ოპოზიცია კვლავ ეჭვობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკრეაციული ფუნქციის მატარებელი ტერიტორიის ქალაქისთვის დაბრუნება 31 ოქტომბრამდე 25 დღით აარჩევნებს უკავშირებდა. Ისინი ყურადღებას ამახვილებენ, რომ ქართული ოცნების ლიდერმა გააჩუქა არა ყველა ის მიწა, რასაც ამ ადგილას ფლობდა, არამედ მხოლოდ ნაწილი და ყველაზე მეტად გამწვანებული ტერიტორია, დახლოებით 8 ჰექტარი, კვლავ მის საკუთრებაში დარჩა.
6 ოქტომბერს თბილისის მერის პრეზენტაციის თანახმად, ძველი იპოდრომის ადგილას გაშენდება და მოეწყობა:
- იაპონური ბაღი
- ფრანგული ბაღი
- ბოტანიკური ბაღი
- საგანმანათლებლო ტერიტორია
- პანორამული პლატფორმა
- ხელოვნური ტბა
- Ამფითეატრი
- შადრევანი
- პანორამული ხიდი
- კვების ზონა
- 3 ზონა პარკინგისთვის
ასევე Დაიდგმება ცხენოსნის ძეგლი და ცალკე გამოიყოფა ცხოველებისთვის განკუთვნილი ტერიტორია - "ადამიანებს ხელი რომ არ შეუშალონ.”
Ამ პრეზენტაციის თანახმად, ცენტრალურ პარკში სულ 26 ზონა იქნება, მათ შორის, სპორტის ზონა - საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, სკეიტ პარკი, ზიპლაინი,სტრიტბოლისთვის განკუთვნილი ზონა, თოკების პარკი, ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვის არეალები, სამთო ველოსოპედების ბილიკები.
რა არის პარკი - სივრცე გართობისთვის თუ დასვენებისთვის
XOPA Architecture Bureau-ს არქიტექტორს, მიხეილ მიქაძეს თბილისის მერიის მიერ დახატული სურათი ბოლო დღეებში ნახსენებ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე მეტად საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებულ დასვენებისა და კულტურის პარკებს ახსენებს. ის ძველი იპოდრომის ახალ პროექტზე საუბრისას იყენებს სიტყვას “პროფანაცია” და ამბობს, რომ თბილისს არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის მიეცა.
“ძველ იპოდრომზე განაშენიანებას და კორპუსებს თუნდაც ამ ფორმით გაკეთებული პარკი სჯობია, თუმცა მოცემულობა, როცა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, ანუ ასფალტსა და ბეტონს შორის გაქვს, ნორმალური არ არის” - ამბობს მიხეილ მიქაძე.
“მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და პარკების მშენებლობისთვის ბუნებრივად გამწვანებული არეალები არ უნდა მცირდებოდეს.
“რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი საფარი უნდა იყოს შენარჩუნებული. ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ბუნებრივად არსებული მცენარეული თანასაზოგადოებები, ცხოველები ცხოვრობენ და ეს არის მნიშვნელოვანი” - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მაჭარაშვილმა, რომელსაც ბუნებრივი გარემოს მოსალოდნელი რღვევის გარდა, შენიშვნები აქვს ახალი პარკის მშენებლობის პროცესზეც.
“მხოლოდ სურათებიდან გამომდინარე რთულია დასკვნის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გადატვირთულ ბაღს, სადაც ყველაფერი უნდა იყოს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი არ იცნობს იპოდრომის ტერიტორიას და ამ სივრცეში ჩამოყალიბებულ შეხვედრების და შეკრებების კულტურას. იქ წლებია უკვე იკრიბებიან ცხოველების მოყვარულები, რაგბის მოთამაშეები, უცხოელი სტუდენტები კრიკეტსაც კი თამაშობდნენ, სავარჯიშო სივრცეა მოწყობილი, ყველა საკუთარი სცენარით იყენებდა ამ ტერიტორიას და არქიტექტორის მოვალეობაც ისაა, რომ აღმოაჩინოს არსებული სცენარები, რომელსაც მოსახლეობა იყენებს და გეგმარებისას გაითვალისწინოს. ეს კომპონენტი ამ პროექტს ნამდვილად აკლია და თითქოს ატრაქციონის მასშტაბის მატარებელი სივრცეა მთელი ქალაქისთვის, ვიდრე ადგილობრივების სარგებლობისთვის” - გვიხსნის არქიტექტორი, დავით ბოსტანაშვილი.
პროექტი კონკურსის გარეშე - პარკი, როგორც სიურპიზი
პროექტი, რომელიც თბილისის მერმა საზოგადოებას 6 ოქტომბერს წარუდგინა ჰოლანდიურ კომპანიას ეკუთვნის. მერიას მის შესაძენად ღია კონკურსი არ გამოუცხადებია. ძველი იპოდრომის ტერიტორიის ადგილას პარკის გაშენება ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია და პროექტის პრეზენტაციაზეც მისდამი მადლიერება გამოხატა მერიამ და არ უხსენებია, რა ნიშნით შეარჩია კონკრეტული ევროპული კომპანია კონტრაქტორად. არ უთქვამთ, რა ამოცანა დაუსახეს არქიტექტურულ ბიუროს და არც ის, როგორ ჩაეწერება პარკი ახალი ფუნქციით და დიზაინით ქალაქის ერთიან სტრუქტურაში.
“მერიის ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს პროექტის გამჭვირვალე მონაწილეობრივი პროცესი. ეს ნიშნავს, რომ პროექტი უნდა გამოქვეყნდეს გადაწყვეტილების მიღებამდე გონივრული ვადით ადრე. უნდა გამოცხადდეს, რა სახით და როდემდე მიიღებენ საზოგადოების მხრიდან შენიშვნებს და ყველა შენიშვნა უნდა იყოს გათვალისწინებული, ან დასაბუთებული, რატომაა კონკრეტული შენიშვნის მიღება შეუძლებელი. ეს არის ზოგადად წესი.
პირველ რიგში აუცილებელია ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეპირად გახმოვანდა, დოკუმენტური სახე მიეცეს და ეს გადაწყვეტილება არ გახდეს სავაჭრო არჩევნებთან დაკავშირებით, არ ჩაითვალოს რომ წინასაარჩევნო მოსყიდვად და იმის მიხედვით, როგორ დამთავრდება არჩევნები, არ გადაიფიქრონ ამის გაკეთება” - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
Პროექტის კონკურსის გარეშე შეკვეთა ჰოლანდიური კომპანიისთვის და მისი წარდგენის ფორმა არქიტექტორ დავით ბოსტანაშვილის აზრით, შეიძლება აიხსნას მერიის სურვილით, იპოდრომის დაბრუნება სიურპრიზი გამხდარიყო თბილისელებისათვის.
“გასაგებია, რომ ამ სიურპრიზს გარკვეული ეფექტი უნდა ჰქონოდა, სასიამოვნო სიურპრიზი უნდა ყოფილიყო ამიტომ ვიხილეთ რენდერების სახით ეს პროექტი. კონკურსი, კვლევა და წინასწარი სამზადისი ამ სიურპრიზის ეფექტს დაკარგავდა”- უთხრა მან რადიო თავისუფლებას . Დავით ბოსტანაშვილი იმასაც იხსენებს, რომ როცა კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ქალაქის ხელისუფლებას კონკურსის გამოცხადებას თხოვდა, უთხრეს, რომ “პრიორიტეტი მაინც უცხოელები არიან.”
პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელ მავნე პრაქტიკად მიიჩნევს მიხეილ მიქაძე უკონკურსოდ უცხოელი კომპანიების დაქირავებას, რომლებსაც ხშირად არც მკაფიო ტექნიკური დავალება ეძლევათ და არც საკმარისი დრო ადგილობრივი სპეციფიკის გასაცნობად. ხელისუფლებები ამგვარი კომპანიების დაქირავებას “პრესტიჟულად” მიიჩნევენ და მოტივი უფრო მეტად საკუთარი თავის პიარია, ვიდრე ქალაქებზე ზრუნვა. ამასთანავე, მიხეილის აზრით, უცხოელი კომპანიების კონკურსის გარეშე დაქირავება მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ადგილობრივ სპეციალისტებს და შესაბამის სფეროს განვითარების შანსსაც ართმევს.
“შედეგი, რომელსაც ვხედავთ, აშკარას ხდის, რომ არც ნორმალური ტექნიკური დავალება იყო გაცემული საპროექტო ორგანიზაციისთვის და არც იმდენი დრო იყო დახარჯული არქიტექტორების მიერ, რომ პროექტი დამაჯერებლად მაინც გამოიყურებოდეს.
რა აუდიტორიაზე უნდა იყოს გათვლილი პარკი, რა ფუნქციებით უნდა იყოს დატვირთული, როგორ უნდა იყოს ინტეგრირებული ქალაქში, რა კონცეფცია უნდა ჰქონდეს, რამდენ წელზეა გათვლილი - არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ არის. ის ფორმა, როგორც მოგვაწოდეს, კარგად ასახავს დამოკიდებულებას ამ ტერიტორიის მიმართ. გარშემო არაფერი არის ნაჩვენები. არ ვიცით, როგორ ერწყმის ეს პარკი ქალაქის დანარჩენ ნაწილს” - ამბობს მიხეილ მიქაძე.
როგორ ინტეგრირდება ახალი პარკი ქალაქში, მნიშვნელოვან კითხვად მიაჩნია დავით ბოსტანაშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ ამ მწვანე სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ დღეს ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია. შესაბამისად, ახალ კონცეფციაზე მომუშავე გუნდისგან ყველაზე დიდი ინტერესით ამ პრობლემის გადაჭრას ელოდა, რაც დღევანდელ პრეზენტაციაზე ვერ დაინახა.
“პირველი, რამაც ჩაუყარა იპოდრომის გამიჯვნას ქალაქისგან საფუძველი, არის მაგისტრალი, რომელიც მას გარს არტყია. მხოლოდ ორი პატარა ბნელი გვირაბით არის შესაძლებელი აქ მოხვედრა. მაგისტრალს ესტაკადაც დაემატა, მოძრაობა ორზოლად აქცია და წვდომადობის პრობლემა არის ყველაზე დიდი პრობლემა. იგულისხმება რომ მანქანით უნდა მოხვიდე, მერე შემოხვიდე აპრკინგზე და მანქანით წახვიდე უკან. მწვანე სივრცეების მთელი იდეა ისაა, რომ იქამდე ფეხით მიხვიდე, სხვა მწვანე სივრცეებთან იყოს დაკავშირებული და ფეხით სიარულის მოტივაციას ქმნიდეს. დღეს მაგისტრალი იპოდრომს კედელივით აქვს გარშემორტმული” - ამბობს დავით ბოსტანაშვილი.
ტერიტორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არ გააჩუქა
სანამ საზოგადოება და სპეციალისტები იმაზე მსჯელობენ, როგორია ახალი პროექტი და რამდენად ჰგავს ქართული ცენტრალ-პარკი რეკრეაციულ სივრცეს, ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ქალაქს არასრული სახით აჩუქა და ყველაზე მეტად გამწვანებული და საინტერესო სივრცე დაიტოვა.
“ქალაქს უბრუნებს მხოლოდ ცენტრალურ მოედანს, სადაც თეორიულად ვერანაირი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების განხორციელების ინტერესი ვერ ექნება. სამაგიეროდ, ის საკუთრებაში იტოვებს დაახლოებით 79 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთს, სადაც, როგორც ჩანს, აპირებს საკუთარი ბიზნესპროექტების განხორციელებას და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. რეალურად, მან მოიშორა არამოგებიანი აქტივი და დაიტოვა შემდგომი განვითარებისთვის იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია", - თქვა ირაკლი აბესაძემ ევროპული საქართველოდან 6 ოქტომბერს იპოდრომის ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე.
ირაკლი აბესაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს ტერიტორია კვლავ დასაცავი გახდეს მშენებლობებისგან. ირაკლი აბესაძის განმარტებით, 2009 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ “ჟოკეი კლუბისგან” ეს ტერიტორია შეიძინა, მას წინა მფლობელისგან გადაეცა ამ ადგილას პარკის გაშენების ვალდებულება და ის, რასაც ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებას საჩუქრად სთავაზობს ხელისუფლება და ფონდი “ქართუ”, რეალურად მათ მიერ აღებული ვალდებულების წლების დაგვიანებით შესრულების მცდელობაა.