Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჰპირდნენ და არ გაუხსნეს -  სად წავიდა 80 წლის რეჟისორისთვის დამზადებული ვარსკვლავი?


„ჩვენი კულტურის ცენტრის დირექტორი იყო ლევან ქაჯაია და მან მითხრა, ვარსკვლავი უნდა გაგიხსნათო. მეც სიამოვნებით დავთანხმდი, აბა რა...“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გივი ჯიბლაძე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე და ადგილობრივი სახალხო თეატრის თითქმის უცვლელი რეჟისორი. ის, უკვე 55 წელია, კახეთის ამ ქალაქში სამსახიობო და სარეჟისორო საქმით არის დაკვებული. კვლავ მუშაობს და დასს ხელმძღვანელობს, რომელიც პერიოდულად სპექტაკლებს დგამს არამარტო მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.

გივი ჯიბლაძეს ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დაჰპირდნენ, რომ მას, როგორც დამსახურებულ რეჟისორსა და საპატიო მოქალაქეს, ვარსკვლავს გაუხსნიდნენ, ვარსკვლავის განთავსების სავარაუდო ადგილად კი ქალაქის ცენტრალური პარკი დასახელდა.

პროექტზე მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლევან ქაჯაიამ. ქაჯაია გვეუბნება, რომ ვარსკვლავი დაამზადეს და დასაგეგმი იყო მხოლოდ ღონისძიება, მაგრამ პანდემიის გამო ეს ღონისძიება დროებით გაუქმდა. ამ ხანებში მან სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო. რა მოხდა შემდეგ, აღარ იცის.

„ეს ვარსკვლავი ჩვენ უკვე დამზადებული გვქონდა. ორგანიზატორებს ღონისძიების დაგეგმვაც კი დავალებული ჰქონდათ, მაგრამ პანდემიის გამო იძულებული გავხდით ღონისძიება შეგვეჩერებინა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მე სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გივი ჯიბლაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან“.

ლაგოდეხის სახალხო თეატრის რეჟისორმა გივი ჯიბლაძემ დღემდე იცის, რომ მისი ვარსკვლავი დამზადებულია და გახსნის ღონისძიება მხოლოდ პანდემიის გამოა გადადებული. ამიტომ მოელის, რომ ღონისძიება, თუნდაც მცირე მასშტაბის, წლის ბოლომდე აუცილებლად გაიმართება.

„პატარა შეფერხებები მოხდა. პანდემია იყო და შემდეგ ბატონი ლევანიც წავიდა სამსახურიდან, მაგრამ მე ასე მგონია, რომ აუცილებლად გაიხსნება. უკეთესია, თუ ამას მოკლე დროში გააკეთებენ, ვიდრე დაზამთრდება. რადგან იყო დაგეგმილი, უნდა გაკეთდეს!“

მართალია, რეჟისორი გივი ჯიბლაძე მისი სახელობის ვარსკვლავის გასხნას ელოდება, მაგრამ რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ხელმძღვანელის შეცვლის შემდე მერიის აიპი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური მსგავს პროექტს საერთოდ არ განიხილავს. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ წინა ხელმძღვანელის პროექტზე არაფერი სმენიათ. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თამაზაშვილი გვეუბნება, რომ არც ვარსკვლავია დამზადებული და წლევანდელ გეგმაში არც მსგავსი ღონისძიებაა ჩასმული:

2020 წლის გეგმაში მსგავსი ღონისძება არ ყოფილა გათვალისწინებული. შესაბამისად, რაც არ არის დაგეგმილი, ის ვერ განხორციელდება. ჩვენს სამსახურს არც ვარსკვლავი შეუძენია. ბატონი გივი ჯიბლაძე თავისი დამსახურებით ღირსია ვარსკვლავი ჰქონდეს, თუმცა რა იქნება მომავლში ამ კუთხით, ვერ გეტყვით“.

მიუხედავად ამ პასუხისა, ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობები და რეჟისორი იმედოვნებენ, რომ რადგან დაჰპირდნენ, წელს თუ არა მომავალში მაინც ვარსკვლავს გაუხსნიან.

რადიო თავისუფლებამ სცადა გაერკვია ამჟამად სად ინახება რეჟისორის სახელობის ვარსკვლავი, რომელიც მერიის აიპის ყოფილმა ხელმძღვანელმა სპეციალისტებს ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაამზადებინა, მაგრამ ვარსკვლავის ადგილსამყოფელზე საბიუჯეტო ორგანიზაციაში დღეს არაფერს ამბობენ.

გივი ჯიბლაძე, რომელიც ლაგოდეხის სახალხო თეატრის რეჟისორია, ამ წლის 31 დეკემბერს 80 წლის გახდება. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, ერთ-ერთი ბოლო კი ამაგდარის წოდებაა, რომელიც საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამგეობისგან მიენიჭა.

გაუხსნიან თუ არა, ბოლოს და ბოლოს, ჯიბლაძეს დაპირებულ ვარსკვლავს, ჯერ არავინ იცის.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG