Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის გაფართოების ამბიციები: მიიღეთ კარგი ამბები, ოღონდ ვადებს ნუ იკითხავთ


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე, გაგვაცნო თავისი შეხედულება ევროკავშირის გაფართოების შესახებ: „მე ვფიქრობ, ორივე მხარეს უნდა ვიყოთ მზად 2030 წლამდე გაფართოებისთვის“. ის დარწმუნებულია, რომ „დროა, თავი დავაღწიოთ გაურკვევლობას. დროა, გამოწვევებს გავუმკლავდეთ სიცხადით და გულწრფელობით. დამაჯერებელი რომ ვიყოთ, ვფიქრობ, ამისთვის უნდა ვისაუბროთ ვადებსა და საშინაო დავალებაზე.“

ეს რთულია. ევროკავშირის გაფართოების საკითხი სულს ღაფავს მას შემდეგ, რაც ხორვატია, აქამდე ბოლო წევრი, რომელიც შეუერთდა ბლოკს, წევრი გახდა ათი წლის წინ. თავად მიშელმა გამოყო რამდენიმე პრობლემა: დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. მაგრამ ასევე, ეკონომიკური მზადყოფნა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად მომავალი წევრი ქვეყნების მშპ ევროკავშირის ყველაზე პატარა ეკონომიკის დაახლოებით 50-70%-ს შეადგენს. და, ამას გარდა, ის, რაც ბრიუსელისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზანთან შესაბამისობა - განსაკუთრებით რუსეთისა და ბელარუსის მიმართ ევროკავშირის მუდმივად მზარდი სანქციების საკითხში.

მაშ, რა წამალს გვთავაზობს ის? შესაძლოა, ყველაზე საინტერესო მის სიტყვაში იყო მინიშნება დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვთ და რომელთა ლიდერებიც ესწრებოდნენ გამოსვლას: „უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ არ მოხდეს წარსული კონფლიქტების ტრანსპორტირება ევროკავშირში. და რომ არ მოხდეს მათი გამოიყენება მეზობლებისა და მომავალი წევრი ქვეყნების მიღების დასაბრკოლებლად. ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს გაწევრიანების ხელშეკრულებებში ე.წ ‘ნდობის პუნქტის’ ჩამატება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ახლახან მიღებულმა ქვეყნებმა ვერ დაბლოკონ მომავალი წევრი ქვეყნები.“

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ როგორაა ამჟამინდელი წევრი ქვეყნების საქმე, რომლებიც ბლოკავენ პროცესს? მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ საბერძნეთი, საფრანგეთი და ბულგარეთი, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიას სხვადასხვა ფაზაში გადაუკეტეს ევროკავშირის გზა ორმხრივი პრობლემებისა და/ან შიდა პოლიტიკის გამო. მიშელის გამოსვლაში იყო ზოგი მინიშნება. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში საკითხების ერთსულოვნად გადაწყვეტის წესის მთლიანად უარყოფას. მისი თქმით, „ერთხმად გადაწყვეტილების მიღების წესის გაუქმება შეიძლება იყოს ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლება“ და რომ „ერთობა ევროკავშირის სიძლიერის საფუძველია“.

ამის ნაცვლად მან ახსენა კონცეფციები, რომლებიც უკვე განიხილებოდა ბრიუსელის წრეებში, როგორიცაა „კონსტრუქციული თავშეკავება“, რაც გამოიყენებოდა, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვიტა დაეფინანსებინა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რაც არსებითად გულისხმობს, რომ წევრი ქვეყანა ამ საკითხზე კენჭისყრაში არ მონაწილეობს და უბრალოდ არც ვეტოს ადებს და არც თანხმობას აცხადებს. მან ასევე ახსენა, რომ „არსებობს სხვადასხვა გზა, ადაპტირდეს კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრა (ევროკავშირში ხმის მიცემის წესი, რომელიც ნიშნავს, რომ რაღაც მიღებულია, როდესაც წევრი ქვეყნების 55% წარმოადგენს ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65%-ს) რიცხვებით თუ იმის მიხედვით, თუ როგორ და როდის გამოვიყენებთ მას.“ თუმცა ერთსულოვნება უზენაესია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, ისევე როგორც გაფართოების პოლიტიკაში, და თავად ამის შეცვლას რაიმე ფორმის ერთსულოვნება დასჭირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რთული ამოცანაა.

ასეთი სიტყვის გარჩევისას ღირს ზოგი რამის გახსენება. ბრიუსელში პირველი წესი გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასეთია: მომავალი გაფართოებების შესახებ მარჩიელობა „ბრიყვების“ თამაშია. ეს ადრეც გაკეთებულა და ყოველთვის ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩენილა. მე მსმენია, რომ სხვადასხვა თარიღს ახსენებდნენ ხოლმე. აქ არის ერთი ჩემი საკუთარი რეპორტაჟიდან ევროკომისიის დასავლეთ ბალკანეთის 2018 წლის სტრატეგიის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ მონტენეგრო და სერბეთი 2025 წლისთვის უნდა იყვნენ მზად ევროკავშირის წევრობისთვის და ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და ჩრდილოეთი მაკედონია იმ დროისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კარგად უნდა იყვნენ დაწინაურებულნი. ახლა 2023 წლის ადრეული შემოდგომა გვაქვს და ცხადია, რომ დასავლეთ ბალკანეთიდან ევროკავშირის წევრობის იმედის მომცემთა შორის არცერთი არ იქნება წევრი ორ წელში. ფაქტობრივად, სამართლიანობა (და, შეიძლება, ცოტა გულუხვობაც) იქნებოდა იმის თქმა, რომ ყველა მათგანმა, უკეთეს შემთხვევაში, ციცქნა ნაბიჯები გადადგა მიზნისკენ, მაგრამ გაწევრიანებასთან ახლოსაც კი არცერთი არ მისულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, უფრო მეტს მოისმენთ ამ პროგნოზებს. რატომ? ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველ რიგში იმიტომ, რომ ევროკავშირის გაფართოება კვლავ ძალიან ცხელ საკითხად იქცევა. მასში უკვე გაფართოების მოწინააღმდეგე ევროკავშირის დასავლეთის წევრებიც მონაწილეობენ. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, როგორ შეიძლება ფუნქციონირებდეს უფრო დიდი ევროკავშირი, როცა ისინი ბრიუსელში გამართავენ შეხვედრებს ოქტომბერსა და დეკემბერში. სავარაუდოა, რომ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც წინ წაწევენ წევრების მიღების პროცესს. მაგალითად, მწვანე შუქს აუნთებენ გაწევრიანების თაობაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, შესაძლოა საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდეს და, პოტენციურად, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის დაიწყოს სხვადასხვა პოლიტიკური თავი შერჩევის პროცესის შემდეგ, რომელმაც თითქმის 18 თვე გასტანა.

მაგრამ (და ეს არის მეორე მიზეზი) იმიტომაც, რომ ვადა ეწურება ზოგიერთს, მათ შორის თავად ბატონ მიშელს. მომავალ წელს ამ დროს ის აღარ იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. და მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს ბელგიის პრემიერის პოსტზე, საკმაოდ დიდია შანსები, რომ მას აღარ შეეძლება ევროკავშირის გაფართოების თაობაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება 2030 წლისთვის ან მის წინა პერიოდში. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მას შეუძლია თავს უფლება მისცეს, ახლა იყოს ამბიციური და მეტი რამე თქვას, ვინაიდან გადაწყვეტილება მისი მისაღები არ იქნება. გასაკვირი არ იქნება, თუკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენიც დადებით შენიშვნებს გამოთქვამს თავის ყოველწლიურ გამოსვლაში „ევროკავშირის ვითარების შესახებ“ 13 სექტემბერს. მით უმეტეს, რომ ეს მისი უკანასკნელი ასეთი გამოსვლა შეიძლება იყოს, თუკი მას ხელახლა არ აირჩევენ 2024 წელს.

მიუხედავად ყოველგვარი სკეპტიციზმისა და ეჭვებისა, ღირს აღინიშნოს ერთი უკანასკნელი ასპექტი: თუკი მიშელმა, რომელიც მუდმივ კავშირშია 27 წევრი ქვეყნის ლიდერებთან, საკმარისად უსაფრთხოდ იგრძნო თავი, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ასეთი დადებითი სიტყვით გამოსულიყო, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ არსებობს გაფართოების რეალური იმპულსი. შესაძლოა, მან მუდამ არ იარსებოს - არჩევნები, ეკონომიკური დაღმასვლა და სხვა „შავი გედები“ მუდმივად იჩენს თავს, მაგრამ უახლოეს თვეებში შეიძლება მოველოდეთ რაღაც სახის ციცქნა ნაბიჯებს ევროკავშირის გაფართოების საკითხში. ოღონდ ვადებს ნუ იკითხავთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG