საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის უნიკალური ადგილია. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც მათ უვიზოდ ერთი წელი შეუძლიათ ცხოვრება.
მეორე ადგილზე სომხეთია 180 დღით. თუმცა სომხეთს აქვს სხვა უპირატესობა - იქ რუსეთიდან ე.წ. შიდა პასპორტითაც მიემგზავრებიან.
2022 წლის მეორე ნახევრიდან არაერთმა ქვეყანამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეების შეშვების წესი. მაგალითად, ყაზახეთმა 27 იანვარს აკრძალა ე.წ. ვიზარანი. ანუ რუსეთის მოქალაქეებს ყაზახეთის საზღვრის გადაკვეთისა და უკან დაბრუნების შემთხვევაში აღარ გაუნულდებათ ქვეყანაში ყოფნის დრო.
უკრანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა ევროკავშირმაც. სექტემბერში ბრიუსელმა გააუქმა გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებდა. შედეგად, რუსეთის მოქალაქეებს მეტი საბუთის წარდგენა და ვიზის ლოდინი უფრო დიდხანს უწევთ.
ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ საერთოდ შეწყვიტა ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. მათ შორის, ბელგიამ, დანიამ, ისლანდიამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ნიდერლანდმა, ნორვეგიამ, ფინეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა "პრივილეგიაა მათთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს”, - განმარტა სექტემბერში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა. მან დაამატა, რომ უკრაინაში შეჭრით, რუსეთმა “გათელა ეს ღირებულებები” და დაკარგა ევროკავშირის ნდობა.
გაურკვევლობაში
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა 2012 წლიდან არ სჭირდებათ. აგვისტოს ომის შემდეგ დაწესებული ოთხწლიანი სავიჟო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური მიზეზებით ახსნა.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქემ დაიწყო ჩამოსვლა. იქიდან მოყოლებული, ქვეყანაში ხშირად იმართება საპროტესტო აქციები სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებისა და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით. თუმცა “ქართული ოცნება” პროტესტს ურეაქციოდ ტოვებს.
მეტიც, ორი კვირის წინ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქციელი მოუწონა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელმაც აღადგინა პირდაპირი ფრენები საქართველოში.
“ეს დადებითი ფაქტი, დადებითი გადაწყვეტილებაა”, - თქვა პრემიერმა 11 მაისს.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ასევე სარგებლობენ ე.წ. ვიზარანის უფლებით. ანუ ერთი წლის შემდეგ, შეუძლიათ ქვეყნიდან გასვლა და უკან კიდევ ერთი წლით დაბრუნება. და ასე უსასრულოდ. როგორც წესი, ამას უპრობლემოდ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საზღვრიდან უკან გააბრუნეს ათეულობით პუტინის მოწინააღმდეგე - ჟურნალისტი, აქტივისტი და უფლებადამცველი.
საქართველოში მცხოვრები ბევრი რუსი დისიდენტი გაურკვევლობაშია და შიშით ელოდება ქვეყანაში ყოფნის ერთწლიანი ვადის ამოწურვას. ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი, რომელიც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, ამბობს, რომ ხშირად უწევს უცხოეთში გამგზავრება და ეს მისთვის ძალიან სტრესული გახდა. “ყოველ ჯერზე მთელ ბარგს ვალაგებ ხოლმე, რადგან აღარ ვიცი, უკან შემომიშვებენ თუ არა”, - თქვა მან.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პირველად
25 მაისს “ბიბისის რუსულმა სამსახურმა” რუსული მიგრაციის დიდი კვლევა გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდა თითქმის 3,5 მილიონი ადამიანი. შედარებისთვის, წინა საუკუნის დასაწყისში, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთიდან ორ მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ემიგრაცია შესაძლოა გაგრძელდეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საგრძნობლად (თითქმის 40%-ით) გაიზარდა საგარეო პასპორტების გაცემა. სულ პასპორტი 5,4 მილიონმა ადამიანმა მიიღო.
რაც შეეხება ქართულ შსს-ს, უწყება არ ამხელს, რამდენი რუსი ემიგრანტია საქართველოში. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ომის შემდეგ ჩამოსული 112 ათასი მოქალაქე. სულ კი 2022 წელს საქართველოში თითქმის 1,5 მილიონი რუსი ჩამოვიდა. ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი.