Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელები არჩევანის წინაშე დააყენა


ახალგორელებს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდათ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. ახალი წლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის კვეთის ორგანიზაციის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა. აქამდე ახალგორში მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაადგილება ეგრეთ წოდებული საშვით ან დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტით შეეძლოთ, ცვლილების შემდეგ კი მხოლოდ საშვით იქნება შესაძლებელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული გამშვები პუნქტის გავლა. ახალგორელები ფიქრობენ, რომ ეს კიდევ ერთი დაბრკოლება იქნება, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება დაბის მოსახლეობისთვის ქმნის.

ცხინვალში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. „სამწუხაროდ, ეს არ არის სიახლე, მუდმივად არის მცდელობა, რომ გაზრდილი კონტაქტების ფონზე გადაადგილება გაამკაცრონ და გაართულონ“, - განაცხადა მან.

ახალგორში ფიქრობენ, რომ ბიბილოვის ხელისუფლება მათ აყენებს არჩევანის წინაშე - ან დატოვონ დაბა, ან იქ გადაადგილების უფლების გარეშე იცხოვრონ.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს შეზღუდვა დამატებით პრობლემებს უქმნის ცხინვალის რეგიონის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, რომლისთვისაც გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ციხელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი არ ცდილობს ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას. მისი აზრით, ასეთ გადაწყვეტილებებს მეტი კონტაქტით და მეტი განვითარებით უნდა დავუპირისპირდეთ.

ცხინვალის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ახალგორში მცხოვრები ქართველებიც და ოსებიც შეშფოთებით შეხვდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბიბილოვის ხელისუფლება მათ აყენებს არჩევანის წინაშე - ან დატოვონ დაბა, ან იქ გადაადგილების უფლების გარეშე იცხოვრონ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, მოქალაქეები, რომლებიც დაბაში ცხოვრობენ, ადგილობრივი პასპორტის გარეშე ტელეფონის ნომერსაც კი ვერ მიიღებენ და, საერთოდ, ზედმეტია რაიმე საკუთრების დარეგისტრირებასა თუ დაცვაზე საუბარი, ამიტომ ახალგორელების არჩევანის წინაშე დაყენება, - ან პასპორტი და ან საშვი თავისუფალი გადაადგილებისთვის, - მისი აზრით, მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემას შეუქმნის მთელ მოსახლეობას.

თავად თამარ მეარაყიშვილს დიდი ხანია გადაადგილების თავისუფლება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შეზღუდული აქვს. მის მიმართ სისხლის სამართლის სამი საქმე აქვს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურას აღძრული და თამარი საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს და სტრასბურგის სასამართლომდე ჩავა. იგი საკუთარ პოსტებში Facebook-ზე საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ბოლოს მან ღია წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა. მეარაყიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის მთავარი, მისთვის ყურადღება უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება კი მას დუმილით უპასუხებს.

მეარაყიშვილის კრიტიკას არ იზიარებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარება თამარ მეარაყიშვილს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი შელახული უფლებები აღდგეს.

რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ და ფონდმა თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა დააფასა: ჯერ ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საელჩომ დააჯილდოვა, შემდეგ კი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა იგი 2018 წლის გამარჯვებულად დაასახელა. თამარი დაჯილდოების ვერც ერთ ცერემონიალს ვერ დაესწრო, რადგან მისთვის გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია.

XS
SM
MD
LG