Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბილტმორზე ორჯერ დიდი“ - გაირკვა, რა იგულისხმებოდა იპოდრომის ტყეში „უძრავი ქონების განვითარებაში“


იპოდრომის ტყეში დაგეგმილი მშენებლობის საპროექტო რენდერი
იპოდრომის ტყეში დაგეგმილი მშენებლობის საპროექტო რენდერი

იპოდრომის ტყეში ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი უკვე მზადაა და მფლობელი მშენებლობის დაწყების უფლებას ჯერ თბილისის მერიაში, შემდეგ კი საკრებულოში ითხოვს. „კატასტროფა!“ - ასე აფასებენ ამ გეგმებს აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც წინააღმდეგობის ახალი ტალღისთვის ემზადებიან.

„ცენტრალ პარკ ავენიუ“ იპოდრომის ტყეში მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებას აპირებს. ამ მოთხოვნით თბილისის მერიაში უკვე შევიდა პროექტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.

პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება. იმ ტერიტორიის ფართობი 80 145 კვ.მ-ია.

იქვე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი 5500 ავტომობილზე. აქვე ნათქვამია, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მიზანია საფეხმავლო კულტურის განვითარება და “ავტომობილებზე ორიენტირებული დაგეგმარების თავიდან აცილება”.

„საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით“, - ვკითხულობთ საპროექტო დოკუმენტაციაში.

პროექტის ავტორია ესპანური არქიტექტურული კომპანია Chapman Taylor-ი.

გეგმა: მულტიფუნქციურ კომპლექსში 7-დან ორი შენობა ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
გეგმა: მულტიფუნქციურ კომპლექსში 7-დან ორი შენობა ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
გეგმით, მიწის ნაკვეთზე სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობების გარდა, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი სივრცეებია
გეგმით, მიწის ნაკვეთზე სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობების გარდა, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი სივრცეებია
ცათამბჯენებზე ხედი თამარაშვილის ქუჩიდან
ცათამბჯენებზე ხედი თამარაშვილის ქუჩიდან

იპოდრომის ტყე საბურთალოს რაიონში, მიხეილ თამარაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, აღმოსავლეთით - იპოდრომის ცენტრალური პარკი, ხოლო დასავლეთით - თამარაშვილის ქუჩა.

ურბანისტი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ ჯერ იპოდრომს დაუკარგა თავისი ფუნქცია ე.წ. ცენტრალური პარკის იდეით, ახლა კი მთელი ტერიტორიის "კონკრეტული კომპანიის ინტერესების შესაბამისად" განვითარებას გეგმავს.

„79-სართულიანი კორპუსი ნიშნავს მინიმუმ 240-მეტრიან შენობას, ბილტმორის არის 137 მეტრი, ანუ ბილტმორზე ორჯერ დიდ მოცულობაზეა საუბარი. ეს არ არის ქალაქის სასიკეთო გადაწყვეტილება, ვერცერთ არგუმენტს ვერ მოიყვანენ ამის საპირისპიროდ. ასევე, ნიშნავს იმასაც, რომ ამ ახალი მიკროუბნისთვის ე.წ. ცენტრალური პარკი (იპოდრომი) შიდა ეზო იქნება", - ამბობს ცირა ელისაშვილი.

იპოდრომზე ნიუ-იორკის მსგავსი ცენტრალური პარკის გაშენება თბილისის მერმა კახა კალაძემ 2020 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დააანონსა.
ეს პარკი თბილისს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა ჰქონოდა. თუმცა მშენებლობა დასრულებული დაპირებიდან მეოთხე წელსაც არ არის. აქტივისტების ჯგუფი სასამართლოში დავობს. სულ ორი სარჩელი მომზადდა. მათ ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და „მწვანე ალტერნატივის” იურისტები იცავენ. სარჩელის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ იპოდრომზე პარკის მშენებლობის პროექტი არ არსებობს, მშენებლობა კი უკანონოა.

იპოდრომის ყველაზე ტყიანი მხარე, სადაც კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუ” მულტიფუნქციური საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავს, სარეკრეაციო ზონაა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, აქ დაუშვებელია ყველანაირი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის მოწყობისა. კომპანია ფუნქციური ზონის ცვლილებასაც მოითხოვს.

სამოქალაქო მოძრაობა „იპოდრომი-უბეტონო მხარის“ წარმომადგენელს, აქტივისტ ელენე ცერცვაძეს პროექტი არ მოსწონს და ამბობს, რომ საბურთალოზე მცხოვრები ადამიანები სარეკრეაციო ზონის „დუბაის ცათამბჯენებით ჩანაცვლებას“ არ დაუშვებენ.

„საპროექტო დავალებაში კატასტროფა ვნახე. ამ ტერიტორიაზე ერთადერთი ტყის ნაგლეჯია და რა გამოდის, მის ნაცვლად გიგანტურ ბეტონის ჯუნგლებს გვთავაზობენ, რომელიც მოკლავს სარეკრეაციო ზონას. ამ პროექტით გვეუბნებიან, რომ ადამიანები, მათი ჯანმრთელობა, ჰაერი ფეხებზე კიდიათ, უკანონობაა ეს ყველაფერი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე ცერცვაძემ.

სამოქალაქო მოძრაობა „იპოდრომი-უბეტონო მხარე" პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს იპოდრომის ტყეში. ადგილობრივებს ტყის გაყიდვისთანავე გაუჩნდათ ეჭვი, რომ ახალი მესაკუთრე აქ მშენებლობას დაიწყებდა. ამ საფრთხეზე წერდა რადიო თავისუფლებაც 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.

შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ” იპოდრომის ტყის ტერიტორია გასული წლის 27 ოქტომბერს ფონდ “ქართუსგან” 85 მილიონ დოლარად იყიდა.

კომპანია 2023 წლის 22 სექტემბერს იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. მისი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია. ვასილ ფხაკაძე მართავს „ვისოლ ჯგუფის“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფს“.

„ვისოლი ჯგუფმა“ ტერიტორიის ყიდვის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამშენებლო კომპანია „გ დ ალკოსა“ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის 13 ნომერში, „განვითარებული უძრავი ქონება" გამორჩეული იქნებოდა დახვეწილი, გემოვნებიანი არქიტექტურითა და დიზაინით“.

იპოდრომის ტყეში დაგეგმილი მშენებლობის ამსახველი ვიზუალური მასალა პირველად სოციალურ ქსელში საკრებულოში დეპუტატმა პარტია „ლელოდან“ საბა ბუაძემ გამოაქვეყნა.

„ეს მშენებლობა შექმნის სერიოზულ ქაოსსა და კოლაფსს, ისედაც გადატვირთულ ტერიტორიაზე. ამ ადგილას უკვე შენდება ერთი დიდი საცხოვრებელი კომპლექსი. ახალი მოცულობის დამატება კი გაანადგურებს უძვირფასეს სარეკრეაციო სივრცეს და დაამძიმებს სატრანსპორტო მდგომარეობას. ეს არის ურბანული გენოციდის გაგრძელება ქალაქში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საბა ბუაძემ.

სამშენებლო პროექტი საკრებულოში ჯერ არ შესულა. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ჯერ ისევ თბილისის მერიაშია. დეპუტატი საბა ბუაძე ამბობს, რომ ამ პროექტს ჯერ თბილისის მერიის ურბანულ კომისიაში განიხილავენ, შემდეგ თბილისის მთავრობის სხდომაზე და დადებითი პასუხის შემთხვევაში დასამტკიცებლად საკრებულოს გაუგზავნიან.

გეგმარებითი დავალების მოწონების შემთხვევაში, კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა შეიმუშაოს. განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოში პროექტის დამტკიცების ბოლო და მთავარი ეტაპია. დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ ინვესტორი პროექტს მერიაში აბრუნებს და მშენებლობის დასაწყებად ნებართვას ითხოვს.

XS
SM
MD
LG