Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვირუსისგან ძმარი დაგიცავთ" და სხვა ცრუ ამბები კორონავირუსის შესახებ


  • კორონავირუსის შემქმნელი მულტიმილიონერი ფარმაცევტია
  • ვირუსი სპეციალურად შეიქმნა, რომ ვაქცინები გაიყიდოს
  • კორონავირუსს ბანანში უშვებენ და სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებენ
  • კორონავირუსისგან ძმარი დაგიცავთ

ეს იმ ცრუ ინფორმაციის მცირე ჩამონათვალია, რომელიც კორონავირუსზე ვრცელდება და რომელთა გამოვლენაზეც პოინტერის ინსტიტუტის, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) მსოფლიოს მასშტაბით 30 ქვეყნის 48 მკვლევართან ერთად მუშაობდა. მათ შორის იყო საქართველო, “მითების დეტექტორმა” კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ყალბი ამბავი გამოავლინა.

მრავალწლიანი მითი ბანანის შესახებ

დროდადრო, სხვადასხვა გრიპის შემოსვლასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანანში ვირუსი შეჰყავთ და ამ გზით აინფიცირებენ ადამიანებს ებოლათი, ზიკას ვირუსით, შიდსით, ღორის გრიპით, ასე მოხდა კორონავირუსის შემთხვევაშიც.

„მითების დეტექტორმა“ გამოაქვეყნა ვიზუალიზაცია, სადაც ასახულია ბანანის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის ქრონოლოგია.

„სხვადასხვა ქვეყნებში იყო ცრურწმენები, მაგალითად, ჩვენთან განკურნების გზად ნიორი მიაჩნიათ, ტაივანში ძმარი დასახელდა და ა.შ. რაც შეეხება საქართველოს, გამოირკვა, რომ იდენტური სიცრუე ორგანიზებულად ვრცელდებოდა რუსეთში და საქართველოში. ბანანის შემთხვევაში ეს იყო მესენჯერებით გავრცელებული ინფორმაცია და კრემლის სატელიტმა ტელევიზიამ, Ren TV-მ თავისი სიუჟეტით პირდაპირ ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირა კორონავირუსის თემა. მათ გამოიყენეს იგორ გიორგაძის ძველი ინტერვიუ, როდესაც ის C ჰეპატიტის პროგრამაზე საუბრობდა და სრულებით დაუსაბუთებელი პარალელი გაავლეს ამ მოვლენას შორის.

ერთია, როდესაც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომელსაც „cklikbait“ საიტები ქმნიან, იყენებენ საზოგადოებისთვის მგრძნობიარე თემას იმისთვის, რომ აუდიტორია გაზარდონ და ვებგვერდზე დაწკაპუნებით ფული გამოიმუშაონ და მეორეა პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აქვს რუსეთის ფედერაციას. ის ნებისმიერ თემას იყენებს დასავლეთის დემონიზებისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) აღმასრულებელი დირექტორი.

ის ურჩევს მკითხველს, დააკვირდნენ ინფორმაციას, ნახონ წყარო და შეამოწმონ, ავრცელებენ თუ არა იმავე ინფორმაციას სანდო გამოცემები. „წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ანეკდოტური მტკიცებულება, რომელზეც უნდა გაიღიმოთ“, - ამბობს იგი.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG