- უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა „ფაინენშალ ტაიმსთან“ ინტერიუში ისაუბრა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა მოსალოდნელზე უკეთესად წარიმართა. ამას როგორ შეაფასებდით?
- ეს თავიდანვე ცხადი იყო. ასეთი ძალებით და შესაძლებლობებით მსგავს ოპერაციებს არ აწყობენ. როგორც ჩანს, ადგილობრივ ოპერაციას გეგმავდნენ, მაგრამ, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელად, მთელი ფრონტი ჩამოიშალა უფრო შორს წავიდნენ. ახალი რეზერვები, ახალი ძალები დაახმარეს რუსეთის თავდაცვაში გაჩენილ გარღვევას.
- და რატომ ჩამოიშალა რუსეთის ფრონტი? როგორც მივხვდი, რუსული ძალები მაინცდამაინც არც იბრძოდნენ. უფრო უკან დახევას ჩქარობდნენ.
- ჯერ ერთი, ძალიან კარგად იყო შერჩეული დარტყმის მიმართულება. აქ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზებულები იდგნენ, დონეცკის ოლქიდან. მათ გაცილებით დაბალი მოტივაცია და ნაკლები შეიარაღება აქვთ, ვიდრე საკადრო ნაწილებს. დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში რუსეთის გვარდია იდგა, რომელიც ბრძოლაში აბსოლუტურად გამოუცდელია, მით უფრო ტანკების და ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ. როდესაც ეს ყველაფერი დაიშალა, რუსები შეეცადნენ რეგულარული ჯარი შემოეყვანათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ამიტომაც იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ.
- ანუ ხუთი დღის განმავლობაში რომ უკან იხევდნენ, რასაც ჩვენ ყველანი ვუყურებდით, იმის შედეგი იყო, რომ რუსეთმა დროულად რეაგირება ვერ შეძლო და თავისი დანაყოფები ვერ შემოიყვანა?
- ასე ადვილი ხომ არაა. სარეზერვო ძალები სადმე სხვა ფრონტიდან უნდა მოხსნა, ანუ ან დონეცკის მიმართულება უნდა დატოვო ღია, ან ხერსონის. ბრიგადა და პოლკიც რომ გადაიყვანო ერთი ადგილიდან მეორეზე, ესეც კი ძალინ რთული ამოცანაა.
- უკრაინის მთავრობა თვეზე მეტი ხანი იძახდა, რომ უკრაინის სამხრეთით დაიწყებდა კონტრშეტევას. ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვეს, გასულიყო. ისროდნენ ხერსონის ოლქში, ყირიმში, რუსების ზურგში. ეს ყველაფერი სატყუარა იყო?
- უფრო საბრძოლო ხრიკი, რომელმაც ასი პროცენტით გაამართლა. რუსებმა მთელი რეზერვი მოხსნეს და ხერსონის მიმართულებით გადაიყვანეს. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ხარკოვის, ზაპოროჟიეს მიმართულებები ღიად დარჩათ. დარტყმაც აქ მიიღეს. შეტევის დაგეგმარებისას ასე ხდება ხოლმე.
- უკრაინული კონტრშეტევა შეჩერდა თუ კიდევ უნდა ველოდოთ რამეს ფრონტზე?
- დიდი ალბათობით, შეჩერდა, რადგან რუსები მდინარე ოსკოლზე განლაგდნენ და მისი ცეცხლით გარღვევა საკმაოდ რთული იქნება. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რასაც მე ვუყურებ, ასეთი მასშტაბური თავდასხმისთვის, მაგალითად, კრივოი როგის ან ზაპოროჟიეს მიმართულებით - საკმარისი ძალა ჯერ არაა. ამიტომ უახლოეს მომავალში ოპერატიულ პაუზას უნდა ველოდოთ.
- მაგრამ ამასთან ბატონმა პასეჩნიკმა [ე.წ. ლსრ-ის მეთაური], დღეს თქვა, რომ უკრაინული დივერსიული დაჯგუფებები ლუგანსკის ოლქს უახლოვდებიან. ასევე ტელეგრამარხი „რეადოვკა“ იტყობინება, რომ ბრძოლები ქალაქ ლიმანთან მიმდინარეობს. რა შეიძლება ამაზე ითქვას?
- ეს ის ფსიქოლოგიური ზეწოლა და პანიკაა, რომელზეც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საუბრობდა. ლიმანისთვის იბრძვიან, ეს მიმართულება უკრაინის სამხედრო ძალებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს შეტევითი ბრძოლები არ არის. უფრო, ვიტყოდი, ფრონტის ხაზის გასწორებაა და მცდელობა, ლიმანი სანახევროდ ალყაში მოაქციონ.
- იზიუმის ალყის შემდეგ შეიძლება, რომ სლავიანსკმა, კრამატორსკმა შვებით ამოისუნთქონ? თუ კიდევ შეიძლება, რომ რუსებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთიდან დაარტყან?
- შეუძლებელია. მარცხენა ფლანგი ჩვენი დაჯგუფების, რომელიც ახლა სლავიანსკისა და კრამატორსკის რაიონებში იბრძვის დარტყმისგან სრულად არის დაზღვეული. ეს ამ ოპერაციის ერთ-ერთი ამოცანა იყო.
- ახლა რა მოხდება? ვამბობთ, რომ ფრონტი შეიძლება რაღაც დროის განმავლობაში შეჩერდეს. რუსეთის პასუხი რა იქნება?
- სამწუხაროდ, რუსეთის პასუხი გუშინ ვნახეთ. ისინი კონფრონტაციის ახალ ეტაპზე გადადიან - სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას ურტყამენ, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჯოხს ორი ბოლო აქვს. ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიებიც ორ ელექტროსადგურზეა დამოკიდებული. ელექტროსადგურები არის ბელგოროდის, როსტოვის, კურსკის რეგიონებში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ მისწვდნენ.
- მაგრამ რამდენად კრიტიკულია სიტუაცია უკრაინისთვის? ბევრგან, სადაც გუშინ შუქი ჩაქრა, დილით ისევ აინთო.
- თუ დარტყმები სისტემატური გახდა, საკმაოდ კრიტიკული იქნება. მით უფრო, რომ წინ ზამთარია.
- რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელები დილით წერდნენ, რომ უკრაინის ტექნიკა დონეცკთან არის თავმოყრილი, როგორც ვხვდები, ქალაქ უგლედართან. რომ უკრაინული „უპილოტოები“ გააქტიურებულია. ესეც რუსების პანიკაა?
- დიახ. ზოგი ამბობს, რომ არ არის საჭირო პანიკის ატეხვა ტელეგრამარხებზე, ტვიტერზე და სხვა სოციალურ ქსელებში, რომ ეს არ არის სწორი. სწორედ პანიკის გამო რუსები ბევრ შეცდომას უშვებენ, რომელიც რაღაც დროს შეიძლება ჩვენებმა გამოიყენონ.
- თქვენ ამბობთ, რომ სამხრეთით კონტრშეტევა შეუძლებელია, მაგრამ ასეთივე შეუძლებელი ამბები იყო ხარკოვის მიმართულებითაც. რომ სამხრეთით წინა კვირას ათამდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. როგორც ვხვდები, ეს პატარა სოფლებია. უკრაინული ჯარი რუსეთს ისევ ზურგიდან ურტყამს, ხარკოვის ოლქში. დილით წავიკითხე, რომ ხერსონში აფეთქებები შენიშნეს. რას შეიძლება აქ ველოდოთ?
- როგორც ვხვდები, ეს დამხმარე მიმართულებაა. ოღონდ აქ უბრალოდ მუდმივი წერტილოვანი დარტყმებია. ამით მოწინააღმდეგეს საშუალებას არ აძლევენ, ხერსონისკენ გადაისროლოს ძალები და იქაურობა გაამაგროს, იმ შეტევის წინ, რომელიც მოსალოდნელია.
- ამასთან, რა შანსი აქვს უკრაინის ჯარს, რომ რუსები ხერსონიდან გამოვლენ, დნეპრის მარჯვენა ნაპირს დატოვებენ?
- ეს ლოკალური ოპერაციებია. ეს ფლანგიდან დარტყმაა, რომ ხერსონი ვერ დაიცვან. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის ჯარისთვისაც არ იყო იოლი შეტევა. არის მსხვერპლი, ტექნიკური დანაკარგი. ასე რომ, ასე უცებ, ხარკოვის მიმართულებიდან ხერსონისკენ გადასროლა, კიდევ ერთი ოპერაციის ორგანიზება - პრაქტიკულად შეუძლებელია.
- როგორ ფიქრობთ, უკრაინის ასეთი ელვისებური კონტრშეტევის შემდეგ რუსული ჯარი რამე დასკვნებს გააკეთებს?
- კი, გააკეთებს. პირველი ეტაპზე ისწავლეს, რომ ლოგისტიკა ჯარისთვის მთავარია და ახლა ამ კუთხით სერიოზულად მუშაობენ. ახლა ვფიქრობ, იმ გენერლებს შეცვლიან ან უკვე ცვლიან, რომლებიც უკრაინაში ომზე არიან პასუხისმგებლები. ცხადია, რომ ის პრაქტიკა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში მისდევდნენ - ცეცხლის გახსნა და გაუწვრთნელი ფეხოსანი ჯარის ხშირად გამოყენება - არ მუშაობს. უკრაინულმა ჯარმა უზუსტესი იარაღი მიიღო და გაცილებით მობილური გახდა. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გასცდნენ საბჭოთა და რუსულ სამხედრო ხელოვნებას.