ვიდრე სასამართლო ბრალდების არგუმენტებსა და მოწმეებს ისმენდა, პროცესი ღია იყო. როცა ჯერი დაცვის მხარეზე მიდგა, მოსამართლემ პროცესი დახურულ რეჟიმში გადაიყვანა „ინტერნეტში მოწმეების მიმართ მუქარის შემცველი კომენტარების გამო“.
პიესაში, რომლის სათაურია „ფინისტი - ნათელი შევარდენი“, მოთხრობილია რამდენიმე ქალის ამბავი, როგორ ცდილობენ ისლამისტები მათ გადაბირებას ელექტრონული მიმოწერის გზით. ზოგიერთი ამბავი ეფუძნება რეალურ გამოცდილებას, ზოგიერთი დრამატურგის ფანტაზიის ნაყოფია. რუსეთის პროკურატურა სპექტაკლს ტერორიზმის გამართლებად (რუსეთის ფედერაციის სსკ 205.2 მუხლი, II ნაწილი) მიიჩნევს და მის ავტორებს წელიწადზე მეტია ციხეში ამყოფებს.
ევგენია ბერკოვიჩისა და სვეტლანა პეტრიიჩუკის საქმის სასამართლო განხილვა 20 მაისს დაიწყო, პირველი რვა სხდომის განმავლობაში ბრალდების მხარემ დაკითხა 15-ზე მეტი მოწმე და წარადგინა მტკიცებულებები. მოწმეთა უმეტესობამ, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ იყვნენ გამოძახებულები, ბერკოვიჩსა და პეტრიიჩუკს დაუჭირეს მხარი. პროკურატურის სასარგებლოდ მხოლოდ ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრებმა მსახიობმა, ვლადიმირ კარპუკმა და ანონიმურმა ინფორმატორმა „ნიკიტამ“ ილაპარაკეს.
ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის სპექტაკლი ოთხ ქალზეა. მათ მიმოწერა აქვთ სირიელ მამაკაცებთან, როგორც ირკვევა, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წევრებთან. ასეთივე წარმატებით შესაძლებელია დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“ მიიჩნიონ „მკვლელობის პროპაგანდად“, - ამბობს ექსპერტი.
მოწმე „ნიკიტა“
სასამართლო პროცესის ბოლო ღია სხდომაზე დაკითხეს ე.წ. გასაიდუმლოებული მოწმე „ნიკიტა“, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა სვეტლანა პეტრიიჩუკის პიესის ცენტრ „Э“-ში გამართული კითხვის ვიდეოჩანაწერი. მოწმის დაკითხვას ესწრებოდა გამოცემა „ბერეგის“ კორესპონდენტი, რომლის თქმითაც, პროკურორმა მოითხოვა, რომ მოწმის დაკითხვა ჩატარებულიყო „ვიზუალური დაკვირვების გამორიცხვის პირობებში“, რათა არ გამჟღავნებულიყო მისი ვინაობა.
მარია კურაკინამ, სვეტლანა პეტრიიჩუკის ადვოკატმა, განაცხადა, რომ იმ მოწმის ამბავი, რომელიც გამოჩნდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან 13 თვის შემდეგ, საეჭვოდ გამოიყურება. კიდევ ერთი ადვოკატის, ქსენია კარპინსკაიას თქმით, ასეთი დაკითხვის მიზანია „გამოძიების იმ შეცდომების ნიველირება, რომლებიც დაკავშირებულია მტკიცებულებების მოპოვებასთან“. ადვოკატმა ასევე თქვა, რომ პროკურორი აშკარად ბოროტად იყენებდა თავის უფლებამოსილებას.
მოსამართლემ, რომელიც გასული იყო გადაწყვეტილების მისაღებად, პროკურორს მოწმის დაკითხვის ნებართვა მისცა. მოწმე, რომელიც სხდომის ოქმში ჩაიწერა ფსევდონიმ „ნიკიტათი“, დაიკითხა ვიდეოზარით, რათა არ გამოჩენილიყო მისი სახე (დაკითხვისას მოწმე სასამართლოს შენობის სხვა ოთახში იმყოფებოდა).
„ნიკიტამ“ განაცხადა, რომ 2019 წელს „ლიუბიმოვკის“ ფესტივალზე დაესწრო პიესის კითხვას, ხოლო სამი წლის შემდეგ წავიდა სპექტაკლის სანახავად და ფარულად გადაიღო ვიდეო, რადგან დადგმამ, რომელიც „მთლიანობაში არ მოეწონა, კითხვები გაუჩინა“.
„მთავარი გმირები წარმოდგენილი არიან მსხვერპლად, ისინი არაფერში არიან დამნაშავენი. მაგრამ ვინ არის მაშინ დამნაშავე?“ - ასე ჩამოაყალიბა მოწმე „ნიკიტამ“ თავის პრეტენზიები სპექტაკლ „ფინისტი - ნათელი შევარდნის“ მიმართ.
„ნიკიტას“ ჩვენების მიხედვით, სპექტაკლი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთში მარიუშკებს (რუს ქალებს. რ.თ.) „ამცირებენ და უფლებებს უზღუდავენ“, რომ მათ უბედურებაში დამნაშავე „სავარაუდოდ, რუსული ინსტიტუტები, სახელმწიფო და საზოგადოებაა“:
„ერთადერთი პრეტენზია, რომელიც ტერორისტების მიმართ არის გამოთქმული, ისაა, რომ მათ არ გაამართლეს მოლოდინი, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ მოსიყვარულე და მზრუნველი ქმრები, არამედ პირიქით, ისინი რომ ყოფილიყვნენ მოსიყვარულეები, ვფიქრობ, გოგონები სიამოვნებით გააგრძელებდნენ ტერორისტების დახმარებას და ჯიჰადში მონაწილეობას“.
ადვოკატების კითხვაზე, თუ რატომ არის მისი ვინაობა დაფარული, რისი ეშინია, მოწმე „ნიკიტამ“ ასე უპასუხა:
„თეატრალურ სფეროში ვმუშაობ და ვიცი, როგორი დამოკიდებულება არსებობს ამ საკითხისადმი. მეშინია ჩემი კარიერის გამო, მათ შორის ფინანსური მდგომარეობის გამოც და, შესაძლოა, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვისაც სახიფათო იყოს, რადგან საკითხი რეზონანსულია, ადამიანებს შესაძლოა სრულიად განსხვავებული რეაქცია ჰქონდეთ“.
მოწმემ არ გაამხილა, თუ ვისი მიწვევით მოხვდა სპექტაკლზე („მეშინია მისი დემონიზაციის“), ვიდეო კი მუსლიმი მეგობრისთვის გადაიღო. „ნიკიტას“ ცნობით, სწორედ ამ მეგობარმა დაარწმუნა, რომ „ფინისტის“ ავტორებისთვის პოლიციაში ეჩივლა, რაც გააკეთა კიდეც, ოღონდ ჩანაწერის გაკეთებიდან სამი წლის შემდეგ. რატომ ასეთი დაგვიანებით?
„სამართალდამცავ ორგანოებში მისვლა არც ისე ადვილია, - თავი იმართლა მოწმემ, - დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რასაც აკეთებ, უნდა მკაფიოდ ჩამოაყალიბო პოზიცია. ბევრი რამ დამემართა, ძლიერი ემოციური განცდები მქონდა, გამიმძაფრდა სამოქალაქო პასუხისმგებლობა. სინდისი მტანჯავდა, რომ იყო ასეთი ნაწარმოები, რომელიც რეკლამას უკეთებდა რადიკალური ისლამის იდეას. სპექტაკლში რუსეთი და რუსი კაცები წარმოდგენილია „ცუდებად“, სასამართლო კი - „არაადამიანურად და უსამართლოდ“, ხოლო „ისინი [ტერორისტები] ყველანი კარგები არიან“.
თუმცა მოწმემ ვერ გაიხსენა ცალკეული ეპიზოდები და სცენები, რომლებიც მის შთაბეჭდილებებს მეტ დამაჯერებლობას შესძენდა. მან ასევე ვერ გაიხსენა უამრავი დეტალი დაკავშირებული როგორც სპექტაკლთან, ასევე თეატრის შენობასთან, რის გამოც დაცვის მხარეს გაუჩნდა ეჭვი, რომ მოწმეს არაფერი ჰქონდა საერთო თეატრის სამყაროსთან.
როგორც პროკურორმა ეკატერინა დენისოვამ განაცხადა, „ნიკიტას“ დაკითხვით ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების წარდგენა.
მოწმე ათოსი
ვიდრე პროკურორის მოთხოვნით პროცესი დახურულად გამოცხადდება, სასამართლოს წინაშე მოწმის სტატუსით წარდგა ცნობილი რუსი მსახიობი, 84 წლის ვენიამინ სმეხოვი, რომლის პოპულარობა სათავეს იღებს 1978 წლიდან ათოსის როლის შესრულებით ოდესის კინოსტუდიის სატელევიზიო ფილმ „დ’არტანიანსა და სამ მუშკეტერში“.
ცნობილმა მსახიობმა სპექტაკლს „ფინისტი - ნათელი შევარდენი“ ნიჭიერად დადგმული უწოდა. მისი თქმით, სპექტაკლში აკრძალული ორგანიზაციის არანაირი გამართლება არ არის.
სპექტაკლის მიზნებისა და ამოცანების შესახებ საუბრისას ვენიამინ სმეხოვმა განაცხადა:
„გაფრთხილება საფრთხის შესახებ. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რომ საფრთხე არსებობს თაღლითური სატელეფონო ზარების სახითაც - უამრავი თაღლითია გარშემო. სახიფათოა უცნობი და სახიფათო შეთავაზებების მიღება“. მსახიობის თქმით, პიესა და სპექტაკლი განკუთვნილია „თეატრით აღზრდილი“ მაყურებლისთვის, დადგმა კი „ძლიერი და ნიჭიერია“.
შეეძლო თუ არა დადგმას „წაეხალისებინა ტერორისტთა რიგებში გაწევრიანების სურვილი?“ - მოსამართლის ამ კითხვის პასუხად მსახიობმა განაცხადა:
„ეს არ არის არც პიესაში და არც სპექტაკლში. მოხარული ვიქნებოდი, კიდევ ერთხელ მენახა ეს სპექტაკლი“.
ვენიამინ სმეხოვის თქმით, „პიესაც და სპექტაკლიც დაჟინებით აფრთხილებს ყველას ისეთი უბედურების შესახებ, როგორიცაა ტერორისტებთან და ჩვენი სამშობლოს მტრებთან თანაცხოვრება“.
რატომ დაიხურა პროცესი?
ფორმალურად სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა. პროკურორმა მოითხოვა, აუდიტორიას, მათ შორის პრესას, დაეტოვებინა სასამართლო დარბაზი პროცესის მონაწილეების მიმართ ინტერნეტით გავრცელებული მუქარის შემცველი კომენტარების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სამმართველოს ცნობის თანახმად, Telegram-არხ advokaty_PRO_lyudej-ისა და გამოცემა „კომერსანტის“ პლატფორმებზე დაიწერა „მოწმეების მიმართ მუქარის შემცველი კომენტარები“.
ბერკოვიჩის ადვოკატმა ქსენია კარპინსკაიამ გააპროტესტა მსმენელებისა და პრესის დარბაზიდან გაყვანა. მისი თქმით, ბრალდების მხარემ უკვე წარმოადგინა თავისი მტკიცებულებები წინა სასამართლო პროცესებზე, ახლა კი ცდილობს შეზღუდოს დაცვის მხარის პოზიციის გაშუქება.
ადვოკატმა ელენა ორეშნიკოვამ განაცხადა, რომ პროკურორის მიერ მითითებულ კომენტარებში პირდაპირი მუქარა არ ყოფილა. „მედიაზონის“ ინფორმაციითაც, თვითონ სასამართლო პროცესის მონაწილეებსაც არ უთქვამთ, რომ მათ ემუქრებიან.
„ყველას ესმის, რატომ კეთდება ეს, რა მიზანი ამოძრავებს პროკურორს, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან კომენტარებსა და პროცესის დახურვას. თანაც, როგორც ჩანს, ეს კომენტარები გუშინ არ გაკეთებულა. გამოდის, ასეთი აკრძალვების გამო ყველა საფეხბურთო მატჩი უნდა დაიხუროს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ. თქვენს ადგილზე ჩვენ შეგვრცხვებოდა“, - განაცხადა ევგენია ბერკოვიჩმა პროკურორის მოთხოვნის კომენტირებისას.
თუმცა არც პროკურორსა და არც მოსამართლეს არ შერცხვათ, როცა გადაწყვიტეს „ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის საქმე“ განაჩენის გამოცხადებამდე დახურულ რეჟიმში განხილულიყო.
მუსიკოსსა და მსახიობს ვარვარა ტუროვას არ გაჰკვირვებია სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება.
„ჯანდაბას მაყურებელი და ჟურნალისტები, როცა შეგიძლია სწრაფად განახორციელო ამაზრზენი, საზიზღარი, უკანონო ქმედებები დახურულ კარს მიღმა ისე, რომ ხმა არვინ ამოიღოს, - დაწერა მან ფეისბუკზე, - ახლაც კი დუმს ეგრეთ წოდებული თეატრალური საზოგადოება: არტისტები, რეჟისორები, სცენოგრაფები, სცენის ტექნიკოსები, დრამატურგები, თეატრის პიარის წარმომადგენლები, სპექტაკლების პროდიუსერები, გამნათებლები, ვიზაჟისტები, თეატრის ხალხის დიდი ნაწილი. მათ თვალწინ ცოცხლად ჭამენ ადამიანებს, საერთოდ უდანაშაულოებს, ისინი კი ჩუმად არიან“.
ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ტატიანა მალკინას თქმით, ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის სასამართლო პროცესი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც ყველაზე აბსურდული, რომელიც ამ პარამეტრით აჭარბებს კიდეც ხშირად ნახსენებ კაფკას:
„ახლა ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ განუკითხაობას, თავის მოკატუნების გარეშე. სასამართლოსა და პროკურატურის შეთქმულება არა მხოლოდ თვალსაჩინოა, არამედ მისი დამალვაც კი არ უცდიათ. სასამართლო პროცესი დახურეს მაშინ, როდესაც დაცვის მხარე იწყებს მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენას. ასე რომ, ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია. თუ რომელიმე ჩვენგანს გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა იმედი, რომ ნიღბების ქვეშ ჯერ კიდევ იმალებოდა სახეები, ახლა იძულებული ვართ ვაღიაროთ: დემენტორებს სახეები არ აქვთ, მათ აქვთ განზრახვები, მონდომება და დაუსჯელობა“.
პუბლიცისტ ილია ვაიცმანის თქმით, სასამართლოს ერთადერთი ამოცანაა, გამოიტანოს სამაგალითოდ მკაცრი განაჩენი განსხვავებული აზრის გამო, ხოლო სასამართლო პროცესის დახურვა სხვა არაფერია, თუ არა ტრადიციული ოხრანკული მიდგომა, რათა ბრალდებულებმა არ თქვან ისეთი რამ, რაც არ უნდა გაიგონოს საზოგადოებამ:
„სამხრეებიანი სისხლისმსმელები, პრინციპში, ვერაფერს აკეთებენ იმაზე მეტს, რაც მათ წინა თაობებს არ გაუკეთებიათ. მათ შორის ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი ისეთია, რომ ყოველი შემდეგი თაობა წინა თაობაზე უფრო რეგვენი და გონებაშეზღუდულია. შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება საქმეების განხილვა "ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე" ან კიდევ "ენკავედეს ტროიკების" მიერ დასახვრეტთა სიების შედგენა“.
საბრალდებო დასკვნა, რომელიც პროცესის მსვლელობისას სასამართლო პროცესის გახსნის შემდეგ პროკურორმა ეკატერინა დენისოვამ წაიკითხა, ასე ჟღერს: „ბერკოვიჩსა და პეტრიიჩუკს ბრალი ედებათ ტერორიზმის საჯარო გამართლებასა და ტერორიზმის პროპაგანდაში, რომელიც ჩადენილი იქნა სატელეკომუნიკაციო ქსელის, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით, კერძოდ... გამოძიების მიერ ზუსტად დადგენილ დროს, არა უგვიანეს 2019 წლის 5 აგვისტოსი, გამოძიებისთვის უცნობ ადგილზე ყოფნისას, პეტრიიჩუკმა, რომელსაც აქვს იდეოლოგიური მრწამსი, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის გამართლებასა და პროპაგანდასთან, რომელიც იზიარებს სახელისუფლებო ორგანოებზე ძალადობრივი ზემოქმედების იდეოლოგიას, უკანონო ქმედებებში მოსახლეობის ჩართვის მიზნით, დადასტურებულად იცოდა რა სირიის - არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედების შესახებ, განიცდიდა რა რელიგიური ერთიანობის დამახინჯებულ განცდას, დანამდვილებით იცოდა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებული იყო ტერორისტულად რუსეთის ფედერაციაში, განიზრახა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რომლის მიზანი იყო ტერორიზმის საჯაროდ გამართლება და ხელშეწყობა იმგვარი პიესის დაწერით, რომელიც შეიცავს ტერორიზმის გამართლებისა და პროპაგანდის ნიშნებს“.
ფორუმი