3 ივნისის სტიქიით გამოწვეულ ზარალს გორის მერიის სპეციალური კომისია ითვლის. ქარიშხალმა სტალინის ქუჩის ნომერ პირველ კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა. რამდენიმე ქუჩაზე ქარისგან მოგლეჯილი ხეები მანქანებს დაეცა. ბოლო მონაცემებით, ორი მანქანაა დაზიანებული. ქარიშხალს წვიმაც მოჰყვა და კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრებლებს წყალიც ჩაუვიდათ. სტიქიის შემდეგ ადგილზე მისულ გორის მერსა და კორპუსის მცხოვრებლებს შორის შელაპარაკება მოხდა. მცხოვრებლები ყურადღებას უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე ამახვილებდნენ, კოტე თავზარაშვილი კი მათ ურჩევდა კომისიის გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ. ბოლოს კორპუსის სახურავი 2 წლის წინ შეკეთდა და ის, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანია „მშენებელი-2013“- მა გადახურა. თანხის 10 პროცენტი მოსახლეობამ გადაიხადა, მაგრამ ამ გადახურვამ ძლიერ ქარს ვერ გაუძლო. არადა, მაშინ მშენებლები ათწლიან გარანტიას იძლეოდნენ.
ორი წლის წინ კომპანია „მშენებელი-2013“-ის მიერ შესრულებული სამუშაო გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოიწონა და მიღება-ჩაბარების აქტიც შედგა. პროექტის ღირებულება 26 ათას ლარს შეადგენდა. აღნიშნულ კორპუსზე სახურავი 2013 წლიდან ორჯერ გამოიცვალა და ორჯერვე ქარმა დააზიანა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა ვერც წინა და ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. მათი თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, მათი პრობლემა, წლებია, ვერ გვარდება.
გორის მერიაში დღეს კომპანია „მშენებელი-2013“-ის ხელმძღვანელი, მამია ბორცვაძე, იმყოფებოდა, რომელმაც პასუხისმგებლობა სრულად აიღო საკუთარ თავზე და ადგილობრივ გამოცემა „ქართლი.გეს“ განუცხადა, რომ სახურავის გასაკეთებლად ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება და კომპანია ყველა სამუშაოს საკუთარი ხარჯით გასწევს. დაზიანებულ კორპუსზე ახლა დროებითი გადახურვა უნდა დაჩქარდეს, რათა წვიმის დროს მოქალაქეების ბინები უფრო მეტად არ დაზიანდეს. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.