Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად" - დოროყაშვილი სააპელაციოში გამოკითხეს


ნელი დოროყაშვილი მოსამართლეს ვიდეოჩანაწერს აჩვენებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო, 28 ივნისი, 2023 წელი
ნელი დოროყაშვილი მოსამართლეს ვიდეოჩანაწერს აჩვენებს. თბილისის სააპელაციო სასამართლო, 28 ივნისი, 2023 წელი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სააპელაციო საქმის განხილვა ბოლო ეტაპზეა. განაჩენამდე მხოლოდ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა და რეპლიკები დარჩა. 28 ივნისის სხდომაზე, ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, დაზარალებული ნელი დოროყაშვილი გამოკითხეს და პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა.

ნელი დოროყაშვილმა მოსამართლე მაია თეთრაულს 2018 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში გადაღებული ვიდეოს დედანი საკუთარი ტელეფონში აჩვენა, სადაც, მისი აზრით, უკეთ ისმის ხმა და ჩანს ძალადობა. ამ სახით, ეს კონკრეტული ჩანაწერი საქალაქო სასამართლოს არ შეუსწავლია, სააპელაციო სასამართლომ კი დოროყაშვილის დაცვის თხოვნა, ვიდეო წარმოედგინათ, დააკმაყოფილა.

ნელი დოროყაშვილი სასამართლოზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

დოროყაშვილი ხსნის, რომ ეპიზოდი ოთხ მოკლე ვიდეოდ გადაიღო, რათა მის ყოფილ ქმარს ვერ შეემჩნია და, რომ იგი ასახავს ძალადობის დასასრულს, როცა “დაახლოებით, 30-წუთიანი თმით თრევის, იატაკზე და ხალიჩაზე თრევის” შემდეგ საწოლში ჩაწვა. მისივე სიტყვებით, ყველა ვიდეო შეიცავს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას.

ნელი დოროყაშვილი, მხარეების ადვოკატები და პროკურორი მოსამართლის მაგიდასთან. 2023 წლის 28 ივნისი.
ნელი დოროყაშვილი, მხარეების ადვოკატები და პროკურორი მოსამართლის მაგიდასთან. 2023 წლის 28 ივნისი.

ჩანაწერის დათვალიერებამდე, მოსამართლემ ადვოკატებსა და პროკურორს მის მაგიდასთან ახლოს მისვლა სთხოვა. ვიდეოს ყურების პარალელურად ნელი დოროყაშვილი ყვებოდა თუ რა ჩანდა კადრებში.

ნელი დოროყაშვილი: "ეს არის პირველი ვიდეო, მე ვწევარ საწოლის მარჯვენა მხარეს, მახურავს საბანი - აქ არის მომენტი, როცა ვცდილობ კამერა შევამოწმო, ხილვადი იყო თუ არა მისთვის [ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის]… ისმის მისი ოთახში გადაადგილების ხმა;

მეორე ვიდეო - ოთახში ნიკოლოზი გადაადგილდება, საწოლში ისევ მარჯვენა მხარეს ვწევარ...

ერთი რამ მინდა აღვნიშნო, საუბარი იყო უწყვეტ ტირილზე, ბოდიშით, რომ მეტად ვერ შევძელი გადაღება, მე, რაც შევძელი იმ მომენტში და დიდი რისკის ფასად დამიჯდა, ის გადავიღე. შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ მე ვერ შევძელი უწყვეტ რეჟიმში, ჩემზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ეყურებინა მთელ საქართველოს…"

ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აწყვეტინებს და მოსამართლეს მიმართავს: "თქვენო ღირსებავ, ფაქტობრივად განმარტებას აკეთებს განაჩენიდან…"

ნელი დოროყაშვილი: ვიდეოს ვხსნი... უწყვეტ რეჟიმში ვერ ვტიროდი, ან არ ვტიროდი, მე რა ბუნებრივი ემოციაც მქონდა, ისე არის…

მოსამართლე: "ვიდეო ამიხსენით. რატომ და როგორ [ხდება] ამას ჩვენ შევაფასებთ".

ნელი დოროყაშვილი აგრძელებს: "ნიკოლოზი კრავს ჩემოდანს, ბოლო ნივთს დებს... [ფონად ისმის ნელის ხმა ვიდეიდან: "ჩაალაგე ჩემოდანი და გადადი აზიზასთან"]. აღსანიშნავია, რომ ისევ უკიდურეს მარჯვენა მხარეს ვწევარ. ნიკოლოზი მოემართება ჩემკენ და ეძებს რაიმე ნივთს, რომ ჩამარტყას. დააკვირდით ხელის მოძრაობას: იხრება, მეორე ხელს აშველებს, რადგან ჩანთა არის მძიმე, დაახლოებით, 80 სანტიმეტრია, დახურულ მდგომარეობაშია... - არ არის სასაცილო სხვაზე ძალადობა, - განმარტებას წყვეტს ნელი და შენიშვნას აძლევს ბასილაშვილის ადვოკატს, შემდეგ ისევ აგრძელებს: [ნიკოლოზი] მოემართება ჩემკენ, შეხედეთ, როგორ მიახლოვდება კამერაში, “ფუ, შე ნაბიჭვარო!” იძახის და მირტყამს, კარგად უყურეთ... [ფონად ისმის ნელის ტირილის ხმა ვიდეოდან]".

იმ მომენტში [ჩანთა] დამეცა თავში… თავი გახეთქილი არ მქონდა, სისხლი არ წამომსვლია, მაგრამ ძლიერი ტკივილი განვიცადე, იმდენად, რომ მეორე, მესამე დღეს, ხელის დადებით თავი ძალიან მტკიოდა.

მესამე ვიდეოში ისმის ჩემი ხმა, ტირილი, [ფონად ისმის ხმა ვიდეოდან: "რატომ მირტყამ?.. ცუდო ადამიანო, შენ, რა უფლებით მირტყამ?! ლუკასი რომ გაიზრდება, ამას არ გაპატიებს".] ნიკოლოზი ისევ ალაგებს ბარგს, არ მცემს ხმას, როცა ველაპარაკები, ტელეფონი საწოლში დევს ისევ - ვიღებდი მაშინ, როცა შემეძლო, ხოლო როცა შეიძლებოდა ჩემკენ მოახლოებულიყო, ვმალავდი.

აქ საინტერესოა ბოლო ნაწილი, ნიკოლოზი ნამდვილად ოთახშია, უკიდურეს მარჯვენა ნაწილში ვწევარ, ამ დროს ხმას არ მცემს, აგრძელებს მშვიდად და წყნარად, არ მეწინააღმდეგება… ამდენ ხანს, ადამიანს ეუბნებოდე “რატო მიტყამ?” და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთხელ მაინც არ მიბრუნებ სიტყვას “რას გიტყამ ადამიანო, ხომ არ გაგიჟდი?”

ან საერთოდ რატომ მჭირდება ეს დისკუსია, როცა ძალადობის კადრები არსებობს. რატომ დავდივარ აქ ეს ოთხი წელია, გამაგებინეთ. მე რაიმე ვინმეს დაგიშავეთ? მე რატომ გამასამართლეთ ნიკოლოზის მაგივრად? ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მე ვარ შეწუხებული, რადგან მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად. ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი, მე, მისი შვილის დედას, მე, რომელიც მის ბავშვს ვზრდი და აქ დავდივარ 5 წელია, ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა", - ნელი დოროყაშვილმა თავისი სიტყვა ტირილით დაასრულა.

ვიდეოებზე ბასილაშვილის ადვოკატებს დამატებითი კითხვები არ დაუსვამთ.

პროცესის მეორე ნაწილში პროკურორმა ნათია გურულმა თავისი დასკვნითი სიტყვა თქვა, სადაც გაიხსენა საქმეში არსებული ძალადობის ყველა ეპიზოდი, თავისი გარემოებებით და მოსამართლეს უთხრა, რომ წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება "გარკვეულწილად, მიკერძოებული" იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანია, შევაფასოთ არა ის, როგორი რძალი იყო ნელი დოროყაშვილი, როგორი ცოლი იყო, როგორ მოგწონს მისი ფრაზები, რა მოგწონს მის გარეგნობაში და ა.შ., არამედ უნდა შევაფასოთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ქმედება იყო თუ არა დანაშაულებრივი... გთხოვთ, რომ მტკიცებულებების საფუძველზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმოთ და მის ნაცვლად დაადგინოთ გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელი შეარჩიოთ მის მიმართ", - მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.

დარბაზში პროკურორისა და ნელი დოროყაშვილის სიტყვას ნიკოლოზ ბასილაშვილის სამივე ადვოკატი, ირმა ჭკადუა, მალხაზ სალაყაია და თეონა გვაზავა ისმენდა. სააპელაციო საქმის განხილვას არ დასწრებია თავად ჩოგბურთელი.

მომდევნო სხდომა 7 ივლისს ჩოგბურთელის ადვოკატების დასკვნითი სიტყვით განახლდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, 2022 წლის 21 ოქტომბერს მან ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილის ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG