მაისიდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, 400 ათასამდე ლარის [უცხოურ ვალუტაში] სესხის აღება არ შეეძლება.
ამჟამად, სესხის უცხოურ ვალუტაში აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი იღებს 300 ათას ლარზე [ეკვივალენტი უცხოური ვალუტის] მეტ თანხას.
ახალი გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ზღვარი 400 ათას ლარამდე იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ დოლარში სესხის აღება გადაწყვიტეთ, ის უნდა აღემატებოდეს 400 ათასი ლარის ეკვივალენტს დოლარში. ცვლილება ყველა ტიპის სესხს შეეხება.
“ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ მონეტარული თავისუფლება უფრო და უფრო ვიწროვდება და ადამიანებს სხვა ვალუტების გამოყენების უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. უფრო სტაბილური ვალუტის, რაც ჩვენს შემთხვევაში დოლარია”, - ამბობს ეკონომისტი ეგნატე შამუგია და ამატებს, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკას, რასაც ეროვნული ბანკი წლებია ატარებს, თავისი “ფასი” აქვს და დღევანდელი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სადარია.
“თუ ადამიანებს დოლარში სესხის აღებას უზღუდავ, ისინი იძულებულნი არიან სესხი ლარში აიღონ. ეს საბოლოოდ ინფლაციაში აისახება. ამიტომ დედოლარიზაციის პოლიტიკის ალტერნატიული დანახარჯი ეკონომიკაში ლარში ფასების საერთო დონის ზრდაა”, - ამბობს შამუგია.
როგორც წესი, კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, ლარში გაცემულ სესხებთან შედარებით.
თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 15.42%, ხოლო უცხოური ვალუტის სესხებზე 8.57% იყო. რაც შეეხება სესხების მოცულობას, თებერვალში კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 8,64 მლრდ ლარის სესხი ჰქონდათ გაცემული, ხოლო უცხოური ვალუტით 14,46 მლრდ ლარია გასესხებული.
ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ბოლო წლებში პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, დოლარიზაცია და მასთან დაკავშირებული რისკები ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
"უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილის, რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობისა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე", - ამბობენ ბანკში.