Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი წლით პატიმრობა სპექტაკლის დადგმისთვის


სვეტლანა პეტრიიჩუკი (მარცხნივ) და ევგენია ბერკოვიჩი სასამართლო პროცესზე
სვეტლანა პეტრიიჩუკი (მარცხნივ) და ევგენია ბერკოვიჩი სასამართლო პროცესზე

ე.წ. თეატრალური საქმის მოსალოდნელი დასასრული: პირველად პუტინის რუსეთში სპექტაკლის დადგმისთვის ექვს-ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯათ რეჟისორს, ევგენია  ბერკოვიჩსა და დრამატურგს, სვეტლანა პეტრიიჩუკს.

მოსკოვის დასავლეთ ოლქის მე-2 სამხედრო სასამართლოს მოსამართლემ იური მასინმა, როგორც თვითონ განაცხადა, გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით მიიღო და ე.წ. ტერორიზმის გამართლების საქმის მონაწილე „თეატრალები“ ექვსი წლით გაუშვა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

გამოცემა „მედიაზონის“ ცნობით, განსასჯელების მხარდასაჭერად სასამართლოს წინ მივიდნენ "გოგოლ-ცენტრისა" და „მეშვიდე სტუდიის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, პროდიუსერი ალექსეი მალობროვსკი და ევგენია ბერკოვიჩის დედა, ელენა ეფროსი. ალექსეი მალობროდსკის თქმით, ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან:

„ვიცი, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი არარსებული საქმე და ყველაფერი, რაც აქ ხდება, აბსოლუტური უმსგავსობაა“.

ევგენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიიჩუკი მოსკოვის სგამოძიებო იზოლატორიდან ერთვებიან სასამართლო პროცესზე. 2023 წ.
ევგენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიიჩუკი მოსკოვის სგამოძიებო იზოლატორიდან ერთვებიან სასამართლო პროცესზე. 2023 წ.

სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა რუსეთის ბევრმა საზოგადო და კულტურის მოღვაწემ, მათ შორის რეჟისორმა კირილ სერებრენიკოვმა, ჟურნალისტებმა კატერინა გორდეევამ და ქსენია სობჩაკმა, მწერლებმა დმიტრი ბიკოვმა და ბორის აკუნინმა, პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარემ ნიკოლაი რიბაკოვმა და სხვებმა. მათ უმრავლესობას ქვეყანა დატოვებული აქვს.

9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს, დმიტრი პესკოვს ჰკითხეს, თუ რა კომენტარს გააკეთებდა კრემლი ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის განაჩენზე.

"არანაირს. მოგეხსენებათ, რომ კრემლში ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ამას არც ახლა გავაკეთებთ“, - თქვა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პროკურატურამ ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ფინისტი - ნათელი შევარდენი“, რომელშიც რუსეთში მცხოვრები ქალი-პერსონაჟები ურთიერთობას აბამენ "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) წევრებთან, დაინახა ტერორიზმისა და რადიკალური ფემინიზმის გამართლების ნიშნები, რაც რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება. სასამართლო პროცესის მსვლელობისას განსასჯელები და მათი ადვოკატები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ სპექტაკლი, პირიქით, აფრთხილებს ქალებს ISIS-თან ურთიერთობის საშიშროების შესახებ.

საბრალდებო დასკვნა: „ბერკოვიჩსა და პეტრიიჩუკს ბრალი ედებათ ტერორიზმის საჯარო გამართლებასა და ტერორიზმის პროპაგანდაში, რომელიც ჩადენილი იქნა სატელეკომუნიკაციო ქსელის, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით, კერძოდ... გამოძიების მიერ ზუსტად დადგენილ დროს, არა უგვიანეს 2019 წლის 5 აგვისტოსა, გამოძიებისთვის უცნობ ადგილზე ყოფნისას, პეტრიიჩუკმა, რომელსაც აქვს იდეოლოგიური მრწამსი, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის გამართლებასა და პროპაგანდასთან, რომელიც იზიარებს სახელისუფლებო ორგანოებზე ძალადობრივი ზემოქმედების იდეოლოგიას, უკანონო ქმედებებში მოსახლეობის ჩართვის მიზნით, დადასტურებულად იცოდა რა სირიის-არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების შესახებ, განიცდიდა რა რელიგიური ერთიანობის დამახინჯებულ განცდას, დანამდვილებით იცოდა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებული იყო ტერორისტად რუსეთის ფედერაციაში, განიზრახა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რომლის მიზანი იყო ტერორიზმის საჯაროდ გამართლება და ხელშეწყობა იმგვარი პიესის დაწერით, რომელიც შეიცავს ტერორიზმის გამართლებისა და პროპაგანდის ნიშნებს“.

„ჩემთვის გასაგებია ბრალდება უბრალოდ იმიტომ, რომ კითხვა ვიცი. ოღონდ აბსოლუტურად გაუგებარია, რა კავშირი აქვს ჩემთან ამ სიტყვების ერთობლიობას“, - თქვა ევგენია ბერკოვიჩმა სასამართლოში ბრალდების კომენტირებისას. - მე დავდგი სპექტაკლი ტერორიზმის პრევენციის მიზნით და სწორედ ასეთიც გამოვიდა... სპექტაკლის დაწერის მიზანი, რა თქმა უნდა, არ იყო რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის გამართლება, მიზანი იყო იმის ხაზგასმა, რომ არსებობს ასეთი სოციალური პრობლემა და, რომ საჭიროა ასეთი სიტუაციების თავიდან აცილება. თავი დამნაშავედ არ მიმაჩნია“, - განაცხადა ევგენია ბერკოვიჩმა განაჩენის გამოტანამდე.

გარდა პატიმრობისა, სასამართლომ ევგენია ბერკოვიჩსა და სვეტლანა პეტრიიჩუკს სამი წლით აუკრძალა „ელექტრონული, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების ვებსაიტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა“.

„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, თუმცა იმედი ცოტაა. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს გოგოები სრულიად უდანაშაულოები არიან. აბსოლუტურად უდანაშაულოები!“ - განაცხადა ადვოკატმა ქსენია კარპინსკაიამ.

„მედუზას“ თანახმად, ევგენია ბერკოვიჩის დედა, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი ელენა ეფროსიც ამბობს, რომ მასაც არ სჯერა, რომ ადვოკატები საქმის გასაჩივრებით პატიმრობის ვადების შემცირებას შეძლებენ:

ელენა ეფროსი
ელენა ეფროსი

„ახლა იწყება ახალი ეტაპი - ურთულესი გამოცდა ყველა პატიმრისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. შემდეგ გადაიყვანენ ბანაკში - კარგი იქნება, თუ მოსკოვთან ან პეტერბურგთან ახლოს. კანონით ასეც უნდა იყოს. მაგრამ თუ ეს შეკვეთაა, მაშინ მათ შეუძლიათ გაგზავნონ მორდოვეთში. მორდოვეთი კი ნამდვილი კატორღაა. მოგვიწევს წერილების წერა. რვა წელიწად-ნახევარია წერილებს ვწერ პოლიტპატიმრებს, მათ შორის ბოლო 15 თვეა ჟენიასაც [ევგენია ბერკოვიჩი. რ.თ.] ვწერ“.

რა "დააშავეს"?

„ფინისტი - ნათელი შევარდენი“ - ამ სპექტაკლმა 2022 წელს მიიღო პრემია „ოქროს ნიღაბი“ რამდენიმე ნომინაციაში, ლაურეატი გახდა პიესის ავტორი სვეტლანა პეტრიიჩუკი.

სპექტაკლის ავტორთა წინააღმდეგ საჩივარი დაწერა საზოგადოებისთვის უცნობმა მოქალაქემ, რომელიც სასამართლო პროცესზეც იყო მოწმე (ფსევდონიმი „ნიკიტა“) , თუმცა სხდომაში მონაწილეობდა ონლაინ აუდიო ჩართვით, რათა დაცული ყოფილიყო მისი ანონიმურობა.

როგორც სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებიდან გაირკვა, „ნიკიტა“ აღაშფოთა იმან, რომ, მისი თქმით, სპექტაკლში ტერორისტი ქალები წარმოჩენილი არიან მსხვერპლებად, ხოლო რუსეთის სახელმწიფო და საზოგადოება - დამნაშავეებად:

„ისე გამოდის, თითქოს სწორედ მათ უბიძგეს გოგონებს, ასეთია მათი ისტორიები. სპექტაკლიდან ჩვენ ვიღებთ სრულიად მიზანმიმართულ გზავნილს: აქ, რუსეთში, ქალები ცუდ დღეში არიან, ცხოვრობენ დამამცირებელ პირობებში და უსიყვარულოდ“.

სასამართლო პროცესზე „ნიკიტას“ ჰკითხეს, თუ რატომ არ გამოთქვა პროტესტი პიესის საჯარო წაკითხვის დროს, რომელსაც იგი თვითონაც დაესწრო და ამის სანაცვლოდ წავიდა პოლიციაში საჩივლელად.

„იყო შანსი, რომ დამცინებდნენ ან სულელად გამოვჩნდებოდი“, - განაცხადა ბრალდების მთავარმა მოწმემ.

კიდევ ერთმა მოწმემ ნიჟნი ნოვგოროდელმა მსახიობმა ვლადიმირ კარპუკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სპექტაკლში „საბჭოთა ზღაპრის“ გმირი, ფინისტი, ნაჩვენებია, როგორც „ერთგვარი კარგი მოჯაჰედი", ხოლო ყველა რუს მამაკაცს, მუსლიმებისგან განსხვავებით, ცუდი სუნი უდის.

კარპუკის თქმით, სპექტაკლის ავტორები მაყურებელს იქითკენ უბიძგებენ, რომ გაუგონ და აპატიონ ისლამისტებზე შეყვარებულ ქალებს.

„უნდა შევიბრალოთ, გავამართლოთ, გავუგოთ და ვაპატიოთო. არ მინდა მათ მდგომარეობაში შესვლა. როგორ უნდა გავუგოთ მათ, ვინც ტერორისტებს ეხმარება!” - განაცხადა მან სასამართლოში დაკითხვისას.

თუმცა, სასამართლო პროცესის მსვლელობისას გაირკვა, რომ კარპუკს შესაძლოა არც უნახავს სპექტაკლი, რომლის გამოც საჩივარი დაწერა: მოწმემ ვერ აღწერა დარბაზში არსებული ვითარება და დადგმის დეტალები. კარპუკმა ასევე თქვა, რომ ბილეთი იყიდა თეატრის კიბეებთან ვიღაც გოგონასგან, არადა, როგორც გაირკვა, ბილეთები მხოლოდ ელექტრონულად იყიდება.

ცრუ-ექსპერტიზით გამყარებული ბრალდება

ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის სისხლის სამართლის საქმეს საფუძვლად უდევს ვინმე რომან სილანტიევის ე.წ. დესტრუქტოლოგიური ექსპერტიზა.

„ფინისტის“ შესახებ რომან სილანტიევმა საჯაროდ განაცხადა: „მივიღეთ თხოვნა, სპექტაკლიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ISIS-ი უკეთესია რუსეთზე. თითქოს იმდენად ცუდია ჩვენი ქვეყანა, რომ უნდა გავუგოთ და ვაპატიოთ იმ გოგოებს, რომლებმაც ტერორისტები აირჩიეს რუს ბიჭებს. <…> ეს დაუშვებელია, მით უმეტეს, როცა ამისთვის თეატრალური პრემიები ენიჭებათ, როცა ამის „გაპიარება“ ხდება. დაუშვებელია მაშინაც კი, როცა ამას, მაპატიეთ, ებრაელი ეროვნების ადამიანები აკეთებენ “.

"საექსპერტო დასკვნაში" სილანტიევი ამტკიცებს, რომ სპექტაკლი ერთდროულად ამართლებს ისლამურ ტერორიზმს და ეწევა რადიკალური ფემინიზმის პროპაგანდას.

„სპექტაკლში ხაზგასმულია, რომ რუსული საზოგადოება, მოწყალების თვალსაზრისით, არაფრით არ არის ისლამურ სახელმწიფოზე (ISIS) უკეთესი, გარდა ამისა, ISIS-ი არის გმირობის, თავგანწირვისა და მამაკაცის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების კულტურა, რომლის პოვნაც შეუძლებელია რუსულ საზოგადოებაში“, - ნათქვამია სილანტიევის ე.წ. დესტრუქტოლოგიურ ექსპერტიზაში.

დესტრუქტოლოგია - ეს არის ცრუმეცნიერება, რომელსაც, თითქოსდა, შეუძლია სახიფათო სოციალური ფენომენების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. როგორც ირკვევა, სექტებისა და კულტების გარდა, „დესტრუქტოლოგები“ იკვლევენ მოტივაციურ ტრენინგებს. ექსპერტიზამ, როგორც ირკვევა, „რადიკალური ფემინიზმი“ გააიგივა ტერორიზმთან. რომან სილანტიევი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ), ასევე მხილებულია ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში. რუსეთის ებრაელთა კონგრესმა საჩივრითაც კი მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.

პროცესის მიმდინარეობა

პროკურატურის მიერ სასამართლოში გამოძახებული მოწმეების უმეტესობამ განსასჯელების სასარგებლოდ ილაპარაკა. თეატრის კრიტიკოსმა ტატიანა ტიხონოვეცმა განმარტა, რომ „ფინისტი“ ერთგვარი გაფრთხილებაა, რომელიც მოუწოდებს ქალებს არ გაებან რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის, ISIS-ის წარმომადგენლების მახეში. „ფინისტი“ ძალიან კაშკაშა, ძალიან ნიჭიერად დაწერილი და დამაჯერებელი პიესაა".

ცნობილმა საბჭოთა მსახიობმა ვენიამინ სმეხოვმაც „ფინისტზე" ილაპარაკა არა როგორც ტერორიზმის რომანტიზებაზე, არამედ როგორც გაფრთხილებაზე და, რომ უარს არ იტყოდა ნიჭიერად დადგმული სპექტაკლის კიდევ ერთხელ ნახვაზე.

ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის პროცესი იმითაც იყო გამორჩეული, რომ საზოგადოებას არ მიეცა დაცვის მხარის პოზიციისა და თავად განსასჯელთა სიტყვების მოსმენის საშუალება. იმ დღეს, როდესაც ადვოკატებს მტკიცებულებების წარდგენა უნდა დაეწყოთ, მოსამართლემ პროკურორების მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო პროცესი დახურა.

მოსამართლემ დახურვის მიზეზად ინტერნეტში გამოქვეყნებული მუქარის შემცველი კომენტარები დაასახელა. პროკურორმა მოსამართლეს სასამართლო პროცესის მონაწილეების მისამართით გამოთქმული ოთხი უხამსი კომენტარი უჩვენა. სასამართლომ ეს კომენტარები მუქარად მიიჩნია და პროცესი პრესისა და დამსწრეებისათვის დახურულად გამოაცხადა.

რუსეთის სასამართლოები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხურავენ პროცესებს. როგორც ადვოკატმა ივან პავლოვმა უთხრა The CurrentTime-ს, ყველას თვალწინ კანონის დარღვევა არც ისე სასიამოვნოა.

„ძალიან დიდი სურვილია, რომ მიჰყვე და ყველა პროცესი დახურო, ყველა საქმე, თუ მასში თუნდაც მცირეოდენი პოლიტიკა მაინც არის, რადგან ცხადია, რომ ასეთ საქმეებში დომინირება ექნება არა კანონს, არამედ პოლიტიკას და მოსამართლესაც მოუწევს ასე თუ ისე კანონის დარღვევა, - ამბობს ადვოკატი, - ყველას თვალწინ კანონის დარღვევა, ალბათ სამარცხვინო, უხერხული და არაკომფორტულია. ამიტომ მოსამართლეები ცდილობენ ასეთი საქმეების დახურვას და პროცესის დახურულ კარს მიღმა გაგრძელებას“.

„თუ არ გრცხვენიათ, დახურეთ!“ - ასეთი იყო ევგენია ბერკოვიჩის კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის შემდეგ სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენების შესახებ მხოლოდ პროცესის უშუალო მონაწილეებმა იცოდნენ. ადვოკატებს აკრძალული ჰქონდათ სხდომების დეტალებზე პრესასთან საუბარი. როდესაც პროკურატურამ ბრალდებულისთვის სასჯელი მოითხოვა, ევგენია ბერკოვიჩმა, სასამართლო დარბაზიდან გასვლისას, დერეფანში მდგარ ფოტოგრაფებს ექვსი თითი უჩვენა. ასე შეიტყო საზოგადოებამ, რომ პროკურატურა განსასჯელებისთვის ექვსი წლით პატიმრობას მოითხოვდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ევგენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიიჩუკი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 4 მაისიდან, თუ არაფერი შეიცვლება, მსჯავრდადებულები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან 2029 წლის 4 მაისს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG