლების განმავლობაში, თითქმის ყველა პროცესს ესწრებოდა ვიტალი საფაროვის დედა, მარინა ალანაკიანი. 17 თებერვლის სხდომის დასრულების შემდეგ მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყოველი სხდომა მისთვის გულში დანის დარტყმის ტოლფასი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მისი შიში არ გამართლდა, მსჯავრდებულებს ბრალი არ შეუმსუბუქდათ და ორივე მისჯილი ვადით ციხეში რჩება, მარინა ალანაკიანს მაინც არა აქვს ოფიციალური პასუხი სახელმწიფოსგან, რატომ მოკლეს მისი შვილი.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ სასამართლოს დაედგინა ის მოტივი, რის საფუძველზეც ის მოგვიკლეს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სიძულვილის გამო, შეუწყნარებლობის გამო, განსხვავებული ეროვნების და აზრის გამო მოხდა. სასამართლოს ამის თქმა არ სურს ღიად და ალბათ, არც სახელმწიფოს აწყობს იმის დამტკიცება, რომ საქართველოში, სიძულვილის, განსხვავებული ეროვნების და აზრის გამო შეიძლება ადამიანი მოკლან კიდეც“, - გვითხრა მარინა ალანაკიანმა.
საფაროვის ოჯახის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილიც შენიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომაც აარიდა თავი იმის აღიარებას, რომ ვიტალი საფაროვი სწორედ ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც 2018 წლის სექტემბრის ბოლოს მომხდარ ჩხუბში ვიტალი ვერ გადარჩა, მისი ებრაელობა იყო:
„ნამდვილად არასწორია პრაქტიკა, რომ ასეთი ტიპის დანაშაულების იდენტიფიცირება არ უნდა მოხდეს. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ნამდვილად იძლეოდა იმის თქმის საფუძველს, რომ ეს იყო სწორედ ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა. ჩხუბობდა რამდენიმე ადამიანი, ყველა იყო ქართველი და მოკლეს მხოლოდ ვიტალი, მას მერე, რაც მან თქვა, რომ ებრაელი იყო“.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე, თავის მხრივ, მსჯავრდებულების ადვოკატებიც მოითხოვდნენ, რომ მკვლელობის ბრალდებას მოხსნოდა ჯგუფურად ჩადენის ფაქტორი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არც მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ერთ-ერთი მსჯავრდებული, გიორგი სოხაძე კი დღემდე ირწმუნება, რომ მას ვიტალი არ მოუკლავს და ერთადერთი, რაზეც მართლმსაჯულება შეიძლება ედავოს, დანაშაულის შეუტყობინებლობაა.
25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი, რომელიც „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი იყო, 2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, დიუმას ქუჩაზე მდებარე ბარ „ვარშავასთან“ მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს.
2019 წლის 27 ივნისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ დაადგინა, რომ ავთანდილ კანდელაკიშვილმა და გიორგი სოხაძემ ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად (სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით)
სასამართლომ ბრალდებიდან ამორიცხა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტი - ყველაზე სადავო - ბრალდებულთა დაცვისთვის და ყველაზე პრინციპული ვიტალის ოჯახის და სახელმწიფო ბრალდებისათვის - მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
საქმე ახლა უზენაეს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. საფაროვის ოჯახის ადვოკატს, ეკა ქობესაშვილს იმედი აქვს, რომ სამართალს საქართველოში იპოვიან და არ მოუწევთ ამ საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღება.