Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

150 ათასზე მეტ პენსიონერს სესხი უმცირდება - ვინ იხდის მათ ვალს და რატომ?


პენსიით უზრუნველყოფილ სესხზე პროცენტი 150 ათასზე მეტ პენსიონერს შეუმცირდება. - ფოტოილუსტრაცია
პენსიით უზრუნველყოფილ სესხზე პროცენტი 150 ათასზე მეტ პენსიონერს შეუმცირდება. - ფოტოილუსტრაცია

პენსიონერების ნაწილს სესხზე პროცენტი შეუმცირდება. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გადაწყვეტილება პრემიერის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის შეხვედრის დროს მიიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხზე პროცენტი 150 ათასზე მეტ პენსიონერს შეუმცირდება. შეღავათი გავრცელდება 2023 წლამდე აღებულ სესხებზე. ეროვნულ ბანკში გვითხრეს, რომ „პორტფელის ჯამური მოცულობა“ დაახლოებით 130 მლნ ლარია.

მთავრობის დაპირებით, პენსიის მიმღებთა სესხის პროცენტი 2023 წლიდან მოქმედ საპროცენტო განაკვეთს უნდა გაუტოლდეს, რაც დაახლოებით 26%-ია. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შემცირდება სეხებზე პროცენტი. როგორც ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ამ საკითხზე “ლიბერთი ბანკთან” მუშაობენ. ასევე უცნობია, რა სარგებელს მიიღებს სახელმწიფოსგან კომერციული ბანკი.

“ვმუშაობთ, ეს გადაწყვეტილება როგორი სქემითა და პროცედურით ამოქმედდება. ათობით ათას ადამიანს ეხება და უხარვეზოდ უნდა იყოს”, - განაცხადა თურნავამ. იმავეს ამბობენ “ლიბერთი ბანკშიც”.

“2023 წლამდე არსებული სესხი, რომელთა საპროცენტო განაკვეთი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე [საკითხის] მოწესრიგების შემდეგ. საშუალოდ 32-33%-ია, ხოლო ოვერდრაფტების შემთხვევაში 37%-იანი სესხებიც გვხვდება. ეს უნდა მოწესრიგდეს, შემცირდეს და ჩაჯდეს იმ ერთიან მიდგომაში, რომელიც მთავრობას 2023 წლის იანვრიდან აქვს. ეს სოციალურ ყოფას გაუუმჯობესებს პენსიონერებს”, - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

“ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში [ოქტომბერი-ნოემბერი-დეკემბერი] პენსიონერებს და სოციალური დახმარების მიმღებ პირებს 405. 8 მლნ ლარი აქვთ ნასესხები. სესხების რაოდენობა კი 346 280-ია. მესამე კვარტალთან შედარებით საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი დაახლოებით 4 მლნ ლარით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პენსიონერები, სავარაუდოდ, 7-8 მლნ ლარს დაზოგავენ.

“ბანკის მხრიდანაც რომ შევხედოთ, ამან შესაძლოა პორტფელიც გააუმჯობესოს, რადგან მომხმარებელს უფრო ნაკლები ტვირთი აქვს, ეს ზრდის მის გადამხდელუნარიანობას და ლოიალობაც კომერციული ბანკის მიმართ უფრო მეტია. ამიტომ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ბანკისთვის ეს მხოლოდ ხარჯია და აქიდან სარგებელი, თუნდაც ირიბი, მომხმარებლის კმაყოფილების კუთხით არ ექნება. ამ სესხების უმრავლესობა აღებულია პანდემიის პერიოდში”, - ამბობს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან ე.წ. საპენსიო სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება ასეთი ფორმულით: თბილისის ბანკთაშორის ბირჟაზე არსებულ განაკვეთს დამატებული 15%. დღეის მდგომარეობით ეს განაკვეთი 10.05%-ია, ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 25%-ში უნდა გაიცეს ეს სესხები.

რას მიიღებს სახელმწიფოსგან “ლიბერთი ბანკი”, რომელმაც 150 ათასზე მეტ მსესხებელს პროცენტი უნდა შეუმციროს, ეს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელს ვკითხეთ. როგორც ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, მისი ინფორმაციით, ეს კომერციული ბანკის მხრიდან “კეთილი ნებაა”.

“სესხები, რომლებიც იმაზე მაღალ პროცენტში იყო, ვიდრე 2023 წლიდან მოქმედებდა, არსებულს გაუთანაბრეს. რამე განსაკუთრებული არ მომხდარა, კეთილი ნებით და საკუთარი ხარჯით გააკეთეს. ეს ინფორმაციაა ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ ინფორმაციას ვაზუსტებ”, - ამბობს ძნელაძე.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი კი ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე პენსიონერებზე საბაზროზე დაბალ განაკვეთში გასცემენ სეხებს და ეს დაახლოებით 25.5%-ია.

“მინდა ვთქვა, რომ ერთია, პენსიონერები რა თანხას დაზოგავენ და მეორეა - ბანკის ხარჯი რეალურად რა იქნება. ეს ორი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ბანკმა შეიძლება ბევრი რამით იხეიროს. პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანია კმაყოფილი კლიენტი და კმაყოფილ კლიენტს ძალიან დიდი გავლენა აქვს ხოლმე ბანკის ფინანსურ შედეგებზე. ვფიქრობთ, ამით კმაყოფილი იქნებიან არა მხოლოდ პენსიონერები, არამედ ყველა კლიენტი”, - ამბობს ბანკის ხელმძღვანელი.

XS
SM
MD
LG