Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ვიქტორია ნულანდი? კრემლის საძულველი ამერიკელი დიპლომატი თანამდებობას ტოვებს


ვიქტორია ნულანდი, 2015 წ.
ვიქტორია ნულანდი, 2015 წ.

მას უჩხუბია საბჭოთა პიონერთა ბანაკში, დაულევია არაყი საბჭოთა მეზღვაურებთან ერთად და დაურიგებია „სახდეპის ორცხობილები“ მათთვის, ვისაც კრემლი რუსეთის მტრებად მიიჩნევს. ვიქტორია ნულანდი - პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, თანამდებობიდან მიდის. 

ახალი ამბავი სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. თქვა, რომ მისი მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი "უახლოეს კვირებში" აპირებს თანამდებობის დატოვებას.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე ნულანდს დროებით შეცვლის ასევე კარიერული დიპლომატი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში (2009-2012), თურქეთსა და ავღანეთში ჯონ ბასი, რომელიც ხელმძღვანელობდა ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანას.

5 მარტის განცხადებაში ბლინკენი ამბობს, რომ ნულანდი "განასახიერებს პრეზიდენტ ბაიდენის მისწრაფებას ააღორძინოს ამერიკის გლობალური ლიდერობა ეროვნული და მსოფლიო ისტორიის კრიტიკულ მომენტში". ბლინკენი ასევე ხაზს უსვამს ნულანდის "ენციკლოპედიურ ცოდნას" და "ამერიკული დიპლომატიის სრული არსენალის გამოყენების შეუდარებელ უნარს ჩვენი ინტერესებისა და ღირებულებების წინსვლისთვის“.

სახელმწიფო მდივნის თქმით, „მომავალში დიპლომატები და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები შეისწავლიან ნულანდის გამორჩეულ და შეუცვლელ როლს როგორც უკრაინაში პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში, ასევე პუტინის სტრატეგიულად დამარცხებისთვის გლობალური კოალიციის შედგენასა და უკრაინის დახმარებაში, რაც საშუალებას მისცემს კიევს მტკიცედ დადგეს ფეხზე - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით."

ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

ვიქტორია ნულანდის თანამდებობიდან გადადგომასა და ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც ასევე ილაპარაკა ნულანდის მნიშვნელოვან როლზე, თუმცა, ცხადია, ილაპარაკა ნეგატიურ კონტექსტში.

„რა თქმა უნდა, მან დიდი როლი ითამაშა 2014 წელს უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში, მან დიდი როლი ითამაშა უკრაინაში გადატრიალების პროვოცირებასა და განხორციელებაში“, - თქვა პესკოვმა და ნულანდს „ძალიან ნიჭიერი დიპლომატი“ უწოდა.

პესკოვისვე თქმით, "უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი თავის ნიჭს სამშვიდობო ასპარეზზე გამოავლენდა".

ნულანდის დამსახურებები შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმაც. ”საჭირო იყო რუსეთის შესახებ თავისი ცოდნის აღმშენებლობისკენ მიმართვა, - თქვა მარია ზახაროვამ, - მაგრამ მან მიმართა ორმხრივი ურთიერთობების დანგრევისკენ. და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ მისი პირადი წვლილი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნდობისათვის ძირის გამოთხრის საქმეში კოლოსალურია”.

ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გაიხსენა, რომ, როდესაც ვიქტორია ნულანდმა პრესმდივნის თანამდებობა დატოვა, რათა სათავეში ჩასდგომოდა ევროპის განყოფილებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირადად მიულოცა მას "ამ ქალის მოშორება". კერის თქმით, მან უპასუხა ლავროვს, რომ კი არ მოიშორა, არამედ „დააწინაურა“.

ვიქტორია ნულანდი და ჯონ კერი, 2014 წ.
ვიქტორია ნულანდი და ჯონ კერი, 2014 წ.

2019 წელს ვიქტორია ნულანდი არ შეუშვეს რუსეთში (არ მისცეს ვიზა). როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ნულანდის გვარი შეიტანეს სიაში, რომელიც რუსეთის მთავრობამ აშშ-ის სანქციების საპასუხოდ შეადგინა. ნულანდი, რომელიც აღარ იმყოფებოდა სახელმწიფო სამსახურში, აპირებდა კერძო პირის სტატუსით მონაწილეობას დახურულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს (RIAC), გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებისა (DGAP) და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის (SAIS) მიერ.

  • ვინ არის ვიქტორია ჯეინ ნულანდი?
  • რატომ ახდენს რუსული პროპაგანდა მის დემონიზაციას?
  • რატომ ეწეოდა ის „ძირგამომთხრელ“ საქმიანობას?

ნულანდი 62 წლისაა. მამამისი იყო იელის უნივერსიტეტის ქირურგიისა და ბიოეთიკის პროფესორი, მედიცინის ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. შერვინ ნულანდის წიგნმა „როგორ ვკვდებით“, რომელიც ბესტსელერი გახდა 1994 წელს, მოიპოვა აშშ-ის ეროვნული ჯილდო არამხატვრულ ლიტერატურაში (non-fiction). ვიქტორიას ბაბუა, მეერ ნუდელმანი, რომელიც მკერავი იყო რუსეთის იმპერიის ბესარაბიის პროვინციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1903 წელს, 18 წლის ასაკში გადაბარგდა. დიპლომატის დედა ბრიტანული ფესვების მქონე რონა გულსტონია. ვიქტორიამ დაამთავრა ერთ-ერთი საუკეთესო კერძო სკოლა Choate Rosemary Hall, კონექტიკუტში, და Brown University (რომელიც შედის უმაღლესი სასწავლებლების პრესტიჟულ The Ivy League-ში), სადაც ისწავლა რუსული ენა და ლიტერატურა, პოლიტიკური მეცნიერებები და ისტორია.

1982 წელს 20 წლის ვიქტორია ნულანდი გაცვლითი პროგრამით სტუმრობდა ოდესას, უფრო ზუსტად - ოდესაში მდებარე პიონერთა ბანაკ „ახალგაზრდა გვარდიას“, სადაც პიონერთა ხელმძღვანელად გაამწესეს.

უკრაინულმა გამოცემა „სტრანამ“ იპოვა ადამიანები, რომლებიც იმავე პერიოდში იმყოფებდნენ „ახალგაზრდა გვარდიაში“. ყოფილმა პიონერმა ვადიმ ნესტერენკომ თქვა, რომ: „ამერიკელები სიამოვნებით ცვლიდნენ საღეჭ რეზინებს, კეპებს, მაისურებსა და სხვადასხვა წვრილმანს (კალმებს, ჩანთებს და ა.შ.) საბჭოთა სამკერდე ნიშნებსა და ფულზე, ხოლო ვიკი იყო ჩვენი თარჯიმანი იატაკქვეშა გარიგებებში და თვითონაც კარგად გამოსდიოდა ვაჭრობა”.

საბჭოთა პიონერთა ბანაკი "არტეკი". 1985 წ.
საბჭოთა პიონერთა ბანაკი "არტეკი". 1985 წ.

მწერალი ინა მეტელსკაია-შერემეტიევა, რომელიც ასევე პიონერხელმძღვანელი იყო იმავე ბანაკში, ამტკიცებს, რომ ჩხუბი მოუვიდა ამერიკელ ვიკისთან, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ის „ვიკი“ ვიქტორია ნულანდი იყო.

რუსულმა პროპაგანდამ ამ ისტორიიდან ცალსახა დასკვნა გამოიტანა: სწორედ ამიტომ „მოიძულა რუსეთი“ და გახდა თავგამოდებული „რუსოფობიო“. არადა, სხვა მოწმეები ჩხუბის ფაქტს საერთოდ უარყოფენ.

2014 წლის ოქტომბერში ვიქტორია ნულანდი შეხვდა კიევის შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც ჰკითხეს მას, მართლა იყო თუ არა 1982 წელს პიონერთა ბანაკ „ახალგაზრდა გვარდიაში“.

„თქვენ კარგი სადაზვერვო მონაცემები გაქვთ", - უპასუხა ნულანდმა სტუდენტებს.

„შესაძლებელია, თქვენ მსგავსად, მეც გავხდე ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ნატოში? - აიტაცა ხუმრობა ერთ-ერთმა სტუდენტმა, - მეც ვარ ნამყოფი „ახალგაზრდა გვარდიაში“ 2012 წელს“.

„შესანიშნავია, - თქვა ნულანდმა, - ე.ი. თქვენც გადარჩით, ისევე როგორც მე. ბანაკში საოცრად კარგი ხალხი იყო, საჭმელი კი - არც ისე“.

ერთხელ ნულანდმა New York Times-ს გაუმხილა თავისი ბიოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. საყვარელ წიგნებზე, ფილმებზე, მუსიკასა და სასმელებზე დასმული კითხვის პასუხად ნულანდმა თქვა: „განა შესაძლებელია დავიწყება ცხენის ამჟავებული, ფერმენტირებული რძისა, რომლითაც მონღოლეთის პრეზიდენტი თავის საზეიმო იურტაში გამიმასპინძლდა?! თუმცა სმა ვისწავლე საბჭოთა თევზსაჭერ ტრალერზე, როცა 20 წლის ვიყავი. მას შემდეგ, ჩემი საყვარელი საზაფხულო გამაგრილებელი სასმელია ყინულივით ცივი „სტოლიჩნაია“ ოკეანის ხედით“.

ვიქტორია ნულანდი ნამდვილად მუშაობდა საბჭოთა თევზსაჭერ გემზე, რაზეც თავად ისაუბრა რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში:

ვიქტორია ნულანდი, 2014 წ.
ვიქტორია ნულანდი, 2014 წ.

„მშვენიერი დრო გავატარე, გემზე ვცხოვრობდი, ნახოდკასა და ვლადივოსტოკს შორის დავცურავდი. ვცხოვრობდი 18 რუს მეზღვაურთან ერთად - ისინი მასწავლიდნენ ყველაფერს, თევზაობის ყველა წვრილმანს. მე, რა თქმა უნდა, 10 კილოგრამი დავიკელი, რადგან ბევრს ვმუშაობდით, თევზს ვიჭერდით".

თავისი ცხოვრების ამ პერიოდზე ნულანდმა დამატებითი დეტალები მიაწოდა Deutsche Welle-საც:

„იმ დროს არსებობდა უცნაური ერთობლივი ამერიკულ-საბჭოთა საწარმო, რომელშიც შედიოდნენ საბჭოთა მცურავი თევზის ქარხნები და პატარა ამერიკული თევზსაჭერი გემები... ჩემი ამოცანა იყო გამართული რადიოკავშირის არსებობა თევზის გადამამუშავებელ ხომალდსა და ამერიკელ მეთევზეებს შორის, რათა შეუფერხებლად მომხდარიყო თევზის მიწოდება გემბანზე“.

როდესაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა 2014 წლის თებერვალში გაავრცელა ნულანდის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი არადიპლომატიურ ლექსიკას იყენებდა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, „ალბათ იცით, რომ ნულანდი, 23 წლის ასაკში, რვა თვის განმავლობაში მუშაობდა რუსულ გემზე და, როგორც ჩანს, იქ ისწავლა გარკვეული სიტყვების ოსტატური გამოყენებაო“. "კი, მაგრამ [სატელეფონო ჩანაწერში] ის ინგლისურად ლაპარაკობდა!" – ჩაეკითხა ჟურნალისტი. "ვიხუმრე", - თქვა ფსაკიმ.

რუსულის ცოდნისა და ასეთი გამოცდილების მიუხედავად, ნულანდის პირველი სამუშაო საზღვარგარეთ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდა, იყო საკონსულოს ოფიცერი გუანჯოუში - ჩინეთში. მერე იყო ულანბატორი. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გაგზავნეს მოსკოვში, სადაც შეესწრო საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის (ГКЧП) პუტჩს, სსრკ-ს დაშლასა და ახალი რუსეთის ფორმირებას.

ვიქტორია ნულანდი - კარიერული დიპლომატი, მსახურობდა ექვსი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დაწყებული რონალდ რეიგანით და დონალდ ტრამპის გამოკლებით. ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა 11 სახელმწიფო მდივანი. ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს ნულანდი მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მრჩევლად, შემდეგ დაინიშნა აშშ-ის ელჩად ნატოში. როდესაც ბარაკ ობამა აირჩიეს პრეზიდენტად, ხოლო ჰილარი კლინტონი გახდა სახელმწიფო მდივანი, ამ უკანასკნელმა ვიქტორია ნულანდს შესთავაზა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის პოსტი. ბევრი ანალიტიკოსი გაკვირვებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ნულანდს შეეძლო ემუშავა ისეთ პოლიტიკურ ანტიპოდებთან, როგორებიც იყვნენ ჩეინი და კლინტონი. ორივესთან რიგდებოდა და არავინ იცის როგორ ახერხებდა ამას. „ვამაყობ იმით, რომ მრავალი წლის განმავლობაში არავინ იცოდა ჩემი პოლიტიკური შეხედულებები”, - ამბობდა ის და მიუთითებდა ჰეჩის აქტზე (Hatch Act of 1939), რომელიც უკრძალავს სახელმწიფო მოხელეებს პოლიტიკური პარტიების წევრობას.

თუმცა ნულანდს მაინც შეექმნა უთანხმოება ობამასა და კლინტონთან. მათ გამოაცხადეს რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ და თვალი დახუჭეს კრემლის მზარდ ექსპანსიონიზმზე. 2012 წლის მარტში ობამა, რომელმაც ვერ შეამჩნია ჩართული მიკროფონები, დაჰპირდა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს, რომ არჩევნების შემდეგ „მეტ მოქნილობას“ გამოავლენდა განიარაღების საკითხებში.

სატელევიზიო დებატებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ რუსეთს "ამერიკის ნომერი პირველი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე" უწოდა, ობამამ კი ოპონენტს შეახსენა, რომ „ცივი ომი 20 წლის წინ დასრულდა".

ნულანდი ასე არ ფიქრობდა.

სახდეპის "ორცხობილები“

2013 წლის სექტემბერში ვიქტორია ნულანდი გახდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. როდესაც ევრომაიდანი დაიწყო, ის კიევში თვეში ერთხელ ან უფრო ხშირად ჩადიოდა.

11 დეკემბერს ნულანდი ელჩ ჯეფრი პიატთან ერთად მივიდა მომიტინგეებთან სენდვიჩებითა და ღვეზელებით. კრემლის პროპაგანდა ამ მოვლენას დაუფარავი ღვარძლით აღწერდა. „კომსომოლსკაია პრავდა“ წერდა, რომ ნულანდი ისე იქცეოდა, როგორც „ნამდვილი თეთრი ქალბატონი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრებთან ჭრელი მძივებით მოვიდა“:

„ზოგიერთმა უარი თქვა, მაგრამ უმრავლესობამ მიიღო საჩუქარი და მადლიერების ნიშნად მდაბლად დაუკრა თავი. ერთ ქალბატონს ლამის ცრემლები წამოსცვივდა: „გმადლობთ help-ისთვის!“ პასუხად ნულანდი მოეხვია მას, თუმცა ცდილობდა არ შეხებოდა ადგილობრივ მკვიდრს. ვიქტორიამ ასევე დაასაჩუქრა შსს-ს კურსანტები, რომლებიც კორდონში იდგნენ. დარცხვენილებმა მიიღეს ძღვენი, მაგრამ არ იცოდნენ სად წაეღოთ ისინი”.

ვიქტორია ნულანდი მაიდანზე. 2013 წლის 11 დეკემბერი. კიევი
ვიქტორია ნულანდი მაიდანზე. 2013 წლის 11 დეკემბერი. კიევი

სწორედ ამ ტექსტში გაჩნდა პირველად გამოთქმა „სახდეპის ორცხობილები“, რომელიც ფართოდ გავრცელებულ და ხანგრძლივ ინტერნეტმემად იქცა.

მკვლევარი დარია რადჩენკო, რომელმაც სტატია მიუძღვნა „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სასურსათო კოდებს“, აღნიშნავს: „როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ეს მემი რთული წარმონაქმნია. როგორც ჩანს, მისი სტაბილურობა და აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მიემართება არა მარტო კონკრეტულ მოვლენას მაიდანზე, არამედ არკადი გაიდარის პოპულარულ ტექსტსაც "ზღაპარი სამხედრო საიდუმლოებაზე, მალჩიშ-კიბალჩიშისა და მისი მტკიცე სიტყვის შესახებ" (1933), რომელშიც უარყოფითი გმირი ეხმარება ინტერვენტებს და ღალატისთვის ჯილდოვდება "მთელი კასრი მურაბითა და ორცხობილებით სავსე კალათით".

ევროკავშირის დედაც...

2014 წლის 7 თებერვალს, ახალი ინციდენტი მოხდა ნულანდთან დაკავშირებით. „ვიღაცამ“ ინტერნეტში გამოაქვეყნა უკრაინაში აშშ-ის ელჩ პაიეტთან მისი საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ნულანდი ევროკავშირს ოთხასოიანი სიტყვით ამკობს. ეს ის დროა, როდესაც უკრაინის მაშინდელი პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დათანხმდა თავის კაბინეტში ოპოზიციის ორი წევრის ჩართვას. ნულანდმა და პაიეტმა განიხილეს შესაძლო კანდიდატები და ის როლი, რომელიც ამ პროცესში უნდა შეასრულოს გაერომ ნაცვლად მერყევი ევროკავშირისა. ამ კონტექსტში ახსენა ავბედითი ფრაზა: „ძალიან კარგი იქნება, თუ ამ საქმის მოგვარებაში დაგვეხმარება და თუ ამაში გაეროც ჩაერთვება. და ხვდებით ხომ? ევროკავშირის დედაც...“

ვიქტორია ნულანდი, ჯეფრი პაიეტი და ვიქტორ პოროშენკო, 2013 წლის 10 დეკემბერი, კიევი
ვიქტორია ნულანდი, ჯეფრი პაიეტი და ვიქტორ პოროშენკო, 2013 წლის 10 დეკემბერი, კიევი

ეს იყო კერძო საუბარი, რომელშიც თანამოსაუბრეებს არ მოეთხოვებოდათ დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა. თუმცა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნულანდის გამონათქვამს "სრულიად მიუღებელი" უწოდა.

მოგვიანებით ნულანდმა თქვა, რომ ის რუსი ჰაკერების პირველი მსხვერპლია. სინამდვილეში, ბევრს მიაჩნია, რომ ნულანდი აღშფოთებული იყო ევროკავშირის პოზიციით და გაბრაზებულმა გამოიყენა „ვულგარული ეპითეტი“ ისე, რომ კარგად ესმოდა, რომ მისი საუბრები ისმინებოდა. როგორც ჩანს, თვითონაც აწყობდა ამგვარი გამჭვირვალობა, თუმცა ის ფაქტი, რომ რუსულმა მხარემ ჩანაწერი გამოაქვეყნა, მათთვის იმის ცხადი სიგნალი იყო, რომ მოსკოვმა თეთრი ხელთათმანები გაიხადა და „ცივი ომის ბინძურ ხრიკებს“ მიმართა.

აქედან მოყოლებული ნულანდი იქცა რუსული აგიტაცია-პროპაგანდის ხელსაყრელ სამიზნედ, როგორებიც მანამდე იყვნენ კოლინ პაუელი, აშშ-ის ელჩი მოსკოვში მაიკ მაკფოლი, იგივე ჯენ ფსაკი და სხვ.

დონალდ ტრამპის არჩევისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე Exxon Mobil-ის ხელმძღვანელის რექს ტილერსონის დანიშვნის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა. მათ შორის იყო ვიქტორია ნულანდიც, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მხოლოდ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაბრუნდა. ბაიდენმა ის დანიშნა სახელმწიფო მდივნის მოადგილედ პოლიტიკურ საკითხებში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან ნულანდი უშუალოდ იყო ჩართული ამერიკული პასუხის შემუშავებასა და საერთაშორისო კოალიციის შექმნაში.

2022 წლის 8 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გამართა საჯარო მოსმენა, რომლის დროსაც სწორედ ვიქტორია ნულანდს მოუწია პასუხის გაცემა აშშ-ის მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით. რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა დაადანაშაულა ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია მცდარი ქმედებებით რუსული აგრესიის პროვოცირებაში: ერთი, რომ ავღანეთიდან პანიკურმა გამოქცევამ „გაათამამა ჩვენი მტრები მთელ მსოფლიოში“ და მეორე, რომ ბაიდენმა გააუქმა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენზე.

კრუზისა და ნულანდის კითხვა-პასუხი უკიდურესად დაიძაბა. ბოლოს ნულანდმა თქვა, რომ პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებდა ომს, „ჩრდილოეთის ნაკადით“ თუ მის გარეშე. ”ზელენსკიმ სხვა რამ გვითხრა", - თქვა კრუზმა. "ეს ჩემი პირადი აზრია", - თქვა ნულანდმა.

ამავე მოსმენაზე სენატორმა მარკო რუბიომ ჰკითხა ნულანდს, ჰქონდა თუ არა უკრაინას ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი. ”უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევის ობიექტები, - უპასუხა მან, - და ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ, რომ რუსული ძალები მათზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ”.

რუსულმა პროპაგანდამ ნულანდის ეს სიტყვები განმარტა, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობის აღიარება. ამ ვარაუდიდან გამომდინარე, რუსეთის საპარლამენტო კომისიამ, რომელიც იკვლევს ამ მითური ლაბორატორიების საქმიანობას, ვიქტორია ნულანდს გაუგზავნა „მიწვევა განმარტების გასაკეთებლად“. მას შემდეგ, რაც ვერ მიიღეს პასუხი, კომისიის თანათავმჯდომარემ ირინა იაროვაიამ განაცხადა, რომ ნულანდის დუმილი „თავისთავად კიდევ უფრო მეტად აშიშვლებს ბიოლოგიურ ლაბორატორიებთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედრო პროექტის აშკარად სახიფათო ბუნების არსს“.

უკრაინელი გენერალი და ვიქტორია ნულანდი, 2014 წ. 8 ოქტომბერი
უკრაინელი გენერალი და ვიქტორია ნულანდი, 2014 წ. 8 ოქტომბერი

ვიქტორია ნულანდის მოახლოებულმა გადადგომამ გაახარა მისი კრიტიკოსები ულტრამემარჯვენე ბანაკიდან. ცნობილი კომენტატორი სკოტ რიტერი, რომლის ციტირება ძალიან უყვარს რუსულ პროსამთავრობო მედიას, მიიჩნევს, რომ ნულანდი იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო: სავარაუდოდ, ისინი ფიქრობენ არჩევნებზე და ცდილობენ შეარბილონ ანტირუსული კურსი, ნულანდი კი რუსეთთან მიმართებით შეურიგებელ „ქორად“ რჩება. „მოდით, ვიყოთ გულწრფელები, - თქვა რიტერმა, - ეს არ არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება. ნულანდი არ არის ახალბედა, ის მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში ექვსი პრეზიდენტის დროს, ის არის უკრაინასთან ჩამოყალიბებული ურთიერთობის არქიტექტორი... ბაიდენის ადმინისტრაცია ახლა აცნობიერებს მოვლენების რეალურ ვითარებას. წინ არის არჩევნები, რომლის მოგებაც მათ ძალიან უნდათ, ხოლო უკრაინა მთავარ პრობლემად ისახება. საკითხი ასე დგას, როგორ შეარბილონ რუსეთის ერთი შეხედვით გარდაუვალი გამარჯვების შედეგები". ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი ურჩევს ნულანდს მოძებნოს ადვოკატი, რადგან, მისი თქმით, ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მკაცრად მოსთხოვს პასუხს ყველაფერ იმაზე, რაც უკრაინასთან დაკავშირებით მოხდა.

ნულანდის გადადგომას უფრო მარტივი, ბანალური ახსნაც აქვს. გასული 2023 წლის ივლისში სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის, უენდი შერმანის პენსიაზე წასვლის შემდეგ, ვიქტორია ნულანდი ასრულებდა მის მოვალეობებს და, ბუნებრივია, იმედოვნებდა, რომ მოიშორებდა "მშ" („მოვალეობის შემსრულებელი“) აკრონიმს. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ვარაუდობდნენ, რომ სენატს შეეძლო არ დაედასტურებინა ეს დანიშვნა და ამჯობინეს უფრო უსაფრთხო კანდიდატურა - კურტ კემპბელი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის საქმეთა კოორდინატორი იყო. კემპბელმა მართლაც იოლად გაიარა დამტკიცების პროცესი მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში.

ვიქტორია ნულანდს კი გამზადებული აქვს ალტერნატიული აეროდრომი: ის გახდება პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG