ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქალაქებში ისრაელის საწინააღმდეგო დემონსტრაციების კვალდაკვალ, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტი 1000-ზე მეტმა ადამიანმა დაიკავა და თელ-ავივიდან გამოფრენილი თვითმფრინავისა და ებრაელი მგზავრების ძებნა დაიწყო.
მოსკოვში ძალადობრივი გამოსვლების უკან „უკრაინული კვალი“ „დაინახეს“. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ „რუსეთში ანტისემიტიზმი და ზიზღი სხვა ერებისადმი სისტემურია და ღრმად ფესვგადგმული“.
ექსპერტები ადასტურებენ - ანტისემიტიზმი არ არის უცხო არც დაღესტნისთვის და არც მთლიანად რუსეთისათვის.
ამ სტატიაში გიამბობთ:
- რა მოხდა დაღესტანში 29-30 ოქტომბრის მიჯნაზე;
- როგორ უპასუხა კრემლმა არეულობას;
- რა ისტორია აქვს ანტისემიტიზმს დაღესტანსა და მთლიანად რუსეთში.
არეულობა აეროპორტში
კვირას, 29 ოქტომბერს რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის - დაღესტნის დედაქალაქში ანტისემიტური აქციის ათასზე მეტმა მონაწილემ მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავა. ისინი ისრაელის ქალაქ თელ-ავივიდან გამოფრენილ თვითმფრინავს ელოდნენ.
დემონსტრანტებმა აეროპორტში მიიტანეს პალესტინელთა დროშები და პლაკატები ანტისემიტური ლოზუნგებით.
„ბავშვების მკვლელებს არაფერი ესაქმებათ დაღესტანში“, - ეწერა ერთ-ერთ ბანერზე.
ძალადობრივი აქციის მონაწილეები რეგიონიდან ებრაელების განდევნას ითხოვდნენ.
მათ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და აეროპორტის ინფრასტრუქტურაც დააზიანეს. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო.
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის რეისი თელ-ავივი-მაჰაჩყალა ადგილობრივი დროით 19:17 საათზე დაეშვა აეროპორტში.
ბრბომ, რომელმაც შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო, მალევე შეაღწია ასაფრენ ზოლზე და ერთ-ერთ თვითმფრინავში შეჭრაც კი სცადა.
ფოტომ, სადაც ჩანს, როგორ ეძებენ დემონსტრანტები ებრაელებს ტელეფონში ანთებული მაშუქით თვითმფრინავის ტურბინულ ძრავაში, სოციალური ქსელები მოიარა.
შეჭრამდე დემონსტრანტები აეროპორტიდან გამომსვლელებს დოკუმენტებს უმოწმებდნენ წარმომავლობის დასადგენად. თვითმხილველთა თქმით, ამოწმებდნენ ავტომობილებს, - პოლიციის ავტომობილებსაც კი.
როგორც თვითმხილველი უამბობს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს, თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელსაც ისრაელში სამკურნალოდ წასული და ახლადდაბრუნებული ქალები და ბავშვები გადაჰყავდა; პასპორტი წაართვეს უზბეკ ექიმს, რომელიც ებრაელად მიიჩნიეს - შეცდომით.
და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისრაელმა მოსკოვს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა, ხელისუფლებამ აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნა.
გვიან ღამით გამოაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
საერთაშორისო მედია წერს, რომ დაღესტნის მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სერიოზული გავლენა აქვს მსოფლიოზე ჰამასი-ისრაელის ბოლო დაპირისპირებას.
ხელისუფლების პასუხი
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება აეროპორტში შეჭრის ფაქტზე კომენტარს დიდხანს არ აკეთებდა. ინფორმაცია არც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა.
პირველი ოფიციალური ცნობა სამი საათის დაგვიანებით გამოქვეყნდა: ,საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობების მუხლითო.
სამართალდამცავებმა - სპეცდანიშნულების რაზმმა - აეროპორტის აჯანყებულებისგან გაწმენდა მხოლოდ ღამის ორი საათისთვის მოახერხეს, - არეულობის დაწყებიდან შვიდი საათის შემდეგ.
რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს თვითმხილველები უდასტურებენ, რომ თავდაპირველად, ნაცვლად დაკავებისა, პოლიციელები ბრბოს დამშვიდებას ცდილობდნენ - ეუბნებოდნენ, გვესმის თქვენი, უცხოები ხომ არა ხართ, დამშვიდდითო.
რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ცნობის თანახმად, 60 ადამიანი დააკავეს, ჯამში კი „150-ზე მეტი მონაწილე ამოიცნეს“ და „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“. ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობაში დაახლოებით 1200 ადამიანი მონაწილეობდა.
რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ თავდაპირველად თქვა, რომ აეროპორტს 6 ნოემბრამდე დაკეტილს დატოვებდა, მაგრამ ორშაბათ დილას გეგმა შეცვალა და განაცხადა, რომ „ტერმინალის, აეროდრომისა და მიმდებარე ტერიტორიის სიღრმისეული შემოწმების შემდეგ“, ფრენები სამშაბათიდან, 31 ოქტომბრიდან აღდგება.
კრემლი „უკრაინულ კვალს“ ხედავს
ორშაბათს, 30 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ დაღესტნის მმართველ სერგეი მელიკოვზე დაყრდნობით დაწერა, რომ აჯანყება კოორდინირებული იყო „ტელეგრამ-არხის“ მიერ, რომელსაც „უკრაინაში ბაზირებული მოღალატეები მართავენ“, რათა რეგიონში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დემონსტრაციას „წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა.
რუსეთის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენები მიმართულია „ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივებისკენ და მიზნად ისახავს რუსეთში სამოქალაქო მშვიდობის დესტაბილიზაციას“.
რუსული გამოცემა „მედიაზონა“ წერს, რომ ტელეგრამის ის გვერდი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია - Утро Дагестан, - ილია პონომარიოვის დაფუძნებულია. პონომარიოვი ახლა უკრაინაში ცხოვრობს და რუსეთში ცენტრალური ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობას უჭერს მხარს.
ამერიკული კვლევითი ცენტრი „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW), რომელიც რუსეთში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, წერს, რომ ისრაელიდან ჩასული მგზავრების წინააღმდეგ აქციისკენ მოწოდებები სოციალური ქსელებით წინა დღიდანვე ვრცელდებოდა. მისი ცნობით, ჭორები, თითქოს რუსეთის ხელისუფლება დაღესტანში „ებრაელი ლტოლვილების“ ჩასახლებას გეგმავდა, შაბათ-კვირას გამოჩნდა სწორედ ამ ტელეგრამ-არხზე, რომელსაც 65 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
Утро Дагестан-მა შაბათს დაწერა, თითქოს
- ისრაელელი დევნილები დაღესტნის კიდევ ერთ ქალაქში, ხასავიურტში მდებარე სასტუმროში იყვნენ განთავსებულნი;
- გამოაქვეყნა თელ-ავივიდან დაგეგმილი ფრენის განრიგის „სკრინი“;
- დააანონსა საპროტესტო დემონსტრაცია მაჰაჩყალაში და მოუწოდა მაჰაჩყალის მოსახლეობას, აეროპორტში დემონსტრაცია გაემართათ.
მაგრამ ISW არ საუბრობს არხის პონომარიოვთან რაიმე კავშირზე.
Associated Press-ის თანახმად, პონომარიოვს ადრე ნათქვამი აქვს, რომ ამ არხთან კავშირი აღარ აქვს.
Finantial Times-ის ცნობით კი, პონომარიოვმა 29 ოქტომბერსაც თქვა, რომ წელიწადზე მეტია, არხს არ აკონტროლებს.
სწრაფი ცნობები დაღესტანზე - რა უნდა იცოდეთ
ჩეჩნეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეზობლად მდებარე დაღესტანი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაშია.
დაღესტანი უდიდესი რესპუბლიკაა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც ფართობით, ისე მოსახლეობის რაოდენობით. იქ სამ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს - ძირითადად სუნიტი მუსლიმები.
ამავე დროს, ის ერთ-ერთი ყველაზე ჭრელი დასახლებაა მსოფლიოში, როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური შემადგენლობით. ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი მხოლოდ თითო-ოროლა სოფელში თუ შეგხვდებათ.
სხვადასხვა ცნობით, დაღესტანში ამჟამად ებრაელების რიცხვი 1000-ის ფარგლებშია. და მათი უმრავლესობის წინაპრები იქ დიდი ხნის განმავლობაში სახლობდნენ. მთის ებრაელები - ასე უწოდებენ მათ. საუბრობენ ფარსის (სპარსული ენის) ერთ-ერთი დიალექტზე.
დაღესტანზე გადის მოსკოვი-ბაქოს რკინიგზა და კასპიის ზღვიდან რუსეთის შუაგულისკენ მიმავალი ნავთობისა და გაზის მილსადენები.
საქართველოს მთებით კი ესაზღვრება, მაგრამ ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი გზა არ არსებობს.
თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში, 2017 წლამდე, შეიარაღებული ისლამური დაჯგუფებები, რომელთაც რუსეთის უსაფრთხოების ძალები ებრძოდნენ, ჩეჩნეთთან და ინგუშეთთან ერთად, დაღესტანსაც აფარებდნენ თავს.
ანტისემიტიზმი დაღესტანსა და რუსეთში
ISW-ის შეფასებით, ანტისემიტური დემონსტრაციები ჩრდილოეთ კავკასიაში „ხაზს უსვამს ეთნიკურ და რელიგიათაშორის დაძაბულობას რუსეთში“.
რუსლან გერეევი, ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის კვლევის ცენტრის დირექტორი რადიო თავისუფლების ჩრდილო კავკასიურ სამსახურთან საუბარში ამბობს, რომ მაჰაჩყალაში მომხდარი არ არის ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ მიმართული ერთადერთი საჯარო გამოსვლა ბოლო დღეებში. კერძოდ:
- 28 ოქტომბერს, ასობით ადამიანი შეიკრიბა დაღესტნის კიდევ ერთ ქალაქში, ხასავიურტში მდებარე სასტუმროში - იმავე მოტივაციით;
- იმავე ღამით დაწვეს ებრაული კულტურის მშენებარე ცენტრი ნალჩიკში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში;
- 28 ოქტომბერსვე გაიმართა იმავე შინაარსის აქცია ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში.
დმიტრი დუბროვსკი, პრაღაში კარლის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ისე ჩანს, უკრაინის „დენაციფიკაციის განმახორციელებლებმა“ ებრაელების პოგრომი მოაწყვესო:
„რუსეთში ანტისემიტიზმი არსად არ გამქრალა... რა თქმა უნდა, კრემლს არ სურს აეროპორტში პოგრომის რეალური მიზეზის გაგება. მან უკვე გამოკვეთა თავისი პოზიცია - ყველაფერი „ბანდერელების“ ტელეგრამ-არხების ბრალია და ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ სულელია. სიმართლის თქმა ნიშნავს ანტისემიტური განწყობების არსებობის აღიარებას, რასაც პრეზიდენტი პუტინი არ გააკეთებს“, - ამბობს დუბროვსკი.
დაღესტანში, დერბენტში მდებარე სინაგოგის რაბინმა, არტურ (ოვადია) ისაკოვმა თქვა, რომ 300-400-მდე ებრაელი ოჯახი ეჭვის თვალით უყურებს თავიანთ მომავალს ამ რესპუბლიკაში.
რაბინი ისაკოვი 2013 წელს თავად გახდა სავარაუდო ანტისემიტური თავდასხმის სამიზნე - უცნობმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შემდეგაც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც უკრაინულ-ებრაული ოჯახიდან არის, განაცხადა, რომ დაღესტნის პოგრომის მცდელობა „არ არის იზოლირებული ინციდენტი“ და „ნაწილია სხვა ერების მიმართ რუსეთის ფართოდ გავრცელებული ზიზღის კულტურისა, რის პროპაგანდასაც აქტიურად ეწევიან სახელმწიფო ტელევიზია, ექსპერტები და ლიდერები“.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ:
- გასულ წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს „ანტისემიტური განცხადებების მთელი წყება აქვს გაკეთებული“;
- „ანტისემიტურ სალანძღავ სიტყვებს იყენებს რუსეთის პრეზიდენტიც“;
- „რუსეთის პროპაგანდის მოლაპარაკე თავებისათვის სიძულვილის რიტორიკა რუტინის ნაწილია“.
სერგეი ლავროვმა 2022 წელს ზელენსკის კრიტიკისას თქვა, რომ „ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი“, რამაც მწვავე კრიტიკა გამოიწვია ისრაელში. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ ეს სიტყვები „არა მხოლოდ უპატიებელი და აღმაშფოთებელია - ისინი ასევე საშინელ ისტორიულ შეცდომას წარმოადგენს. ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს“.
„რუსეთის ანტისემიტიზმი და ზიზღი სხვა ერებისადმი სისტემური და ღრმად ფესვგადგმულია. ზიზღი არის ის, რაც ასულდგმულებს აგრესიასა და ტერორს. ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რათა მას წინ აღვუდგეთ“, - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტვიტერზე.