Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუ - ძალადობის ძალადობით დამთრგუნველი


“დაუ. ნატაშა” (2020, რუსეთი, რეჟისორი ილია ხრჟანოვსკი)

ინტერნეტში განთავსდა ბოლო დროის ყველაზე სკანდალური რუსული კინოპროექტი, ილია ხრჟანოვსკის “დაუ” – 700 საათიანი სერიალი, რომლის ერთი ნაწილი, სახელწოდებით “ნატაშა”, ბერლინის კინოფესტივალის კონკურსში იყო ჩართული. რუსეთის კულტურის სამინისტრომ “ნატაშას” ჩვენებაზე უარი განაცხადა, სურათს “პორნოგრაფიის გრიფი” დაედო და შეფასდა როგორც უხამსობა. რამდენადაც უცნაურიც უნდა იყოს, პუტინის კინოცენზორებს ადამიანის უფლებათა ზოგიერთმა დამცველმა, ასევე ცნობილმა კინემატოგრაფისტებმა, ფემინისტებმა დაუჭირეს მხარი. ნაწილმა საპროტესტო წერილით მიმართაბერლინის კინოფესტივალის დირექციას “დაუ. ნატაშას” საკონკურსო პროგრამაში ჩართვის გამო. პეტიციაში, რომელიც “ბერლინალეს” დღეებში გავრცელდა და რომელსაც ხრჟანოვსკის დამცველები “დანოსს” უწოდებენ. აღნიშნილია, რომ “დაუს” რეჟისორი უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, თავად ძალადობს მსახიობ ქალებზე. ისიც კი ითქვა, რომ “დაუ. ნატაშა” კრიმინალია და არა მხატვრული ნაწარმოები. უკვე მერამდენედ კინოს ისტორიაში, იდეოლოგიამ (თუ ეთიკამ) შეუტია ხელოვნებას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსი კონსერვატორების მიერ გავრცელებულ ჭორს დაეყრდნო, თითქოს დაკითხვის ეპიზოდში მსახიობი ნატალია ბერეჟნაია კამერის წინ გააუპატიურეს კონიაკის ბოთლით. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკითხვის ეპიზოდი თავიდან ბოლომდე იმიტაციაა, მაგრამ ჭორი გავრცელდა და სწორედ ეს ჭორი აღმოჩნდა საკმარისი ხრჟანოვსკის წინააღმდეგ კამპანიის გასაჩაღებლად.

ხელოვნების ნაწარმოებზე თავდასხმა მორალის პოზიციიდან ახალი არაა და, ვფიქრობ, სურათის ავტორები ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პეტიციებმა და საჩივრებმა აღარ დატოვს სივრცე “დაუ. ნატაშას” მხატვრულ ღირებულებებზე სალაპარაკოდ. გაამართლა თუ არა ხრჟანოვსკის პროექტმა? მიაღწია თუ არა ავტორმა მიზანს? დააფიქრა რუსული საზოგადოება ტოტალიტარიზმის - ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტალინიზმის - არსზე? გაიაზრა თუ არა ხრჟანოვსკიმ ახლებურად საბჭოთა კავშირის ისტორია? და, საერთოდ, შეგვიძლია თუ არა “ნატაშას” ვუწოდოთ “კინოფილმი? არაპროფესიონალი მსახიობებით, წინასწარ დაუწერელი სცენარითა და დიალოგებით გათამაშებული ეს ამბავი ხომ უფრო “რეალიტი შოუს” ჰგავს, ვიდრე კინოხელოვნების ნაწარმოებს.

ნამდვილად საინტერესო იქნება ამ საკითხებზე მსჯელობა კოლეგებთან, უბრალოდ, კინოს მოყვარულებთან ერთად. მაგრამ დღეს ამ პროექტის სხვა მხარეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ნატაშა მიმტანად მუშაობს სტალინის ეპოქის რომელიღაც კვლევით ინსტიტუტში. ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე მათი ფრანგი სტუმარი(როგორც გვაცნობენ, “ცნობილი ფიზიკოსი”), საღამოს დროის გასატარებლად და დასალევად იკრიბებიან. სუფრა სრულდება ორგიით. ნატაშა მოიხიბლება უცხოელით და ღამეს ატარებს მასთან (არაიმიტირებული სექსუალური აქტი!). მეორე დღეს ფრანგს აპატიმრებენ (როგორც “აგენტს”), ნატაშას კი დაკითხვაზე იბარებენ. არსებითად უშიშროების ოფიცრის კაბინეტში გათამაშებული ეს სცენა “დაკითხვა” არცაა - მაყურებელი იძულებულია უყუროს ნატაშას წამების პროცესს, მართლაც რომ შემზარავ სანახაობას, რომლის აღქმა, გაფრთხილებთ, ნამდვილად არაა ადვილი. შოკი იმდენად ძლიერია, რომ მაყურებელი შესაძლოა დაიბნეს და ვერ გაიგოს, რატომ ემორჩილება ნატაშა ასე ადვილად მოძალადეს. თუკი ამ შოკმა მთლად დაგიკარგათ რაციონალური შეფასებისა და დეტალების ყურადღებიანი აღქმის უნარი, შესაძლოა იფიქროთ, რომ “ნატაშას” ავტორები ამკვიდრებენ ათასჯერ გადაღეჭილ, უკვე ძალიან ბანალურ იდეას მოძალადე მამაკაცსა და ქალზე, რომელსაც ეს ძალადობა... სიამოვნებს, ჯალათსა და მის მსხვერპლზე, რომელიც არა მარტო ეგუება თავის მდგომარეობას, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, მოსწონს კიდეც ეს. მაგრამ ასე არაა. ჩვენ ვხედავთ ქალს, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ სიცოცხლე შეინარჩუნოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ფილმის მოქმედება ხდება არა ჩვეულებრივ არადემოკრატიულ ქვეყანაში (დავუშვათ, ბრეჟნევის ეპოქის საბჭოთა კავშირში), არამედ სტალინური რეპრესიების წლებში! ნატაშამ ძალიან კარგად იცის, რომ ის შეიძლება არათუ გააუპატიურონ, აწამონ, არამედ შეიძლება, უბრალოდ, გააქრონ.. თანაც ისე, რომ ვერავინ გაბედავს მის მოკითხვას. ძალიან მიჭირს იმის თქმა, კონკრეტულად ვისი დამსახურებააშოკისმომგვრელი სახეების ის ერთობლიობა, რომელიც იქმნება “ნატაშას” მეორე ნაწილში - ახალგაზრდა რეჟისორის, რომელიც ამტკიცებდა, რომ თითქმის არ ჩარეულა ამ სცენის აწყობაში? იქნებ არაპროფესიონალი მსახიობების? (კაგებეს ოფიცრის როლის შემსრულებელი ლიუბიანკის ყოფილი თანამშრომელია). მაგრამ ეს ხომ თითქმის შეუძლებელია - ძნელი წარმოსადგენია არაპროფესიონალი იმდენად კარგად ფლობდეს სამსახიობი ტექნიკას, რომ ასე ადვილად მოახერხოს მაყურებლის შეშფოთება, განცვიფრება.. მაშინ იქნებ ოპერატორის?არ დაგვავიწყდეს, რომ “ნატაშა” რაინერ ვერნერ ფასბინდერის ოპერატორმა, იუნგერ იურგესმა გადაიღო - სინათლის, ანარეკლის ოსტატმა, რომელსაც შეუძლია რეაქტიული გახადოს ყოველი კადრი. გრიმიორების დამსახურება ხომ არ არის, ანდა თუნდაც დეკორატორების? იქნებ ყველასი? ყველასი ერთად! თუკი ფილმის მთელი პირველი ნაწილი მართლაც ტოვებდა საშუალოზე საშუალო ხარისხის “რეალიტი შოუს” შთაბეჭდილებას, ხოლო ჭუჭყიანი გამოსახულება და პრინციპულად “დაუწყობელი” მიზანსცენები ცოტათი “პერესტროიკის” ეპოქის საბჭოთა ფილმებს გვაგონებდა, აქ, დაკითხვის სცენაში, “ნატაშა” ნამდვილად დიდ ხელოვნებად გადაიქცევა. ამის გასაცნობიერებლად ცოტა ხნით დავივიწყოთ ეთიკა და კინემატოგრაფის ისტორიას მივმართოთ.

შეიძლება შეამჩნიეთ, რომ რუბრიკაში “რას ვუყუროთ” მე, როგორც წესი, ყველანაირად ვერიდები სპოილერებს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს დაინტერესებას ვცდილობ. მაგრამ დღეს ეს წესი დავარღვიე. გარწმუნებთ, ამით არაფერი შეიცვლება. “ნატაშაზე” სპოილერი არ მოქმედებს. ფილმის ყურების პროცესში შოკი მაინც გარანტირებული გაქვთ. სხვა საქმეა, როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება ამ ემოციის მიმართ.

გასული საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა რეჟისორმა სერგეი ეიზენშტეინმა განაცხადა, რომ “ატრაქციონების მონტაჟის” მისი იდეა პირდაპირ კავშირშია კინოხელოვნების უნართან “ტრაქტორივით მოხნას ადამიანის ტვინი”. ეს ფაქტობრივი ძალადობა მაყურებელზე შოკის მომგვრელი კადრების დახმარებით ეიზენშტეინმა ახსნა ახალი საბჭოთა საზოგადოების გამოღვიძების აუცილებლობით. სწორედ იმ წლებში დაიწყო მან მუშაობა კარლ მარქსის “კაპიტალის” ეკრანიზაციაზე- ეიზენშტეინს სურდა რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და გასაგები გამხდარიყო საბჭოთა მასებისთვის “კომუნისტების ბიბლია”. პროექტი ჩაიშალა. მოგვიანებით “ძალადობრივი კინოს” გამო სერგეი ეიზენშტეინი გააკრიტიკეს მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც. არსებითად მას დღესაც არ პატიებენ სტილს, რომელიც მაყურებლის მანიპულაციისთვის დამკვიდრდა კინოს ისტორიაში, არ პატიებენ რუსი ფიზიოლოგის, ივან პავლოვის, რეფლექსების თეორიის მექანიკურ გადმოტანას ხელოვნებაში. ეიზენშტეინის (მოგვიანებით ჰიჩკოკის) საყვარელი სქემა “სტიმული-რეაქცია” ხომ უშუალოდ უკავშირდება ივან პავლოვის რეფლექსების თეორიას.

“დაუ. ნატაშა”, ფაქტობრივად,ამ სქემას იმეორებს. პროექტის ავტორების მიზანი არა მარტო სკანდალია (ლიბერალებისა და კონსერვატორების გაერთიანება თანამედროვე რუსეთში არც ისე ადვილია), არამედ სწორედაც რომ მაყურებლის გაღიზიანება, გაბრაზება. თუკი პუბლიკას აქვს რეაქცია ძალადობაზე, რომელსაც ხედავს ხრჟანოვსკის ფილმში, ე.ი. მას არ დაუკარგავს ეს რეფლექსი, ადამიანზე ძალადობის, ტერორის, დაშინების, წამების მიუღებლობა. ასე რომ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ “დაუ” მაყურებლის თავისებური გამოცდაცაა. ცხადია, გამაღიზიანებელია, როცა ვიღაც ამოწმებს შენს გრძნობებს. მაგრამ, ვფიქრობ, “დაუს” ავტორები ამ რეაქციისთვის მზად იყვნენ და პასუხიც მომზადებული ჰქონდათ: თქვე დალოცვილებო, თუკი ერთმა ფილმმა პეტიციების (“დანოსების”?) შედგენის სურვილი გაგიჩინათ, არ მოგერიდათ ცენზორებთან, შავრაზმელებთან ერთად საპროტესტო წერილების გავრცელება... თუკი ასე მტკივნეულად რეაგირებთ ძალადობაზე, იქნებ გვერდზე გაიხედოთ და შეხედოთ რა ხდება თქვენს ქვეყანაში?! იქნებ გაბედოთ და ერთი პატარა პეტიცია შეადგინოთ ვლადიმირ პუტინის ძალადობრივ რეჟიმზე?!

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG