Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ აგროვებს ემიგრანტების ხელმოწერებს 2024 წლის არჩევნებისთვის


მიგრანტები მექსიკის საზღვართან. 2023 წლის 10 მაისი
მიგრანტები მექსიკის საზღვართან. 2023 წლის 10 მაისი

ბოლო 8 წლის მანძილზე, მხოლოდ ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 112 ათასამდე მოქალაქემ მოითხოვა. ორჯერ მეტია ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, საზღვარგარეთ ხმის მისაცემად კი 12 ათასი ამომრჩეველი მივიდა

და 2020 წელს ოპოზიციამ საზღვარგარეთის უბნები მოიგო.

2024 წლის არჩევნებისთვის „გირჩი-დროას“ ინიციატივით ემიგრანტები ხელმოწერებს აგროვებენ - მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ. ცესკოში აცხადებენ, რომ ემიგრანტები წინასაარჩევნო რეგისტრაციის პროცესს უნდა დაელოდონ.

რატომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთის უბნების რაოდენობა?

თუკი 2024 წლის არჩევნებზე უბნების რიცხვი არ გაიზრდება, გერმანიის ქალაქ კარლსრუეში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს დიდ ქალაქში - ფრანკფურტში - მოუწევთ ჩასვლა და ხმის მიცემა.

ნინო ბაწელაშვილი უკვე ერთი წელია კარლსრუეში ცხოვრობს. ხმის მისაცემად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 9 საათი მატარებლით მგზავრობა და 300 ევროს გადახდა მოუწევს.

„ამ ფასად და უფრო ნაკლები თანხითაც შემიძლია ჩავიდე საქართველოში, მივცე ხმა არჩევნებზე და დავბრუნდე უკან... მაგრამ ეს რომ გავაკეთო, შვებულების აღება მომიწევს, რაც ფინანსური დანაკარგი იქნება ჩემთვის", - გვეუბნება ნინო. ის განათლებით ფიზიკოსია, ამჟამად გერმანიაში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს და გეგმავს, რომ მომავალში თავისი პროფესიით გაიკვლიოს გზა, რაც საქართველოში შეუძლებელი აღმოჩნდა.

ნინოს თქმით, კარლსრუეში ბევრ ქართველს იცნობს, რომელთა დიდი ნაწილი, დროისა და თანხის უქონლობის გამო, ვერ ჩავა სხვა ქალაქში და მათი ხმები დაიკარგება. შესაბამისად, ის მზად არის, რომ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნასაც მოაწეროს ხელი და ხელმოწერების შეგროვების პროცესშიც ჩაერთოს, თუკი ეს საჭირო გახდება.

„2020 წლის არჩევნებზე სულ 50 უბანი იყო საზღვარგარეთ გახსნილი... 50 უბანზე მილიონი ემიგრანტიდან რამდენი ადამიანის მობილიზება შეიძლება მოხერხდეს?! ძალიან ცოტა ემიგრანტის ხმა მივა საარჩევნო კომისიამდე.

თან რაღაცნაირი განცდაა, რაც ჩემს უამრავ ნაცნობსაც აქვს - ჩვენი შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი იხარჯება საქართველოში, ოჯახების გადასარჩენად... და ამ დროს სახელმწიფოსგან ასეთი უგულებელყოფილი რომ ხარ და არ გეძლევა შენი საარჩევნო უფლების თავისუფლად გამოყენების საშუალება, ეს ძალიან დამამცირებელია, ემოციებს რომ თავი დავანებოთ“, - ეუბნება ნინო ბაწელაშვილი რადიო თავისუფლებას.

  • საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საერთო რიცხვი დაუზუსტებელია, თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მაჩვენებელი მილიონს აჭარბებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი, საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა 244 966 ადამიანი. 2023 წლის მარტში, NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად - საქართველოდან წასვლაზე ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს.
  • 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 37 ქვეყანაში 50 უბანი იყო გახსნილი. აქედან ერთ უბანზე მეტი იყო მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ: აშშ-ში - 4 [ნიუ-იორკი - 2, ვაშინგტონი, სან-ფრანცისკო]; გერმანიაში - 3 [ბერლინი, ფრანკფურტი, მიუნხენი ], თურქეთში - 3 [ანკარა, სტამბოლი, ტრაპიზონი]; საბერძნეთში - 3 [სამივე ათენში].

ზურა ქუტიძე ხელმოწერებს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში აგროვებს. საქართველოში ის „გირჩის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. ზურა საქართველოდან 2 წლის წინ წავიდა. ამბობს, რომ დროს კარგავდა, პერსპექტივა ვერ დაინახა და ახლა ბელგიაში ცხოვრობს - უსახლკაროთათვის თავშესაფრების ორგანიზების პროცესშია ჩართული.

„ბევრ ადამიანს შევხვდი ხელმოწერების შეგროვების დროს. ადამიანები, რომლებიც 15-20 წელია აქ არიან, ამბობენ, რომ ანტვერპენში უფრო მაღალი კონცენტრაციაა ქართველების, ვიდრე ბელგიაში. საარჩევნო უბანი კი მხოლოდ ბრიუსელში იხსნება“, - ზურა გვარწმუნებს, რომ ანტვერპენში ხელმოწერის მსურველი ბევრია.

როგორ ხდება ხელმოწერების შეგროვება?

ზურა ქუტიძე ხელმოწერებს ქაღალდზე აგროვებს და არა ელექტრონულად, რადგან „პირადი კონტაქტი მნიშვნელოვანია ნდობის მოსაპოვებლად“.

„ქართულ ეკლესიაში ვიყავი წირვაზე. ვიფიქრე, რომ იქ ძალიან ბევრ ქართველს ვნახავდი და გამიმართლა კიდეც... ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი“, - ამბობს ქუტიძე. მისი თქმით, არჩევნებისთვის ბელგიაში ჩასვლა პრობლემა იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შაბათ-კვირას მუშაობენ და ასეთი ბევრია ემიგრანტებს შორის.

კენჭისყრაზე ლანჩის დროს

ხელმოწერების შეგროვება ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას „დროას“ პოლიტიკური ერთობის ინიციატივით დაიწყო. ხელმოწერები გროვდება ევროპისა და ამერიკის ყველა იმ ქალაქში, სადაც ქართველები ბევრნი არიან.

„ჩვენ ავიღეთ სტანდარტად, რომ ხმის მიცემა უნდა შეგეძლოს მაქსიმუმ საათ-ნახევარში - ლანჩბრეიკზე გასვლა, ხმის მიცემა და დაბრუნება“, - ზურაბ ჯაფარიძე რადიო თავისუფლებას იმასაც უხსნის, თუ რატომ დაიჭირეს თადარიგი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც არის ამ პროექტის ფარგლებში გასაკეთებელი - თვითონ ემიგრანტებამდე მივიტანოთ ინფორმაცია: ერთი - რომ მათი აქტივობა მნიშვნელოვანია და შესაძლოა კრიტიკულიც კი იყოს მომავალი წლის არჩევნებზე, იმის გათვალისწინებით - საით წავა ქვეყანა...

და მეორე - არის გარკვეული პროცედურები, [უბნების გახსნის მოთხოვნით] ხელმოწერები უნდა გაიგზავნოს როგორც ცესკოში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში - მერე უნდა დაველოდოთ - პასუხი რა იქნება. არ მგონია, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ამ პროცედურების დაწყება ადრეა“, - ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, თუკი ერთ ქალაქში არანაკლებ 50 მიგრანტია, საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას და ხელმოწერებით დადასტურებული სურვილი უნდა ასრულდეს.

იმის დასტურად, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ემიგრანტებს რეალური ბარიერები ხვდებათ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აშშ-ის მაგალითი მოჰყავს:

„აშშ-ში არის სამი ადგილი, სადაც ხმის მიცემაა შესაძლებელი: სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, სადაც ორი უბანია, მაგრამ ერთი და იმავე მისამართზე. მაგალითად, ტეხასში თუ ცხოვრობ, რეალურად დაგჭირდება 2 დღე გზაში - გადაფრინდე, ხმა მისცე და დაბრუნდე. ამის საშუალება ემიგრანტებს, როგორც წესი, არა აქვთ“, რადგან „მუშაობენ და რომც არ მუშაობდნენ იმ დღეს, ისედაც ბევრი საქმე აქვთ...“, - ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება ემიგრანტებმა აშშ-ის, გერმანიის, ესპანეთის, ბელგიისა თუ იტალიის 30-მდე ქალაქში დაიწყეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საზღვარგარეთ გახსნილ 50 უბანზე, საერთო ჯამში:

  • რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო - 66 217
  • არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 12 247-მა

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელმოწერების კამპანიის დროს არ ხდება იმის გარკვევა - თუ ვისი მხარდამჭერია ესა თუ ის ხელმომწერი; რადგან ემიგრანტების მეტი ჩართულობა მხოლოდ მათი პოლიტიკური ძალის ინტერესი არ არის და ამ თემაზე კომუნიკაცია რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთანაც აქვთ.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2020 წლის არჩევნების დროს, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღეს:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი - 5 507
  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 3 508
  • „გირჩი“ - 975
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 386

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ მიიღეს ემიგრანტების მიერ შეგროვილი ხელმოწერები რამდენიმე ქალაქიდან; თუმცა, როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე გვეუბნება, ახლა ეს პროცედურები არაფერს წყვეტს, იურიდიულად არარელევანტურია და უბნების რაოდენობა, არჩევნების წინ, რეგისტრაციის მაჩვენებლებით განისაზღვრება.

„სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა და ეს ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე - [საარჩევნო კოდექსის თანახმად - „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის“]... ცესკომ ინფორმაცია უნდა მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და შემდეგ დავყოთ უბნებად - 50-ზე ნაკლები ამომრჩევლისთვის [უბანი] არ იქმნება, ხოლო 3 ათასზე მეტი ამომრჩევლისთვის უნდა იყოს ორი ან სამი [უბანი], როგორც არის, მაგალითად, აშშ-ში, საბერძნეთში“, - ამბობს შარაბიძე და განმარტავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ სამი კატეგორიის ამომრჩევლებს აერთიანებს:

  • ამომრჩევლებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;
  • ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ დარეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ, მათ შორის - ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები;
  • ამომრჩევლებს, რომლებიც არ არიან არც საკონსულო აღრიცხვაზე და არც რეგისტრირებული ამა თუ იმ ქვეყანაში - არალეგალურად მყოფები.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ ამ მესამე კატეგორიაში გაერთიანებულ ამომრჩევლებს, არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ ვალდებულება - ონლაინ რეჟიმში შეავსონ „შესაბამისი მარტივი აპლიკაცია“.

„ხელმოწერების შეგროვებას არავინ არავის უშლის, ცხადია, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი და ხალხმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ხელმოწერები არის რაიმე სახის იურიდიული პროცესის დასაწყისი... მთავარია აპლიკაციის შევსება და არა ხელმოწერები... თუკი ამომრჩეველს აინტერესებს, რა და როგორ ხდება, ვურჩევ, რომ მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცხელ ხაზზე ან ჩატითაც შეუძლიათ ჩვენს ოპერატორებთან ურთიერთობა“, - ამბობს გიორგი შარაბიძე. ის არ იზიარებს შეფასებებს, რომ შესაბამისი აპლიკაციის შევსების პროცესზე ამომრჩეველს არასაკმარისი ინფორმაცია ჰქონდა. ამბობს, რომ „ამ პროცედურების აუცილებლობა ფართოდ შუქდებოდა“ და 2024 წლისთვის ასევე მასშტაბური საინფორმაციო კამპანია იგეგმება.

და რას ფიქრობენ ცესკოში საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნის საჭიროებაზე?

გიორგი შარაბიძე პასუხობს, რომ ცესკო მხოლოდ კანონის მოთხოვნას ასრულებს და ასევე „არსებობენ ქვეყნები, რომელთა ადგილობრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დიპლომატიური დაწესებულებების გარეთ საარჩევნო უბნების გახსნას“ და ამ მხრივ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს არა ცესკო, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე თვლის, რომ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი აქტიურ მუშაობას საჭიროებს და მათ შორის - სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან საქართველოს ინტერესების შეთავსების კუთხით. ემიგრანტების დაბალი აქტივობა მისთვის ნიშანია იმისა, რომ - „ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს“.

„ბევრი ქართველი ცხოვრობს, მაგალითად, ატლანტაში, ფილადელფიაში - ასეთ დიდ ქალაქებში შეიძლებოდა გახსნილიყო საარჩევნო უბნები... ვესაუბრეთ საბერძნეთში ემიგრანტებს და გვითხრეს - ჩვენ კვირა დღეს ვისვენებთ მხოლოდო. არჩევნები კი, კონსტიტუციით, შაბათ დღეს ტარდება...“, - ნინო დოლიძე ასევე ამბობს, რომ საზღვარგარეთ შეხვედრების დროს ემიგრანტებისგან მოისმინეს სურვილი - არჩევნები რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდებოდეს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანებში არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება.

როცა 2018 წლის 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს - ოთხშაბათს დაინიშნა, ეს საკითხი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშიც მოხვდა.

ტექსტში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გაასაჩივრა“ და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დასახელდა „ქვეყნის შიგნით და გარეთ მცხოვრები მოქალაქეების გარკვეული ჯგუფებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა“. სასამართლოებმა ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს და ცესკოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

არჩევნების მეორე ტურში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მათ შორის - ბევრი ის ამომრჩეველი, რომელიც წინასწარ ვერაფრით გათვლიდა, რომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართებოდა და ამ დროს მათ საზღვარგარეთ მოუწევდათ ყოფნა. მეორე ტურისთვის რეგისტრაციის გასავლელად ამომრჩევლებს მხოლოდ 3 დღე ჰქონდათ.

„არალეგალების“ შიში

„ამომრჩევლები ინფორმირებული არიან, რომ რეგისტრაცია ხდება მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამა თუ იმ ქვეყენაში ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან გიორგი შარაბიძე.

ნინო დოლიძე კი გვეუბნება, რომ საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ და „მათ საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩენისაც კი ეშინიათ“. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი თვლის, რომ ეს საკითხიც საჭიროებს მუშაობას და სათანადო განმარტებას, რომ - რეგისტრაციის გავლითა და არჩევნებში მონაწილეობით მათთვის საფრთხე არ არსებობს.

ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს „ქართული ოცნება“ ავრცელებს დეზინფორმაციას - თითქოს, არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ, „არალეგალებს“ მასპინძელ ქვეყანაში პრობლემები შეექმნებათ.

„ჩვენ ვეცდებით, რომ, მათ შორის - ამ ქვეყნებისგან მოვიპოვოთ გარანტიები, რომ ამომრჩევლებს არ შეეხებიან. ვარკვევთ, რა პროცედურა შეიძლება გავიაროთ, მაგრამ გვაქვს გეგმა, რომ გვქონდეს კომუნიკაცია, მათ შორის - აქ, საელჩოებთანაც, რომ თვითონ ქვეყნებისგან მივიღოთ გარანტიები“, - ამბობს ჯაფარიძე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG