„ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველაზე უკეთ იქნება მომზადებული. პოლიტიკურ ოპოზიციასა და საექსპერტო წრეში თითქმის დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო გაწევრიანების შანსს ვერ გამოიყენებს.
რა შესაძლებლობაა და ვისთვის?
„[ევროკავშირის] გაფართოება აღარ არის ოცნება, წინსვლის დროა“, - ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ეს სიტყვები 28 აგვისტოს, სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას თქვა და დაამატა, რომ 2030 წლისთვის, გაფართოებისთვის, უნდა მოემზადოს ორივე მხარე - როგორც ევროკავშირი, ასევე მომავალი წევრებიც.
ამ კონტექსტში მიშელი ახსენებს უკრაინასა და მოლდოვას, როგორც უკვე კანდიდატ ქვეყნებს და საქართველოსაც - რომელიც ასევე მიიღებს კანდიდატის სტატუსს - „როდესაც ისინი [საქართველო] დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს“.
მიშელი გარანტიებს არავის აძლევს. ითქვა, რომ გაწევრიანება დამსახურების მიხედვით მოხდება და მნიშვნელოვანი ასპექტებიც დასახელდა:
- კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო;
- ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლა;
- ევროპული ეკონომიკური სტანდარტის დანერგვა;
- საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან თავსებადობა.
შარლ მიშელის სიტყვებს სკეპტიკურად უყურებენ „ქართულ ოცნებასა“ და მის განაყოფ „ხალხის ძალაში“, სადაც ისედაც მყარია რწმენა, რომ ევროკავშირმა საქართველო დაჩაგრა და 2022 წლის ივნისში უსამართლოდ უთხრა უარი კანდიდატის სტატუსზე. მაგალითად, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს ვადა ხანგრძლივად ეჩვენება და ამბობს, რომ 2030 წლის დასახელებამ, შესაძლოა, ევროსკეპტიციზმის ზრდას შეუწყოს ხელი.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ მიშელის სიტყვები დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ 2030 წლისთვის, მისი რწმენით, საქართველო, „ოცნების“ დამსახურებით, მოწინავე პოზიციაზე იქნება.
„2030 წლისთვის ვინ იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება საქართველო სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. ... 2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივა, ეს საქართველო იქნება, თუმცა ჩვენ ამასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა გვჭირდება“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
თუმცა ოპოზიცია ხელისუფლებას უმეორებს, რომ არათუ წევრობა, „ოცნების“ პირობებში, ჯერ სათუოა კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რაც აუცილებელია გაწევრიანებისთვის.
აქცენტები ამ მხრივ კვლავ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე კეთდება.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირის წინასწარი პასუხი - ოქტომბერში, ხოლო საბოლოო პასუხი დეკემბერში ექნება.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილის შეუსრულებლობის მიუხედავად, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, თუმცა ფიქრობს, რომ „კანდიდატის სტატუსი იქნება მაქსიმუმი, რაც ამ ხელისუფლების პირობებში შეიძლება მიიღოს საქართველომ“.
„საზოგადოების განწყობების გამო შეიძლება ეს სტატუსი მოგვცენ, მაგრამ უკვე შემდგომ ეტაპზე - რომელზეც უკრაინა და მოლდოვა გადავლენ [გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე - რ.თ.] - ჩვენ გვექნება დიდი შეფერხებები. დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რეპუტაციული ზიანი დასავლეთში, მათ შორის - ევროკავშირში“, - ეუბნება კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებას.
- „ოცნების“ საგარეო პოლიტიკის დამაზიანებელ ასპექტებს შორის ექსპერტები ხშირად ასახელებენ: დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირებას, ძირეული რეფორმებისთვის თავის არიდებასა თუ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას.
- ჩამონათვალს ბოლო პერიოდში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მოულოდნელი გადაწყვეტილებაც დაემატა.
როგორც „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მთავრობის მიერ პარლამენტის გვერდის ავლით მიღებული გადაწყვეტილება - აჩენს შეკითხვებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებთან მიმართებითაც, რადგან „წინასწარი კონსულტაციების გარეშე“ მისი „პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქვეყნის“ სტრატეგიული პარტნიორი ხდები. გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას „კანდიდატის სტატუსი არ სჭირდება“, თორემ საქართველო აქამდეც მიიღებდა.
„კანდიდატის სტატუსზე მეტად, მათ [ხელისუფლებას] სჭირდებათ სრული ჩაურევლობა - რომ არავინ გააკრიტიკოს გარედან... აი, ჩინეთი არ გააკრიტიკებს არც არჩევნების გამო და არც არაფრის გამო“, - ეუბნება გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას.
შარლ მიშელის სიტყვები - ევროკავშირის 2030 წლისთვის გაფართოების შესახებ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
„პოლიტიკო“ წერს, რომ გაფართოების საკითხი დიდი ხნის განმავლობაში იყო დამუხრუჭებული და დებატები უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე გააქტიურდა. თუმცა გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ - ევროკომისია სავარაუდო თარიღების დასახელებისგან იკავებს თავს და აქცენტს კანდიდატ ქვეყნებთან მუშაობის გააქტიურებაზე აკეთებს.
ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიებში ყურადღება მახვილდება ძირითადად 8 ქვეყანაზე, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და მათ შორის არ არის საქართველო.
ხორვატია იყო 27-ე წევრი, რომელიც ევროკავშირს ათი წლის წინ შეუერთდა.
გაფართოება - მიშელის სურვილი თუ მეტი?
ევროკავშირის 2030 წლამდე გაფართოებაზე საუბარი 28 აგვისტოს არ დაწყებულა. გაფართოების საკითხის „ამ ათწლეულის ბოლომდე“ გადაწყვეტის, დაჩქარების ინიციატივით ევროპარლამენტმა ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მოუწოდა ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს. ევროპარლამენტი ამ გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემის კონსენსუსის წესის შეცვლის ინიციატივითაც გამოვიდა.
გაფართოების საკითხი 21 აგვისტოს, ათენის სამიტის ფარგლებშიც წამოსწიეს, რომელშიც საქართველო [უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით] არ მონაწილეობდა.
საქართველო არ არის ნახსენები შარლ მიშელის მიერ, 21 აგვისტოს, ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ათენში შეკრებილი ლიდერების ერთობლივ ფოტოს ერთვის. ფოტოზე ჩანან უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ.
„დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი. გაფართოება ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად რჩება - როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების განმტკიცების მძლავრი ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა გამოვნახოთ წინსვლის გზა - რათა რეალობად ვაქციოთ ევროპის ეს ხედვა“, - დაწერა მაშინ შარლ მიშელმა, ჰეშთეგით #გაფართოება (#Enlargement).
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც მეორე, 2.5-წლიანი ვადით 2022 წლის ივნისში აირჩიეს. უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 30 ნოემბერს ამოეწურება.
- 2030 წლისთვის გაფართოებაზე მის "გულუხვ" განცხადებებს ექსპერტები ნაწილობრივ იმასაც მიაწერენ, რომ დაპირებები მისი შესასრულებელი აღარ იქნება. თუმცა ასევე დარწმუნებული არიან, რომ ევროკავშირში გაფართოების საკითხის მიმართ არასათანადო მზაობის შემთხვევაში, საკითხს ვერც შარლ მიშელი გაახმაურებდა.
რადიო თავისუფლების ევროპის მიმართულების რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა - „მოხდება თუ არა გაფართოება“, უკვე ჩაანაცვლა შეკითხვებმა - „როდის“ და „როგორ“. ამას ის ფაქტი ამყარებს, რომ გაფართოების მომხრეებად იქცნენ ყველაზე სკეპტიკოსი ძლიერი ქვეყნები - გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც, იოზვიაკის თქმით, თავიანთ პირველ მოსაზრებებს უკვე სექტემბერში წარმოადგენენ.
იოზვიაკი დარწმუნებულია, რომ „ევროკავშირის გაფართოება კვლავ ძალიან ცხელ საკითხად იქცევა“; ოქტომბერსა და დეკემბერში, ბრიუსელში შეხვედრისას, „ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, როგორ შეიძლება ფუნქციონირებდეს უფრო დიდი ევროკავშირი“ და „ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც წინ წასწევენ წევრების მიღების პროცესს“. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დასახელებულ თარიღებზე სწორება მცდარია, რადგან შეიძლება შეიცვალოს.
კორნელი კაკაჩიას შეფასებით, შარლ მიშელის განცხადებები ევროკავშირში გაფართოების პოლიტიკის მიმართ ძირითადად დადებით განწყობაზე მიუთითებს, მაგრამ „2030 წელი გარანტირებული ვადა არ არის“ და პროცესები, შესაძლოა, დაგვიანდეს ან დაჩქარდეს კიდეც.
ანალიტიკოსის შეფასებით, გაფართოების საკითხის სიცოცხლისუნარიანობა და ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება არაერთ ფაქტორზე და მათ შორის: როგორი იქნება ევროპარლამენტის 2024 წლის შედეგები; რამდენად გაძლიერდებიან ან შესუსტდებიან ულტრამემარჯვენე ძალები ევროპაში და, ყველაზე მთავარი - როგორი დასასრული ექნება რუსეთ-უკრაინის ომს.