„საიდუმლო ამბავი დოპინგზე - ბატონი ჰებერი“ - ასე ჰქვია ორმოცდახუთწუთიან დოკუმენტურ ფილმს, რომელიც გერმანიის ტელეკომპანია ARD-ის ეთერში ოთხი დღის წინ გავიდა. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორ არაკეთილსინდისიერად იმართება სპორტის ოლიმპიური სახეობა, ძალოსნობა, და რა უსამართლოდ კონტროლდება დოპინგის სფერო ამ კონკრეტულ სახეობაში. გერმანელთა კრიტიკის მთავარი ობიექტი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობაა, უფრო კონკრეტულად, ფედერაციის უნგრელი პრეზიდენტი - ოთხმოცი წლის ტამაშ აიანი, რომელიც, უკვე ცხრამეტი წელია, მსოფლიო ძალოსნობის სათავეში დგას. აიანის სისტემის მამხილებელ დარღვევათა შორის ერთი ისეთი ბრალდებაცაა, ქართველებს რომ დაგვარტყა. ის რომ არა, ალბათ, გერმანული ფილმით საქართველოში არავინ დაინტერესდებოდა.
დოკუმენტური ფილმის, დაახლოებით, ორწუთიანი მონაკვეთი ბათუმშია გადაღებული შარშან გამართული ევროპის ჩემპიონატისას. მსოფლიო ძალოსნობის სუპერვარსკვლავმა, ლაშა ტალახაძემ, მსოფლიოს ახალი რეკორდები დაამყარა და მეოთხედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული. შარშანვე ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, ასევე - მეოთხედ. ტალახაძე, ამავდროულად, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიცაა და, რაც მთავარია, ტოლ-სწორი კონკურენტი არ ჰყავს.
ფილმის ავტორის - გერმანელი ჟურნალისტის, ჰაიო სეპელტის - განცხადებით, არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ლაშა ტალახაძეს 2015 და 2016 წლებში, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ ციკლში, არასაშეჯიბრო პერიოდის დოპინგტესტები არ ჩაუბარებია. შესაბამისად, ამ ფაქტორითაც იყო განპირობებული მისი ბრწყინვალე შედეგები. ზეპელეტიმ ისიც გაიხსენა, რომ ტალახაძე წლების წინ დოპინგსინჯზე ერთხელ უკვე ჩავარდა და დისკვალიფიკაციაც მოიხადა.
გერმანულ ბრალდებას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ყიფშიძემ, უპასუხა. ფედერაციის ფეისბუკის გვერდზე ყიფშიძის განცხადებასთან ერთად დაიდო იმ დოკუმენტის ქსეროასლი, რომელიც ადასტურებს, რომ ლაშა ტალახაძეს არასაშეჯიბრო პერიოდში დოპინგსინჯები ჩაბარებული აქვს, თან - არაერთხელ.
დავით ყიფშიძის განცხადება
„მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ გერმანელი ჟურნალისტის, ჰაგო სეპელტის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ქართველი ძალოსანის, ლაშა ტალახაძის მისამართით ცრუ ბრალდება გაჟღერდა.
თავდაპირველად მსურს ჟურნალისტიკის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. მოგეხსენებათ, რომ მედია უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და ფართო აუდიტორიამდე მიწოდებულ მასალას არგუმენტირებულად ასაბუთებდეს. ჰაგო სეპელტმა ყოველგვარი დასაბუთებული არგუმენტების და ფაქტების იგნორირების ხარჯზე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თითქოსდა ლაშა ტალახაძეს რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე არასოდეს ჩაუბარებია არასაშეჯიბრო დოპინგ-სინჯები, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ჩვენ მოგვეპოვება დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.
მე, როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვიყავი ევროპის 2019 ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი. მქონდა პატივი პირადად გადამეცა სააკრედიტაციო ბარათები ბათუმში გრიტ ჰარტმანის ხელმძღვანელობით ჩამოსული გერმანელი ჟურნალისტებისთვის. აკრედიტაციების ჩაბარების შემდეგ ქალბატონ გრიტ ჰარტმანის ნებისმიერ საკითხში დახმარების სურვილიც დავუფიქსირე. გრიტ ჰარტმანს დოკუმენტაციის მოთხოვნის ან კითხვებზე პასუხის მიღების კიდევ ერთი შანსი პატაიაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჰქონდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არც ერთ გერმანელ ჟურნალისტს ლაშა ტალახაძისთვის ან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლისთვის არც კითხვით და არც საჭირო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით არასდროს მიმართვა არ დაუფიქსირებია. საინტერესოა, რას ემსახურებოდა ეს ყოველივე და საზოგადოების ფართო მასებზე მანიპულირება ხომ არ არის შოუს დადგმის მიზანი?
ლაშა ტალახაძე გთავაზობთ ADAMS-ის ჟურნალის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება მარტივი და ეფექტური რესურსი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, სადაც სწორედ 2015-2016 წლების არასაშეჯიბრო სინჯების შეგროვების თარიღებია ხაზგასმული, როდესაც ARD-მა განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე არ შემოწმებულა ვარჯიშების პერიოდში.
„იმედი მაქვს, რომ ეს საკმარისი ინფორმაციაა იმისთვის, რომ გავიგოთ, რამდენად დიდია სინჯების აღების სიხშირე. ჩემს თანამებრძოლებს ტოკიო 2020-ის გზაზე მსურს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“ - ლაშა ტალახაძე.
იმედი მაქვს, ჰაგო სეპელტს ეყოფა გამბედაობა, გადახედოს მის მიერვე გავრცელებულ სიცრუის შემცველ განცხადებებს და, ჭეშმარიტებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნით, სიმართლე დააფიქსიროს. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის სურვილს ოფიციალურად აფიქსირებენ.
დაბოლოს, დოკუმენტური ფილმი - „საიდუმლო ამბავი დოპინგზე - ბატონი ჰებერი“ სოციალურ ქსელში 9 იანვარს გამოჩნდა. გერმანულ ბრალდებებს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ჯერ არ გამოხმაურებია.