Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებული მცოცავი ოკუპაცია და ხელისუფლების დაგვიანებული რეაქცია


სოფელი ტახტისძირი
სოფელი ტახტისძირი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მცხოვრები თამაზ კობერიძე თანასოფლელებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებდა საოკუპაციო ძალების საქმიანობას. თამაზი სოფლის ცენტრში იდგა და საკუთარ ნაკვეთთან მიახლოებას ვერ ახერხებდა, რადგან იქვე ახლოს რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის მესაზღვრეები ბოძებს ამონტაჟებდნენ.

„ღობავენ, წაგვართმევენ და დავრჩებით მშივრები. აბა, ნაკვეთს რომ წაგართმევენ, რაღა უნდა ჭამო?! კაკალი, ვაშლი და სხვა ხილი სულ იქა მაქვს, მდინარე ფრონეს გაღმა, სხვა არაფერი შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს. თუ ხაზს ტახტისძირიდან დირბისკენ გაჰყვნენ, ალბათ, საბოლოოდ, 50 ჰექტარამდე მოექცევა ღობეებს იქით“, - ამბობს თამაზ კობერიძე და თვალს არ აშორებს ქედზე მომუშავე შეიარაღებულ პირებს.

სოფელი ტახტისძირი
სოფელი ტახტისძირი

სოფელში პოლიციაც პატრულირებს და იქ მცხოვრებლებსა და ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას მათივე უსაფრთხოების მოტივით უკრძალავს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის გადმოწევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების დირბისა და ტახტისძირის სასოფლო ნაკვეთებში, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ტახტისძირელების თქმით, მათი სახნავ-სათესი მიწის ფართების ნაწილი ოკუპაციის ხაზს მიღმა ექცევა. დაახლოებით, 10 ჰექტარამდე მიწას იტაცებენ. ტახტისძირს დასავლეთით ოსური სოფელი გვირგვინა ესაზღვრება. საოკუპაციო ძალები სწორედ ამ სოფლიდან გამოჩნდნენ. გვირგვინასა და ტახტისძირს შორის ქედზე არსებულ მიწის ნაკვეთებს ტახტისძირელები დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათ მიწას ნელ-ნელა ართმევენ.

ეს არ არის ამ სოფლის მიწის ფართობების მცოცავი ოკუპაციის პირველი შემთხვევა. 2011 წლიდან, „ბორდერიზაციის“ დაწყებიდან დღემდე, ათობით ჰექტარი მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა, უკვე მიტაცებულია. ტახტისძირის მცხოვრები კაკო ბარამაშვილი ამბობს, რომ მესაზღვრეები სოფლის მინდორში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ, მაგრამ წინააღმდეგობის გამწევი არავინ აღმოჩნდა:

„ღობავენ ჩვენს მინდვრებს, თითქმის ერთი კვირაა, მანდ მუშაობენ. წინა შემოღობვის დროს ჯერ 2 ჰექტარზე მეტი დაიკავეს, შემდეგ კიდევ 5 ჰექტარი და ახლა კიდევ 10-15 ჰექტარს იკავებენ. კამაზის მარკის მანქანით შემოვიდნენ, მოიტანეს ბოძები და დაიწყეს ჩვენი ნაკვეთების შეღობვა. გვეუბნებიან, ჩვენიაო. არადა, მამაპაპისეული ნაკვეთია, ოდითგანვე ვამუშავებდით და როგორ გახდა მაგათი?ქერის, ხორბლისა და ლობიოს მოსაყვანად ვიყენებდით მაგ მიწას“.

სოფელი ტახტისძირი
სოფელი ტახტისძირი

შემოდგომაზე ტახტისძირელების ნაწილმა მიწა დაამუშავა და იქ ქერი დათესა. დამუშავებულ-დათესილი ნაკვეთებიც ახლა ძელებს მიღმა მოექცა. მეორე ნაწილმა კი მიწა დასათესად გაამზადა, თუმცა იქ შესვლა ახლა წარმოუდგენელია. გარსევან სტეფნაძე ამბობს, რომ უკვე ლობიოს დათესვას აპირებდა, როცა რუსები გამოჩნდნენ:

„უნდა დაგვეფარცხა და დაგვეთესა. ლობიო უნდა დამეთესა და მაგის მეტი ნაკვეთი არა მაქვს. ახლა მთლიანად შემოღობეს. რომ გადავიდე ჩემს ნაკვეთში, დამიჭერენ და წამიყვანენ. ამ მინდვრებში 12 ოჯახი ათ ჰექტარზე მეტ მიწას ვფლობდით და მთლიანად ვკარგავთ ახლა“.

ტახტისძირელების თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მინდორში ბოძები საკმაოდ დიდ მანძილზე უკვე ჩასვეს და მალე, ალბათ, მათზე ღობეებსაც დაამონტაჟებენ.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მინდორში რუსები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფაქტზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა, რაც ტახტისძირში ჟურნალისტები ჩავიდნენ. საზოგადოებამ ინფორმაცია ჯერ მედიიდან მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით, გამოჩნდა ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის და, ბოლოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები.

„მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - აცხადებენ სუს-ში.

ახლა მთავარია ბორდერიზაციის ფაქტის შეკავება და მკაფიო შეფასება, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით. კომენტარს მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს მოქმედებები საოკუპაციო ძალების სახეს წარმოაჩენს.

„ამ მძიმე ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი განმარტებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

„პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს ასევე პატრულირება ადგილზე. იქ იმყოფებიან, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისი განმარტებით, ეს მოქმედებები ქმნის დამატებით უსაფრთხოებისა და მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს ადგილზე.

ტახტისძირელები აცხადებენ, რომ სოფელში მათი პრობლემების გასარკვევად ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. მიწადაკარგულებმა ჯერ არც ის იციან, მიეცემათ თუ არა უკვე ოკუპირებულ ნაკვეთებში მოსავლის აღების შესაძლებლობა. გასულ წელს საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით აქტიურობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით. ჩორჩანაში მათ ახალი საგუშაგოები დადგეს, გუგუტიაანთკარსა და ატოცში კი ადგილობრივი მოსახლეობის ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობები და ხილის ბაღები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.

XS
SM
MD
LG