Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისრაელის საზოგადოებისთვის ეს იგივეა, რაც წითელი ნაჭერი ხარისთვის". პოლიტოლოგი ზეევ ხანინი ლავროვის სკანდალური სიტყვების შესახებ


სერგეი ლავროვი. 2022 წლის მარტი.
სერგეი ლავროვი. 2022 წლის მარტი.

რუსეთსა და ისრაელს შორის კვლავ გრძელდება "ანტისემიტური" სკანდალი, რომლის მთავარი მონაწილე გახდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

შეგახსენებთ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსმა დიპლომატმა ინტერვიუ მისცა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ს უკრაინაში ომის შესახებ. კერძოდ, მას დაუსვეს შეკითხვა, როგორ ესადაგება მოსკოვის განცხადებები უკრაინის "ნაციფიკაციასა" და "ნაცისტურ" რეჟიმზე კიევში იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ებრაელია.

ლავროვმა ამაზე უპასუხა:

"მას მოჰყავს არგუმენტი: რა ნაციფიკაცია შეიძლება იყოს მათთან, როცა ის ებრაელია? შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, აირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ლავროვის სიტყვები "უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომაა", ასევე თქვა ისიც, რომ ისრაელი ბოდიშის მოხდას ელის ლავროვისგან. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბოდიში არ მოუხდია: ამის ნაცვლად, მისმა უწყებამ ისრაელი დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყანა მხარს უჭერს "ნაცისტებს" უკრაინაში.

როგორ მოეკიდნენ ლავროვის სიტყვებს ისრაელში და რა შედეგებს მოუტანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს "ანტისემიტური" სკანდალის არსებობა? "ნასტოაშჩეე ვრემიამ" ეს შეკითხვები დაუსვა ისრაელელ პოლიტოლოგს, ზეევ ხანინს.

- როგორ მოეკიდნენ ისრაელის მოქალაქეები ლავროვის სიტყვებს? რამდენად არის ეს ახლა მთავარი თემა ქვეყნისთვის?

- ამის შესახებ ლაპარაკობს პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე, თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება ყველა შესაძლო ენაზე: ივრითზე, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და ა.შ.

ეს მართლა ერთგვარად შოკის მომგვრელი განცხადებაა. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამართლებას ან საუბრობენ იმაზე, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და მას ეს არ უგულისხმია. ასეთი მოსაზრებებიც არსებობს. მაგრამ ხალხის უმრავლესობა ან მხრებს იჩეჩავს, ან აკრიტიკებს.

- და დიპლომატიური თვალსაზრისით რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ლავროვის სიტყვებს? შეიძლება საქმე დიპლომატების, ელჩების გაძევებამდე, ან საერთოდ ურთიერთობების გაწყვეტამდე მივიდეს?

- ჯერჯერობით ასეთი პირი არ უჩანს. დიდი ალბათობით, არცერთი მხარე - არც მოსკოვი და არც იერუსალიმი - არ იქნება დაინტერესებული ურთიერთობებში ესკალაციით. თუმცა, ურთიერთგაგების ადრინდელი დონის მიღწევა, ალბათ, უკვე [აღარ გამოვა]. არ შემიძლია წინასწარ იმის თქმა, თუ რამდენად.

მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ის სიტუაციაა, როცა ისრაელს უკვე აღარ შეუძლია მხოლოდ მეთვალყურე იყოს. სინამდვილეში, ისრაელი არც იყო მხოლოდ მეთვალყურე - ის შეუერთდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას.

მაგრამ ორივე მხარე ცდილობდა ფრთხილად მოქცეულიყო ამ ვითარებაში, რათა არ დაერღვიათ ის შეთანხმებები და ურთიერთგაგება, რაც მიღწეული იყო წინა წლების განმავლობაში.

ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ ისრაელის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა იმყოფება ძლიერი რუსული დაჯგუფება, რომელიც ფარავს ირანის და მისი მოკავშირეების ყოფნას, ასევე ასადის რეჟიმს, ერთი მხრივ.

და ის ინარჩუნებს იმ ძალებს, რომლებიც იქ არიან, რათა განავითარონ დასაყრდენი იმ შემთხვევაში, თუ ისრაელ-ირანის ომი ფარული ჰიბრიდული ფაზიდან ღია ფაზაში გადავა.

მეორე მხრივ, ეს ირანული, პროირანული და ასადის ძალები იქ საკმაოდ სერიოზულ, რუსულ სამხედრო-საჰაერო სახმელეთო დაჯგუფებას აკავებენ, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგან იქნებოდა.

ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, კონფლიქტის ესკალაციის ინტერესი არ არსებობს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ დიპლომატიურ ველზე უწინდელი სიმშვიდე და სიწყნარე და ღვთის წყალობა სუფევს, რომელიც არასდროს ყოფილა. მაგრამ იყო გაგება იმის, რომ ნავის რყევა არ ღირს, - ეს განწყობა, როგორც ჩანს, ქრება.

თუ ნებას დამრთავთ, ვუპასუხებ კითხვას, რომელიც არ დაგისვამთ, კერძოდ, მთელ ამ ებრაულ თემაზე. როგორც ჩვენ შესანიშნავად გვესმის, ისრაელის საზოგადოებისთვის ეს იგივეა, რაც წითელი ნაჭერი - ხარისთვის.

უნდა ითქვას, რომ როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის სიტუაცია, რომელშიც უკრაინელები აღმოჩნდნენ, ებრაელი ხალხის კატასტროფას (ჰოლოკოსტს) შეადარა, ისრაელში ყველამ ეს ვერ გაიგო.

უფრო სწორად, გაიგეს, რატომ ამბობს ის ამას, გაიგეს, რა მდგომარეობაში იმყოფება უკრაინის ლიდერი და უკრაინელები დღეს, მაგრამ ჩათვალეს, რომ ასეთი განცხადებები უადგილოა.

რუსეთს დღეს არ დაუწყია უკრაინასთან კონფლიქტში ებრაული თემის გამოყენება. როცა 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო უკრაინის არმიასა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის, უკვე მაშინ გაისმა მოსკოვიდან განცხადება, რომ ის წინააღმდეგია უკრაინის მთავრობის და ხელმძღვანელობის, რადგან რეჟიმი „ნაციონალისტებისგან, ბანდერას მომხრეებისა და ანტისემიტებისგან შედგება“.

თავის მხრივ, უკრაინაში ლაპარაკობენ, რომ მოსკოვში ქსენოფობიური რეჟიმია, რაც ანტისემიტიზმსაც მოიცავს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, საქმე ეხებოდა „ინსტრუმენტულ ანტისემიტიზმს“, რაც ნიშნავს ანტისემიტიზმის გამოყენებას პოლიტიკური და პოტენციური სამხედრო მოწინააღმდეგის ცილისწამებისთვის.

დღეს ვხედავთ, რომ ამგვარი რიტორიკა სულ სხვა დონეზე ავიდა. დღეს ერთ-ერთი მხარე არა ებრაელების დამცველად გამოდის, არამედ მათ ბრალს სდებს ამა თუ იმ ვითარების შექმნაში და წარსულს იხსენებს. ცხადია, ამას ისრაელში სიხარულით ვერ შეხვდებოდნენ.

- ამ სკანდალის ფონზე ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება. მართალია, კიევს არ აწვდის ისრაელი თავდასხმით შეიარაღებას, მაგრამ მაინც... ისრაელის ზოგიერთი მედიასაშუალება ამას სწორედ ლავროვის მიერ ნათქვამს უკავშირებს: ვითომ ამ განცხადებებმა წააქეზა ისრაელი, ბევრად დიდი დახმარება აღმოეჩინა უკრაინისთვის. თქვენ რას ფიქრობთ, ასეა ეს?

- ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა. მშვენივრად გვესმის, რომ არის რა დასავლეთის ბლოკის ნაწილი, ისრაელი ამა თუ იმ დონეზე იმ ხაზის ნაწილია, რომელიც დასავლეთმა შეიმუშავა ამ ვითარების გამო, უკრაინისა და რუსეთის ვექტორზე იმ ომის მიმართ, რომელიც ახლა იქ მიმდინარეობს.

საქმე ისაა, რომ ბევრი კეთდებოდა უჩუმრად. რუსეთს ერჩივნა ამაზე ხმაური არ ატეხილიყო, რათა შეენარჩუნებინა სხვა უფრო მნიშვნელოვანი შეთანხმებები.

ასე რომ, შესაძლებელია, ახლა ხმამაღლა ლაპარაკობდნენ იმაზე, რაც ისედაც კეთდებოდა, ან მაინც გაკეთდებოდა.

თუ შევეცდებით დავსვათ შეკითხვა, როგორ შეიძლება ამ მხრივ განვითარდეს მოვლენები, პასუხი უარყოფითია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვხედავთ, რომ მასმედია სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებს იმაზე, რომ თურმე, ისრაელი სრულიადაც არ უკრძალავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგალითად, იმავე ესტონეთს, მიეწოდებინათ იარაღი უკრაინისთვის. იგივე ეხება თავდაცვით სისტემებს, რომლებიც ისრაელის ტექნოლოგიით არის შექმნილი, ისინიც არასოდეს აუკრძალავთ.

უბრალოდ, ყველა ცდილობდა, ასეთი რამ ჩუმად ეკეთებინათ, არ გაეხმაურებინათ. მაგრამ, როცა ასეთი თავდასხმები ხდება, ისრაელის სამხედრო პოლიტიკური ისტებლიშმენტი თვლის, რომ არაფერია დასამალი და შესაძლებელია მეტი გულწრფელობა ამ ვითარებაში.

და არა მხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ იმისთვის, რომ მოსკოვმა გაიგონოს ეს გზავნილი, რომ ამ ვითარებაში უფრო ფრთხილად იყოს.

სხვა საკითხია, როგორ მოხდება ამის პრაქტიკაში რეალიზება. ესაა საკითხავი ამ ეტაპზე.

მაგრამ მასზე პასუხს სულ მალე შევიტყობთ, ანუ ეს შეკითხვა არ ეხება შორეულ პერსპექტივას.

XS
SM
MD
LG