მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტარი ეკა ბესელია და მისი მომხრე დეპუტატები პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ.
6 მარტს, რუსთავში, ეკა ბესელიამ რადიო თავისუფლებას განუცხდა, რომ პარტიის პრეზენტაცია რამდენიმე თვეში იქნება და დასძინა, რომ ახალი ძალის სახელწოდებაზე თანამოაზრეები „ერთად იფიქრებენ“.
ეკა ბესელიას თქმით, ის და მისი მხარდამჭერები მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ფორუმში, რომელიც 13 აპრილს ფილარმონიაში გაიმართება.
„მე ამ მოძრაობის მონაწილე და მხარდამჭერი ვარ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელმაც დეპუტატების ჯგუფთან ერთად, რუსთავში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტის პრეზენტაცია მოაწყო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის იზიარებს „დაიცავი საქართველოს“ ხედვას, რომლის თანახმად, ცვლილებებისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბრძოლა და დაიბადოს ახალი პოლიტიკური ძალა.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, ახალი პოლიტიკური ძალა გაიზიარებს თუ არა, სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციას, 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, ბესელიამ უპასუხა, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ხოლო საკითხი მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტოს.
პარლამენტარმა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა რუსთავში გამართულ შეხვედრაზე, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ მათი პარტია რომელ ძელებთან ითანამშრომლებს. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციაში კიდევ არიან პარლამენტარები, მათ შორის, მაჟორიტარები, რომლებიც მათ პოზიციას იზიარებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს დეპუტატები „რადიკალურ ნაბიჯს ამ ეტაპზე არ დგამენ“.