სანამ პროტესტი ჭიათურის ქუჩებში გადაინაცვლებდა, მაღაროელებმა ჯერ მოლაპარაკება სცადეს: „ჯორჯიან მანგანეზს“ 12%-ით ხელფასების გაზრდა და შრომის პირობების გაუმჯობესება სთხოვეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ და მაღაროელები ისევ გავიდნენ ქუჩაში.
მათ შორის არის გვირაბგამყვანი მერაბ სარალიძეც, რომელიც რვა საათის განმავლობაში მიწის ქვეშ მუშაობს:
„ეს ერთ-ერთი რთული პოზიციაა მაღაროელისთვის, რვა საათი მიწის ქვეშ ვართ, სადაც არც სუფთა ჰაერია და არც ის იცი გარეთ დღეა თუ ღამეა“, - ამბობს, რომ რა მოთხოვნებიც მას და სხვა მაღაროელებს აქვთ, ეს მხოლოდ მინიმუმია. და ამ მინიმუმის დაკმაყოფილებაზე გამოცხადებული უარი მათ პროტესტს კიდევ უფრო ამწვავებს.
„თავიდან მხოლოდ 12%-ით ხელფასის მატებას ვითხოვდით. წესით, კომპანიას ეს ისედაც უნდა გაეკეთებინა ინფლაციის პირობებში. ვითხოვდით დაზიანებული და ძველი ტექნიკის გამოცვლას, გაუმართავი მაღაროს მოწესრიგებას... მარტო პროდუქციის შექმნა ხომ არ არის საქმე? ხომ უნდა იყოს უსაფრთხოება დაცული, რომ არაფერი დაგვემართოს? ეს მინიმალური მოთხოვნები იყო“, - გვიყვება მერაბ სარალიძე.
მეშვიდე დღე მიდის და ჯერ არანაირი შედეგი არ არის. მაღაროელები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ყველა მაღარო და ვახტა გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი დასაქმებული არ მუშაობს.
ქუჩაში გამოსულ მაღაროელებს არა მხოლოდ მათი ოჯახების წევრები შეუერთდნენ - ქალაქის მცხოვრებთა ნაწილიც გარეთაა.
გაჩერდება მაღაროები - უხელფასოდ დარჩებიან მშრომელები, ავტომატურად გაჩერდება ყველა მაღაზია, რესტორანი თუ ბაზარი, რადგან იქ ვეღარავინ ივაჭრებს, - ამბობენ მაღაროელები.
ჭიათურაში ყველას ცხოვრება პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული მაღაროების მუშაობასთან.
უარის გარდა, აქციის მონაწილეებისათვის მიუღებელია „ჯორჯიან მანგანეზის“, როგორც თავად ამბობენ, „დამცინავი დამოკიდებულებაც“:
„გვითხრეს, აფრიკიდან უფრო იაფად ჩამოვიტანთ მარგანეცს, რაც გინდათ ქენითო. მაგრამ ის მარგანეცი იმიტომ ღირს იაფი, რომ ასეთი ხარისხი არ აქვს, მაინც ჩვენი მარგანეცით უნდა გაამდიდრონ. ჩვენ ვუთხარით, რომ ამის უფლებას არ მივცემთ. ზესტაფონის ფეროსაც შემოვიერთებთ პროტესტში, მადნის გადამუშავება რომ ვერ შეძლონ“, - გვეუბნება მერაბ სარალიძე.
„მაგრამ ჩვენ საკუთარი სიცოცხლეც რომ შევწიროთ ამ ამბავს, არ გავჩერდებით. არ ვიცი, ამისთვის რამდენად მზადაა ათასობით ადამიანი, მაგრამ ათობით ადამიანი ნამდვილად არ წავა სახლში ხელცარიელი“ - მერაბ სარალიძე
მაღაროელებს დიდად არც ადგილობრივი პროფკავშირის იმედი აქვთ. ამბობენ, რომ მათგან მხარში დგომას ვერ გრძნობენ. მეტიც, ეჭვობენ, რომ პროფკავშირი და წარმოება შეთანხმებულად მოქმედებენ.
მერაბ სარალიძე ამბობს, რომ რაც დრო გადის, გაიზრდება მოთხოვნებიც და მალე ხელფასის 12%-ით კი არა, 40%-ით გაზრდაც შეიძლება მოითხოვონ - თან პროტესტის უკიდურესი ფორმით, შიმშილობით.
შიმშილობა, როგორც პროტესტის ფორმა, ჭიათურელი მაღაროელებისთვის არ არის ახალი - საკუთარი უფლებების დასაცავად ამ ფორმით მათ ადრეც უბრძოლიათ. ერთ-ერთი ბოლო აქცია ჭიათურელმა მაღაროელებმა, მაშინაც ხელფასის ზრდის და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, 2019 წელსაც გამართეს. მაშინ 14 მაღაროელი შიმშილობდა, სამმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
სახლში წასვლას არ აპირებს არც გიორგი ნეფარიძე, შუქრუთის მაღაროს თანამშრომელი და ამბობს, რომ მათი მოთხოვნები უნდა შესრულდეს. ის გვიყვება, რომ თებერვლის შემდეგ, როცა გაჩერებულ მაღაროებში სამუშაო პროცესი აღდგა, კომპანიის გადაწყვეტილებით, მაღაროელებს მოუწიათ სრულიად შეცვლილი პირობებით მუშაობის გაგრძელება - 40%-ით გაზრდილი სამუშაოს შესრულება იმავე ხელფასით.
„თუ, მაგალითად, მაღაროელი მუშაობდა 12 საათის განმავლობაში და ამ დროში გამოჰქონდა გარკვეული რაოდენობით მადანი, ახლა რვა საათში უნდა მოგვეპოვებინა მადნის რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ძველი ხელფასით, მოკლე დროში უნდა მოიპოვო ორჯერ მეტი ნედლეული. კომპანია ამბობს, გაწყობთ ასე? - კი, ბატონო. არა და - ნუ! არ გვაინტერესებს თქვენი მოთხოვნებიო“.
მაღაროელების ხელფასი, მათი სამუშაო პოზიციების მიხედვით განსხვავდება, თუმცა ძირითადად, 1200-1400 ლარამდე მერყეობს. გიორგი ნეფარიძემ გვითხრა, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი, შესაძლოა, 2000 ლარამდე აღწევდეს - აქაც გააჩნია პოზიციას.
გიორგი ნეფარიძეს ისიც ვკითხეთ, გამოსწორდა თუ არა სამუშაო პირობები ჭიათურის მაღაროებში წინა გაფიცვის შემდეგ. მან გვითხრა, რომ „ეს მხოლოდ დროებითი უკეთესობა იყო“:
„როგორც წესი, კომპანია მხოლოდ მაშინ დგამს რაღაც ნაბიჯს, როცა წინააღმდეგობას ხედავს, ოღონდ ყველაფერს აკეთებს პროტესტის ჩასახშობად და არა გასაუმჯობესებლად“.
გიორგი ნეფარიძე გვეუბნება, რომ ელიან როდის ჩაერთვება მედიაციის პროცესში სახელმწიფო. ჯერ სახელმწიფოს მხრიდან მაღაროელებთან არავინ გამოჩენილა.
ჭიათურის მაღაროელების პროტესტს 12 ივნისს მოკლე განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა ჩაერთოს მედიაციის პროცესში:
„ჩვენი მანდატის ფარგლებში, თუ საჭირო იქნება, მონაწილეობას მივიღებთ“, - თქვა მან.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ტატიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მართალია ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა მშრომელებთან მოლაპარაკების რესურსი არ ამოწურულა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია ყოველთვიურად მცირდება ფასები და მოთხოვნა ფეროშენადნობი პროდუქციის ბაზარზე. ეს კი კომპანიის მუშაობას სულ უფრო ართულებს. თუმცა, გიორგი ტატიშვილი გვეუბნება, რომ ამის მიუხედავად, თებერვლის დასაწყისიდან კომპანიამ მოახერხა ჭიათურაში დასაქმებულებისთვის 60%-იანი ხელფასის შენარჩუნება, „თუმცკი საწარმო ობიექტები სრულად იყო გაჩერებული“.
გიორგი ტატიშვილი ასევე ამბობს, რომ შეწყდა სახელფასო ავანსების დაქვითვა, მაღაროელებს შეუნარჩუნდათ სამედიცინო დაზღვევევის პაკეტები, ხოლო კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებებში მათი ჩარევის შედეგად, დავალიანებები გადაუვადდათ.
„რადგან "ჯორჯიან მანგანეზის" მიზანი მუშაობის გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა, სამუშაოების განსხვავებული სქემა ავამოქმედეთ, რაც გულისხმობს 12-დან 8-საათიან სამუშაო რეჟიმს. ხელფასი - იგივე რჩება. ადმინისტრაციული დანახარჯებიც მნიშვნელოვნად შევამცირეთ, რომ არ გავჩერებულიყავით. მიუხედავად ამისა, თანამშრომლების ნაწილში მაინც ვაწყდებით უკმაყოფილებას“.
რადიო თავისუფლება: მხოლოდ ნაწილში? მაღაროელები აცხადებენ, რომ არავინ მუშაობს და ყველა გაფიცულია და არა მხოლოდ მაღაროელები, მათ მხარს უჭერს ქალაქის მოსახლეობაც.
გიორგი ტატიშვილი: საუბარია ვახტურ რეჟიმზე დასაქმებული 720 ადამიანიდან 120 ადამიანზე. ეს რიცხვი იცვლება დროდადრო, მაგრამ ძირითადად ამდენი ადამიანია.
რადიო თავისუფლება: მათ კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, ხელფასის ზრდა, პირობების გაუმჯობესება. რა არის თქვენი პასუხი?
გიორგი ტატიშვილი: ჩვენც ვართ დაინტერესებული, რომ სამუშაო პროცესი აღდგეს, მაგრამ ამ პირობებში, თუ არ შევთანხმდით, რომ სამუშაო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, არანაირი აზრი მოლაპარაკებას არ ექნება. რაც შეეხება დასაქმებულების მიმართ 5%-იან ინდექსაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, კომპანია ამას შეასრულებს, როცა სრულად გაეშვება ჭიათურის მაღაროები და სამუშაო პროცესი აღდგება.
12 ივნისს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ („სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „ერთობა 2013“; „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „გილდია“; „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“) ერთობლივი განცხადებით მიმართა შრომის ინსპექციის სამსახურს და მოუწოდა დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით.
მიმართეს სახალხო დამცველსაც, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელების პრობლემებს.
პროტესტის მეშვიდე დღეს, მაღაროელებმა ჭიათურაში კარვების გაშლა გადაწყვიტეს. ისინი არც შიმშილობის დაწყებას გამორიცხავენ. ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება.