Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული კვალის წაშლის მცდელობა ოკუპირებულ სოფლებში


საოკუპაციო ხაზი
საოკუპაციო ხაზი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 16 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ცალკე საკითხადაა განხილული ოკუპირებულ სოფელ ერედვში არსებული ვითარება.

„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული მოსახლეობის კვალის წაშლისა და მომავალში იძულებით გადაადგილებული მკვიდრი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების გამორიცხვის მიზნით, ოკუპირებულ სოფელ ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით გრძელდებოდა ნაგავსაყრელის მშენებლობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ერედვისა და სხვა ქართული სოფლების უახლესი ისტორია

დიდი და პატარა ლიახვის სოფლებში სახლების ნგრევა 2008 წლის ომის შემდეგ მალევე დაიწყეს. მიწასთან არის გასწორებული ათეულობით სოფელი. ერედვის გარდა, ნასახლარების კვალიც კი წაშლილია დიდი ლიახვის ქართულ სოფელ ძარწემში, სადაც რუსეთის ფედერაციის მეოთხე ბაზის სპეციალური სასროლეთია მოწყობილი. ამ სასროლეთზე ხშირად ტარდება სამხედრო წვრთნები, აფეთქებებისა და სროლის ხმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებამდეც აღწევს. ცხინვალის ტელევიზიამ არაერთხელ გაავრცელა კადრები იმის საჩვენებლად, თუ როგორ მუშაობდნენ ტრაქტორები და ბულდოზერები სოფელში და როგორ ანგრევდნენ იქ დარჩენილ ნასახლარებს. მსგავს მდგომარეობაშია სოფელ თამარაშენის ნაწილიც, სადაც ნასახლარებზე ახალი კორპუსები ააშენეს და მას „მოსკოვსკი“ უწოდეს.

ოთარ ცოტნიაშვილი ერედველია. მას კარგად ახსოვს 2008 წლის საავიაციო შეტევა - მაშინ, სოფლის დაბომბვისას, არაერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. მოსახლეობას სოფლის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ იქ უკვე შედიოდნენ რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ნაწილები.

„მე ვფიქრობ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი სიმბოლურად აკეთებენ ასეთ რამეს, შურისძიების სიმბოლოდ, რომ ერთ დროს ძლიერი სოფელი და სტრატეგიული ცენტრი დღეს ნაგავსაყრელად გახადეს. ხალხს თავიდან არ ეჯერა, მაგრამ ახლა ნახეს, რომ სისრულეში მოჰყავთ ეს განზრახვა. ახლა გამოსავალზე საუბარი, ალბათ, რთულია“, - ამბობს ოთარ ცოტნიაშვილი.

ერედვის წარსული. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ

ერედვი დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. ის წერილობით წყაროებში VIII საუკუნიდან იხსენიება. ერედვი ცხინვალიდან 5-6 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მცხეთის ჯვრისა და წვერიახოს ქედების დაბლა კალთებზეა (მდ. პატარა ლიახვამდე) გაშლილი. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „მთის ძირს, ქრცხელვანის აღმოსავლეთით, პატარა ლიახვისკენ, არს ერედვის ციხე და ეკლესია მას შინა წმინდის გიორგისა, სასწაულიანი“. სიდიდის გამო (სოფელი თითქმის ხუთ კილომეტრზეა გადაჭიმული) წინაპრებმა ერედვს ქართლის მერვედი უწოდეს. აგვისტოს ომამდე აქ ათასამდე ოჯახი ცხოვრობდა.

ისტორიკოსი სოსო ვახტანგაშვილი ამბობს, რომ პატარა ლიახვის ხეობის ყველაზე დიდი სოფელი საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული სტრატეგიული და გეოგრაფიული მნიშვნელობისა იყო, ერედველები კი ყოველთვის უწევდნენ წინააღმდეგობას სეპარატისტულ სამხედრო დაჯგუფებებს. ამიტომ, ვახტანგაშვილის აზრით, სოფელში ქართული კვალის წაშლა და იქ ნაგავსაყრელის გადატანის მცდელობა ერთგვარ შურისძიებას და დასჯას უფრო ჰგავს. მისი თქმით, 2004 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს ერედვში ადგილობრივი მოხალისეების საბრძოლო რაზმები იყო შექმნილი, რომლებსაც სოფლის დაცვა ევალებოდათ. გარდა ამისა, 2004 წლის შემდეგ, როცა ცხინვალმა დიდი ლიახვის ხეობისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა და ხეობის 9 ქართული სოფელი გარესამყაროს მოსწყვიტა, ერედვიდან წვერიახოს მთაზე შემოვლითი გზა გაკეთდა და პატარა ლიახვის ხეობა ამ გზით დიდი ლიახვის ხეობას დაუკავშირდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დიდი ლიახვის ხეობის დევნილები სწორედ წვერიახოს გზით გამოვიდნენ ცხინვალის რეგიონიდან.

„სოფელში კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ძეგლია. განსაკუთრებულია წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა, სადაც კონსტანტინე აფხაზთა მეფის წარწერაცაა შემორჩენილი და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებაა საჭირო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა იმ თვალსაზრისით, რომ არ განადგურდეს კულტურული მემკვიდრეობა. იმდენად ძველი და ისტორიული სოფელია, რომ ნიჩბის დაკვრისას საინტერესო არქეოლოგიური მასალა ამოდის და ამ ყველაფრის განადგურებაზე ხმაურია ასატეხი“, - ამბობს ისტორიკოსი სოსო ვახტანგაშვილი.

„გუგლის“ თანამგზავრულ რუკაზე ახლაც ჩანს, რომ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დანგრეული არ არის, თუმცა მის გარშემო არსებული სახლები განადგურებულია.

ეკლესია და ნასახლარები გუგლის რუკაზე
ეკლესია და ნასახლარები გუგლის რუკაზე

სუს-ის ანგარიშში ვკითხულობთ: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. ხორციელდებოდა აღნიშნულ პროცესებში ჩართული პირებისა და ე.წ. ორგანიზაციების იდენტიფიცირება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობდა საერთაშორისო ფორმატების გამოყენება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე, მათ შორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროებაზე რეაგირების მიზნით. სამსახურის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით დანაშაულებრივ ქმედებებში სხვადასხვა დროს ჩართული ყველა პირი წარდგება მართლმსაჯულების წინაშე”.

XS
SM
MD
LG