Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დაიბარა რუსეთის ელჩი, ჰიტლერის შესახებ ლავროვის განცხადებების გამო


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელმა დაიბარა რუსეთის ელჩი და მოსკოვისგან ითხოვს ბოდიშის მოხდას, მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა.

ლავროვს 1 მაისს იტალიის სატელევიზიო არხისთვის მიცემული ინტერვიუს მსვლელობისას ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს განაცხადოს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციას" მიმართავს, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა დაიცვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკრაინის "დენაციფიკაციის" მიზანი და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაული წარმომავლობა არ ასუსტებს პუტინის პოზიციას. "როცა ამბობენ: 'ეს როგორი ნაციფიკაციაა, თუკი ჩვენ ებრაელები ვართ', ვფიქრობ, ებრაული წარმომავლობა ჰიტლერსაც ჰქონდა, ამდენად, ეს არაფერს ნიშნავს", - უთხრა ლავროვმა იტალიის ტელეარხ Rete 4-ს, იტალიელი თარჯიმნის შუამავლობით. "დიდი ხანია გვესმის ბრძენი ებრაელი ხალხისგან, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები თავად ებრაელები არიან", - განაცხადა ლავროვმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდის თქმით, რუსეთის ელჩს დაიბარებენ "მკაცრი საუბრისთვის" ამ განცხადებების გარშემო, რომლებსაც მინისტრი უწოდებს "უპატიებელს, სკანდალურს და საშინელ ისტორიულ შეცდომას". ლაპიდი დასძენს: "ებრაელებმა საკუთარი თავი არ ამოხოცეს ჰოლოკოსტის დროს ... ებრაელთა მიმართ რასიზმის ყველაზე მდაბალი გამოვლინებაა ანტისემიტიზმში თავად ებრაელების დადანაშაულება".

XS
SM
MD
LG