კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად 15 იანვარს დასრულდება, თუმცა ადგილობრივი მიმომხილველების მიხედვით, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ხუთ კანდიდატს შორის:
- ბადრა გუნბა, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
- ადგურ არძინბა, დე ფაქტო ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი
- ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში
- რობერტ არშბა, აფხაზეთის დე ფაქტო კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი
- ადგურ ხურხუმალი, კომერციულ ბანკ „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „აიდგილარას“ ხელმძღვანელმა, კან კვარჩიამ და სახალხო პარტიის ლიდერმა შამილ აძინბამ. კან კვარჩიას თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. კვარჩია 2024 წლის 19 დეკემბერს პარლამენტის შენობაში დაჭრა კოლეგა-დეპუტატმა ადგურ ხარაზიამ.
დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია 6 იანვარს დაიწყო და ათ დღეში დასრულდება.
ბადრა გუნბა
ბადრა გუნბა 2020 წელს არჩეული დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. დაიბადა 1981 წელს სოხუმში, სოხუმშივე დაამთავრა საშუალო სკოლა. ასაკის გამო მონაწილეობა არ მიუღია 1992-93 წლების ომში.
განათლება: უმაღლესი ეკონომიკური განათლება მიიღო რუსეთში - სარატოვის ვავილოვის სახელობის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში. სპეციალობა - ბუღალტერია და აუდიტი.
კარიერა დაიწყო სარატოვის ადმინისტრაციის ფინანსურ განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2004-2006 წლებში. 2007 წელს გუნბამ დაიცვა დისერტაცია და მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ მალე გახდა სამთავრობო სტრუქტურების ნაწილი. თავდაპირველად მუშაობდა ე.წ. მინისტრთა კაბინეტში იურიდიულ მრჩევლად, შემდეგ - კულტურის მინისტრის მოადგილედ. 2011 წლიდან 2019 წლამდე ბადრა გუმბა იყო დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრი.
2020 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა „აიტაირამ“ (რომელიც ალექსანდრ ანქვაბის მიერაა დაფუძნებული) და „ამცახარამ“ გუნბას შესთავაზეს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და ასლან ბჟანიასთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ასლან ბჟანიას გადადგომამდე ბადრა გუნბა იყო დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი.
ბადრა გუნბა მხარს უჭერდა ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღებასა და რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებას, რის გამოც ასლან ბჟანიასა და პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს თანამდებობების დატოვება მოუწიათ.
„ახლა გუნბა არის იმ რუსული ბიზნესჯგუფების მთავარი გარანტი, რომლებიც აფხაზეთის ათვისებით არიან დაკავებული. ამასთან ერთად, თავად ბადრა გუნბას აქვს აფხაზეთში საკუთარი აქტივები, რომლებსაც ასევე სჭირდება დაცვა. დამოუკიდებელი წყაროების მიხედვით, გუნბა კრიპტოფერმების ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელია: თანამდებობის გამოყენებით, მწვავე ენერგეტიკული კრიზისის დროს იგი პირადად არწმუნებდა დეპუტატებს, არ დაეჭირათ მხარი ენერგოკრიზისის გამომწვევი მაინინგის ამკრძალავი კანონისათვის. ის ასევე იღებდა შეღავათიან რუსულ სესხებს, რომლებიც განკუთვნილი იყო აფხაზი მეწარმეებისთვის“, - წერს აფხაზი პოლიტოლოგი იზიდა ჭანია, რომლის თქმით, ბადრა გუნბა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ეყრდნობა ჩინოვნიკებისა და სომეხი ელექტორატის მხარდაჭერას.
„კიდევ ერთი სერიოზული სეგმენტი კორუმპირებული ჩინოვნიკების „კლუბია“, რაც ასევე მნიშვნელოვანი ელექტორალური რესურსია. ასე რომ, ანქვაბ-ბჟანიას გუნდს ბადრა გუნბას სახით ძალაუფლების აღდგენის საკმაოდ რეალური შანსი აქვს“, - ამბობს იზიდა ჭანია.
15 იანვრის ანუ ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ ბადრა გუნბას მოუწევს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომა. დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ამ პოსტს ე.წ. პრემიერ-მინისტრი დაიკავებს.
ადგურ არძინბა
ადგურ არძინბა ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი, დე ფაქტო ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ექსპრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მთავრობის ვიცე-პრემიერია. ადგურ არძინბა მონაწილეობდა 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ხმების 35% მიიღო. არჩევნების შემდეგ შექმნა სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, რომელიც მხარს უჭერდა მთავრობასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, სთავაზობდა მას რეფორმების გატარებასა და საგზაო რუკის შედგენას ენერგეტიკის სექტორის აღსადგენად. ადგურ არძინბა მწვავედ აკრიტიკებდა ასლან ბჟანიას მთავრობის შედეგ ინიციატივებს:
- ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღება
- ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურისთვის გადაცემა
- ენერგოსისტემის პრივატიზაცია
- რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება
- დენის ტარიფის გაზრდა
„ადგურ არძინბა თავის გამოსვლებში ხაზს უსვამს ამჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ქვეყნის დაშლაში. მოითხოვს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას კორუფციაში ჩართული სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ. სამი წელია სასამართლოში უჩივის პროკურატურას, რომელიც აჭიანურებს „აჩიგვარის“ მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობის დროს სახელმწიფო ქონების დატაცების გამოძიებას“, - ამბობს პოლიტოლოგი იზიდა ჭანია.
ადგურ არძინბა გუდაუთიდანაა, დაიბადა 1981 წელს. ასაკის გამო, მონაწილეობა არ მიუღია 1992-93 წლების ომში. დამთავრებული აქვს ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობით. 2009 წელს არძინბამ დაიცვა დისერტაცია და მიიღო ეკონომიკის დოქტორის ხარისხი, რის შემდეგაც ის დაბრუნდა სამშობლოში, სადაც დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში.
2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისას მისი საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა ეკონომიკის მოდერნიზებას, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებასა და კორუფციასთან ბრძოლას.
არჩევნებში წაგების შემდეგ არძინბა გახდა აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც დააარსა აფხაზეთის სახალხო მოძრაობა. ის აქტიურად აკრიტიკებდა ასლან ბჟანიას მთავრობას საშინაო პოლიტიკის არაეფექტიანობისა და კორუფციის გამო.
ადგურ არძინბა ასოცირდება აფხაზეთის პირველი ლიდერის, ვლადისლავ არძინბას გუნდთან. ადგილობრივი მიმომხილველების თქმით, ვლ. არძინბა დღეს ალბათ ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ფიგურაა აფხაზეთში. შესაბამისად, მისი მემკვიდრეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვან წონას ანიჭებს ადგურ არძინბას პოლიტიკურ კარიერას.
ადგურ არძინბას ბჟანიას პოლიტიკაში განსაკუთრებით სახიფათოდ მიაჩნია აპარტამენტების შესახებ კანონი და რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმება. არძინბას თქმით, ამ კანონებით იხეირებენ მხოლოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის რუსული პასპორტების მფლობელი ქართველი ოლიგარქები: „უნდა ითქვას, რომ ვაცნობიერებთ ქართული ოლიგარქიის ჩვენს ქვეყანაში შემოღწევის საფრთხეს იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ბჟანიამ ფარულად ჩამოიყვანა რამდენიმე ქართველი დეპუტატი აფხაზეთში და, ჩვენი ინფორმაციით, აქტიურად ურთიერთობდა რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან“.
ოლეგ ბარციცი
ოლეგ ბარციცი პოზიციონირებს როგორც „მესამე ძალა“, დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც ღიმილს იწვევს ადგილობრივ მიმომხილველებში. ოლეგ ბარციცი ასევე არ არის 1992-93 წლების ომის მონაწილე, რის გამოც მას გამუდმებით უწევს თავის მართლება.
ოლეგ ბარციცი დაიბადა 1967 წელს გუდაუთაში. 1985 წელს ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1996 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკადემია. 2002 წელს გახდა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს სამრეწველო განვითარების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 2005 წელს ბარციცმა მუშაობა დაიწყო რუსეთში აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. 2010 წლიდან რუსეთში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენელია.
ოლეგ ბარციცის ბიოგრაფიას აკლია აფხაზი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია - მისი მონაწილეობა 1992-1993 წლების ომში. ამ მნიშვნელოვანი ხარვეზის ახსნა მან 2019 წელს აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში სცადა:
„1992 წლის 14 აგვისტოს, როცა აფხაზეთში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, გადავედი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მეხუთე კურსზე, ამიტომ ვიმყოფებოდი მოსკოვში. 16 აგვისტოს, სხვა აფხაზ სტუდენტებთან ერთად, დავტოვეთ მოსკოვი, გავემართეთ ჩრდილოეთ კავკასიაში და მოვიარეთ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჩერკესკი და ნალჩიკი. აი, გროზნოში კი, ბოლოს და ბოლოს მოვახერხეთ ყველაფერ იმის მიღება, რაც გვჭირდებოდა. შემდეგ ჩეჩენი და ყაბარდოელი მოხალისეების ჯგუფთან ერთად, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და უღელტეხილის გავლით, გადავლახეთ კავკასიონის ქედი და ჩამოვედით აფხაზეთში, თუმცა მალევე, ჩემი ქრონიკული დაავადების გამწვავების გამო, მოსკოვში დამაბრუნეს სამკურნალოდ“.
ოლეგ ბარციცი წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში და, შესაბამისად, არ მონაწილეობდა აფხაზეთის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, თავის პოზიციას აფიქსირებდა უკიდურესად იშვიათად და ისიც მხოლოდ პროპაგანდისტული Sputnik-ის მეშვეობით. ბარციცი დაჟინებით იჩემებს ნეიტრალურობას, მაგრამ ბევრს ახსოვს, რომ 2019 წელს არჩევნებში ის მონაწილეობდა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის სტატუსით ალექსანდრ ანქვაბის პროტეჟე ოლეგ არშბასთან ერთად. მაშინ არშბა-ბარციცის ტანდემმა ხმების 20%-ზე მეტი მიიღო. 2025 წლის 15 თებერვლის არჩევნებზე ბარციცი თავისი გაურკვეველი არასამხედრო წარსულის შენიღბვას ცდილობს ომის ვეტერან ადგურ კაკობათი, რომელიც მან თავის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად შეარჩია.
„ამ გუნდს აქვს შანსი, არა მხოლოდ ოპოზიციის კანდიდატს წაართვას ხმები, არამედ მეორე ტურშიც გავიდეს. თუმცა, დიდი ალბათობით, ოლეგ ბარციცი მოქმედებს როგორც დუბლიორი იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ოფიციალური კანდიდატი, ბადრა გუნბა ჩავარდება. არც ისაა გამორიცხული, რომ ბარციცმა უკან მოიტოვოს გუნბა“, - ამბობს პოლიტოლოგი იზიდა ჭანია.
მიმომხილველების თქმით, ფორმულირებას, რომელსაც ოლეგ ბარციცი იყენებს სადავო კანონპროექტებთან დაკავშირებით, ძნელად შეიძლება ეწოდოს მკაცრი. ბარციცი არ ითხოვს ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტის და საინვესტიციო შეთანხმების გაწვევას პარლამენტიდან, როგორც ამას აფხაზური ოპოზიცია აკეთებს. ბარციცი გადახედვის მომხრეა. ის გამუდმებით უსვამს ხაზს იმას, რომ რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი და სანდო პარტნიორია, რომელიც პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს.
„რეცეპტი მარტივია: არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები, სტრატეგიული მეგობრები და ძმები - რუსეთის ფედერაცია. გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ არსებულ პრობლემებზე, წინასწარ განვიხილოთ შეთავაზებები და მკაფიოდ გავაფრთხილოთ იმ ხაზებზე, რომელთა გადაკვეთაც არ შეგვიძლია“, - ოლეგ ბარციცი.
ოლეგ ბარციცი რუსეთთან სტრატეგიული კავშირისა და პარტნიორობის გაღრმავების მხარდამჭერია. მეტიც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია აფხაზეთის „აქტიური სვლა“ საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებისკენ.
რობერტ არშბა
რობერტ არშბა დაიბადა ტყვარჩელში. ომის ვეტერანია. იყო დე ფაქტო რესპუბლიკის შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრი, ხელმძღვანელობდა კონტროლის პალატას.
არშბა დაიბადა 1974 წელს ქალაქ ტყვარჩელში. სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბუღალტერიისა და აუდიტის სპეციალობა); მონაწილეობდა 1992-1993 წწ. ომში.
რობერტ არშბამ კარიერა 1995 წელს დაიწყო გულრიფშის რაიონში წამყვანი საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობაზე. შემდეგ მუშაობდა აფხაზეთის ფინანსურ და სამთავრობო სტრუქტურებში - ფინანსთა სამინისტროს კონტროლისა და აუდიტის დეპარტამენტის სპეციალისტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემდე.
2011 წელს დაინიშნა შრომისა და სოციალური განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო 2013 წელს, ალექსანდრ ანქვაბის ინიციატივით, აფხაზეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარედ.
რობერტ არშბა, ისევე როგორც ოლეგ ბარციცი, აქტიურად არ მონაწილეობდა აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ისიც წარმოადგენს დიდ, მრავალრიცხოვან გვარს. როგორც ადგილობრივი ანალიტიკოსები ამბობენ, რობერტ არშბას საარჩევნო კამპანიას, სავარაუდოდ, აფინანსებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და „ერთიანი რუსეთის“ პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ არშბა, რომელსაც თავისი აქტივების ნაწილი საქართველოშიც აქვს. აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოთარ არშბა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ახძ-აფშას“ („ღირსებისა და დიდების“) ორდენით დააჯილდოვა.
„ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ ის პროსახელისუფლებო დუბლიორია, რომლის ამოცანა ოპოზიციისთვის ხმების წართმევაა“, - მიაჩნია პოლიტოლოგ იზიდა ჭანიას.
ადგურ ხურხუმალი
ადგურ ხურხუმალი დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი კანდიდატია. ოფიციალური წარდგენის მიუხედავად, მის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია, რაც, ექსპერტების თქმით, ამომრჩევლებში უამრავ კითხვას აჩენს. მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში განიხილება, ასე ჟღერს: „მაინც ვინ არის ხურხუმალი?“
სოციალური ქსელები და მედია აქტიურად ეძებენ ნებისმიერ ინფორმაციას მისი პიროვნების, შეხედულებებისა და საარჩევნო პროგრამის შესახებ. ბევრ კითხვას აჩენს ელემენტარული მონაცემების - ფოტოების, ბიოგრაფიული დეტალების ნაკლებობა.
ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ ადგურ ხურხუმალს კომერციული ბანკის „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის პოსტი უკავია. აფხაზურ სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ ბანკის კავშირების შესახებ საეჭვო ფინანსურ სქემებთან.
როგორც ადგილობრივი მიმომხილველები ამბობენ, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო რბოლის აშკარა ფავორიტები ჯერ არ გამოკვეთილან, თუმცა შესაძლებელია, ახალმა სახელებმაც კი მნიშვნელოვნად იმოქმედონ გამოცდილ კანდიდატებს შორის ხმების განაწილებაზე.
ფორუმი