ძლიერი ქარის დროს ფეისბუკში შექმნილ გვერდებზე საფრთხის შესახებ წერდნენ ბათუმის სხვადასხვა უბნიდან მრავალსართულიან ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები. ისინი აქვეყნებდნენ ფოტო-ვიდეომასალას, წერდნენ შეტყობინებებს იმის შესახებ, თუ როგორ ირხეოდა და ზიანდებოდა შენობების ფანჯრები და კედლები, როგორ იშლებოდა შენობის ჭერი, აგრეთვე როგორ ცვიოდა სამშენებლო მასალები მეზობელი კორპუსებიდან. აქვე იმასაც წერდნენ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსები არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული.
მას შემდეგ კი, რაც ქარი ჩადგა, ბათუმში ისევ გააქტიურდა მშენებლობების უსაფრთხოების საკითხი, განსაკუთრებით მრავალსართულიანი სახლების, რომელთა ექსპლუატაციაში მიღება ამ დრომდე არ მომხდარა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეთ კორპუსებში მოქალაქეები უკვე ცხოვრობენ. ბათუმის მერიის საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ირაკლი მოქია ამბობს, რომ ბოლო ორ წელიწადში თვითმმართველობამ 50-მდე შენობა ჩაიბარა, ხოლო რამდენია იმ კორპუსების რიცხვი, რომელთა ხარისხი არ შეუმოწმებიათ, მისთვის უცნობია.
„რამდენი არ არის ჩაბარებული, ამის აღრიცხვა მერიას არ უწარმოებია, იმიტომ რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, და ვინაიდან დამკვეთი არის პასუხისმგებელი თავისი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მერია ამ შემთხვევაში არ და ვერ აღწერდა სახლებს. დამკვეთი არის სრულად პასუხისმგებელი როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე, ასევე მშენებლობის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვაზე“ - აცხადებს ირაკლი მოქია.
მშენებლობის დამკვეთი კომპანია ან პირი დროით შეზღუდული არ არის. ბათუმის მერიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ სამშენებლო კომპანიებს პროექტის დასრულებისა და სახელმწიფოსთვის ჩაბარების გადავადება განუზომელი ვადით შეუძლიათ. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური შენობის ექპლუატაციაში მისაღებად ამოწმებს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელზეც თავად გასცა ნებართვა. რაც შეეხება მშენებლობის ხარისხსა და უსაფრთხოებას, ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აკისრია მენაშენეს.
2017 წელს სამშენებლო უსაფრთხოების მოთხოვნები გამკაცრდა და ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი. იგი არეგულირებს შენობების უსაფრთხოებას. ახალ წესებს დადებითად აფასებს არქიტექტორი გიორგი რამიშვილი, თუმცა პრობლემას აღსრულებაში ხედავს.
სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე. სწორედ ამის შესაბამისად უნდა ახდენდეს წესებისა და ლიბერალური კანონმდებლობის დამკვიდრებასა და აღსრულებას. სახელმწიფო არის წამყვანი რგოლი, თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა ბიზნესსაც უნდა გააჩნდეს.ნათია აფხაზავა
„არ არსებობს სამსახურები და სტრუქტურები, რომელსაც კანონმდებლობა ითხოვს. არ არის განსაზღვრული ის ორგანო მერიაში, რომელსაც შეუძლია ეს მოთხოვნილი პარამეტრები ბოლომდე შეამოწმოს. რაღაც პარამეტრებს ამოწმებს ტექნიკური ზედამხედველობის სხვადასხვა სახის სამსახურები - მაგალითად, სახანძრო სამსახურიდან და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციიდან, მაგრამ ეს ეხება რაღაც ფრაგმენტებს - მაგალითად, ლიფტს ან გარკვეულ ტვირთამწეობას, ან გარკვეულ მექანიკურ მოწყობილობებს და ა.შ., მაგრამ ეს არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი რამიშვილმა.
კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული თვითმმართველობის როლი და არ არის გამიჯნული ცენტრალური ხელისუფლების დანიშნულება - მიიჩნევს ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ იურისტი ნათია აფხაზავა. ის პასუხისმგებლობას აკისრებს ბიზნესსექტორსაც და ფიქრობს, რომ სამშენებლო კომპანიები დაინტერესებული უნდა იყვნენ მაღალი ხარისხით და უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. თუმცა, ნათია აფხაზავას თქმით, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება:
„სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე. სწორედ ამის შესაბამისად უნდა ახდენდეს წესებისა და ლიბერალური კანონმდებლობის დამკვიდრებასა და აღსრულებას. სახელმწიფო არის წამყვანი რგოლი, თუმცა თავისი წილი პასუხისმგებლობა ბიზნესსაც უნდა გააჩნდეს, იმიტომ რომ სახელმწიფო დამოუკიდებლად კი არ არსებობს, თავისთვის, არამედ მისი პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობს სწორედ ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა ორგანიზაციების ერთობა. მაგრამ რეგულირების უფლებამოსილება პირდაპირ სახელმწიფოს აქვს და ამ შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო სტანდარტების დაწესება, ზედამხედველობა პირდაპირ სახელმწიფოს კომპეტენციაა“ - ამბობს ნათია აფხაზავა.
ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა 16 იანვარს ბათუმში ძლიერი ქარის დროს 4 მოქალაქის დაშავებასა და 13 ავტომობილის დაზიანებაზე? შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 124-ე მუხლებით, რაც სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევასა და გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 188-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ავტომობილების დაზიანების ფაქტებზე, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ორ მოქალაქეს და დაზიანებულ ავტომობილებს ქარის დროს კორპუსებიდან გადმოცვენილი მასალები დაეცა, ორი მოქალაქე კი სახლის დაზიანებული სახურავის შეკეთებისას გადმოვარდა.
ძლიერი ქარის დროს სამშენებლო მასალის გადმოცვენის საფრთხის გამო, საპატრულო პოლიცია დროებით კეტავდა ბათუმის ქუჩებს, სადაც მშენებლობა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ჯავახიშვილის ქუჩის გადაკეტილ მონაკვეთზე საფრთხეს ქმნიდა ოთხსართულიან სახლზე დაშენება, ჭავჭავაძის ქუჩაზე კი პოლიციამ იმ ნაწილში შეზღუდა მოძრაობა, სადაც საფრთხის შემცველი იყო 9-სართულიან სახლზე არსებული დაშენების გადახურვა. 4 იანვარს, ძლიერი ქარის დროს, სწორედ ამ შენობიდან ჩამოვარდნილი სახურავის ნაწილმა იმსხვერპლა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე.