თურმე სამყაროსავით ძველი ბანალობაა, რომ მორალი სულაც არ ყოფილა სათნოებათა შორის უმთავრესი.
როცა ძალა სადღაც სხვაგანაა და არა ზნეობრივ პასუხისმგებლობაში, მორალს ნამდვილად ვერ ეღირსება პირველი ადგილი ღირებულებათა სპორტულ შეჯიბრებაში.
რადგან მასობრივ-ცნობიერად, როგორც ჩანს, ღირებულება გამარჯვებულობა და წარმატებულობაა და არა ეს მოსაწყენი ზნეობრივი იმპერატივი.
გამარჯვებულს არ ასამართლებენ, ხოლო წაგებულსა და სუსტს - კი.
მეტიც, ნიცშესეული ძალაუფლების ნების ლოგიკის მიხედვით, წაგებული, ჩაგრული და სუსტი არა თანაგრძნობას, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, სიძულვილსა და ზიზღს იწვევს, უბრალოდ,ზოგჯერ ამის აღიარება ერიდებათ ჩაგრულის მოძულეებს...
რადგან გამარჯვება უმთავრესი არგუმენტია...
განა, ისტორია და აწმყო ამას არ გვახსენებს, რომ ხშირად სწორედ ის უყვართ, ვინც ძლიერია და არა ის, ვინც მართალია?!
თანაგრძნობა მომქანცველი და უხმაუროა, გამარჯვებულის სხვივებქვეშ ყოფნა კი საკუთარი სისუსტის დავიწყების საუკეთესო საშუალებაა.
მით უმეტეს, როცა ერთი გამარჯვებით სხვა ფრონტზე გამარჯვებაც შესაძლებელია... როცა ვინც გვძულს, ყველას ერთიანად ვამარცხებთ, მაშინაც კი, როდესაც, ვთქვათ, ცალკეული სპორტსმენის გამარჯვება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სპორტულ სახეობაში გამარჯვებას ნიშნავს, მაგრამ მავანთა აღქმით, ის შესაძლოა სხვათა ჯინაზეც იგებდეს... მაგალითად, იმათი, ვინც ახლა და ამ დროს გვიშლიდეს ნერვებს: რომელიმე უფლებადამცველის, ან თავხედურად ხმა-ამაღლებული ქალის...
მაგრამ მთავარი აქ მაინც გამხელილი თუ გაუმხელელი შეგრძნებაა: ზოგადად სუსტის ვერატანა და გამარჯვებით დახარბებულობა.
შესაძლოა, უადგილოდ ჩანდეს ეს პარალელი, მაგრამ რაკი ზოგიერთთა მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიხატება თუნდაც არსებული პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილება, მიზეზი შესაძლოა აქაც უფრო ემოციური იყოს, ვიდრე ობიექტური, რადგან სპორტსმენის მსგავსად, პოლიტიკოსიც ხომ მაშინ აღგაგზნებს, როცა ის სხვადასხვა სიმსხვილის ტრიუმფთან ასოცირდება, დიდხანს ვერგამარჯვებული პოლიტიკოსი კი ყველა ნიშნით სუსტად გეჩვენება და მტერზე არანაკლებად გაღიზიანებს...
ანუ ვერგამარჯვებულთან ერთად ყოფნა გღლის და მასზე ბრაზობ, რადგან, აბა, საკუთარ თავს ხომ არ გაიმეტებ გასაბრაზებლად?! ჩვენ რა შუაში ვართ.
სპორტსა და პოლიტიკაში ხომ მსგავსი ვნებებია - კონკურენტი უნდა შთანთქა, თორემ ბრბო არ გაპატიებს სისუსტეს.
რომის იმპერატორი ტყუილად კი არ სწევდა დაბლა ცერა თითს, რათა ორთაბრძოლაში გამარჯვებულს ძირს განრთხმულისთვის ჩაეცა სასიკვდილო ლახვარი...
ცერის თავდაყირა გადმომბრუნებელმა კარგად იცოდა, რომ მოწყენილ მასებს გამარჯვების ჯილდო სჭირდებოდათ და არა თანაგრძნობა.
მორალი უნდა დადუმებულიყო, როცა მოედანზე გამარჯვებული იდგა.