Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ჰეზბოლას ლიდერი ჰაშიმ საფიედინი?


ჰაშემ საფიედინი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბეირუთი, 2022 წელი
ჰაშემ საფიედინი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბეირუთი, 2022 წელი

ჰაშემ საფიედინი ისრაელის მიერ მოკლული ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ბიძაშვილი და პოტენციური მემკვიდრეა.

საფიედინი ჰეზბოლას მაღალი რანგის ფიგურაა. ჰეზბოლა შეიარაღებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაშემ საფიედინი 3 ოქტომბერს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმების სამიზნე გახდა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, მოკლეს თუ არა.

საფიედინი, შიიტი სასულიერო პირი, რომელსაც ირანთან მჭიდრო კავშირები აქვს, ჰეზბოლას 1980-იან წლებში, ჩამოყალიბებისთანავე შეუერთდა.

ვარაუდობენ, რომ ორგანიზაციის დიდი ხნის ქარიზმატული ლიდერის, ნასრალას მემკვიდრეობას სწორედ საფიედინი გააგრძელებს. ნასრალა 27 სექტემბერს ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.

საფიედინი ხელმძღვანელობს ჰეზბოლას აღმასრულებელ შტოს, რომელიც ჯგუფის პოლიტიკური საქმეებს წარმართავს. ის არის გადაწყვეტილების მიმღები “შურას საბჭოს” წევრი და ასევე ჯიჰადის საბჭოს წევრი, რომელიც ჯგუფის სამხედრო ოპერაციებს უძღვება.

2017 წელს შეერთებულმა შტატებმა საფიედინი ტერორისტად გამოაცხადა. ვაშინგტონი ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირს შავ სიაში მხოლოდ მისი გასამხედროებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი (მარჯვნის) ჰეზბოლას გენერალურ მდივანს, ჰასან ნასრალას იღებს თეირანში, 2000 წელი
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი (მარჯვნის) ჰეზბოლას გენერალურ მდივანს, ჰასან ნასრალას იღებს თეირანში, 2000 წელი

წვერიანი და სათვალიანი საფიედინი, ნასრალას მსგავსად, შავ ჩალმას ატარებს - ეს წინასწარმეტყველი მუჰამედის წარმომავლობას აღნიშნავს.

"როგორც ნასრალას ბიძაშვილი და დიდი ხნის განმავლობაში პოტენციური მემკვიდრე, სავარაუდოდ, შეძლებს ჰეზბოლას საკუთარი თავის გარშემო გაერთიანებას", - თქვა მეთიუ ლევიტმა “ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტიდან”.

”მაგრამ მას ნასრალას ქარიზმა აკლია. ის მემკვიდრეობით იღებს ორგანიზაციას, რომლისგანაც საკუთარი თავის აჩრდილიღაა დარჩენილი”, - დასძინა ლევიტმა, ავტორმა წიგნისა “ჰეზბოლა: ლიბანის ღმერთის პარტიის გლობალური კვალი”.

თავისი არსებობის 42 წლიან ისტორიაში, ჰეზბოლასთვის ისრაელის მიერ ნასრალას მკვლელობა ყველაზე დიდი დარტყმა იყო. შიიტურმა ორგანიზაციამ ბოლო თვეების განმავლობაში დიდი მარცხი განიცადა. ისრაელმა მეთაურების უმეტესობა დაუხოცა, გაუნეიტრალა სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და შეუფერხა კომუნიკაციები.

ჰეზბოლას ხელმძღვანელობის 30 წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში, ნასრალამ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა შიიტურ ირანთან, რომელიც ორგანიზაციის მთავარი მხარდამჭერია. თეირანის დიდი ფინანსური და პოლიტიკური დახმარებით, ნასრალამ ჰეზბოლა ლიბანში ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ და სამხედრო ძალად და რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცია.

სამხრეთ ლიბანში დაბადებულ საფიედინსაც მჭიდრო კავშირები აქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ის ირანის შუაგულში მდებარე წმინდა შიიტურ ქალაქ ყუმში სწავლობდა, საფიედინის ძმა კი ირანში ჰეზბოლას წარმომადგენელია.

საფიედინის ვაჟი ირანის წამყვანი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის ქალიშვილზეა დაქორწინებული. სოლეიმანი 2020 წელს ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

თარგმანი: ელენე დევიძე

ფორუმი

XS
SM
MD
LG