„სამუშაოები დიდი ხანია დაწყებულია, აბა, ეს მიწა ტყუილად ხომ არ მოიტანეს?“ - გვარწმუნებს თბილისის იპოდრომის დარაჯი და იმ მიწაყრილზე მიგვანიშნებს, რომელსაც უკვე ბალახი მოსდებია. მინდორზე ძველი საფეხმავლო ბილიკები რამდენიმე ადგილას ასეთ მიწაყრილთან წყდება, თუმცა ხალხს ახლები გაუკვალავთ.
იპოდრომის ფართობი, ცენტრალური მოედნითა და მიმდებარე ტერიტორიებით, 40 ჰექტარზე მეტია. ეს ტერიტორია, ერთი მხრივ, თამარაშვილის ქუჩას ესაზღვრება, მეორე მხრივ კი, საბურთალოს ახალ გზას, ბახტრიონისა და ცინცაძის ქუჩებს. იპოდრომის ეს მხარე ჯებირითაა შემოსაზღვრული, მიუმაგრებიათ წარწერაც: „უცხო პირები არ დაიშვებიან... მძიმე ტექნიკა მოძრაობს”.
26 წლის სოფოს სახლის აივანი ცინცაძის ქუჩიდან პირდაპირ იპოდრომს გადაჰყურებს. სოფო აქ გაიზარდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, მას მერე, რაც მის უბანში მშენებლობების ბუმი დაიწყო, სულ უფრო იშვიათად ჩადის იპოდრომზე:
„ახლა ისე ხშირად აღარ დავდივარ… როცა ბახტრიონის ქუჩის მხრიდან შემოსასვლელს კეტავენ, სეირნობის სურვილი მეკარგება. სხვა ადგილს ვეძებ, რაც, შეიძლება ითქვას, არაა ქალაქში… აივნიდან ვუყურებ ხოლმე ამ მშენებლობას და არ მსიამოვნებს… ორი ადამიანი აკეთებს ორ სტადიონს”.
იპოდრომზე ცენტრალური პარკის მოწყობის დაპირებიდან სამი წლის თავზე, ახალი მხოლოდ ორი ბეტონის სპორტული მოედანია - კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ორივე დაუსრულებელი. მუშები ამბობენ, რომ ორი დღის წინ სარწყავი სისტემის გაყვანაც დაიწყეს.
როცა სოფო იგებს, რომ რამდენიმე დღის წინ ფონდმა „ქართუმ” თამარაშვილის მიმდებარედ იპოდრომის ნაწილი გაყიდა უკვირს, როგორ შეიძლება გაყიდულიყო ის, რაც უკვე ქალაქს ეკუთვნოდა?
თუმცა იპოდრომის ეს ყველაზე მწვანე ნაწილი, არასდროს ყოფილა იმ ტერიტორიის შემადგენლობაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა სამი წლის წინ დედაქალაქს აჩუქა.
რა გაყიდა ფონდმა „ქართუმ” 2023 წელს?
ფოტოზე ყვითელი ფერით იპოდრომის ტყეა მონიშნული. 2020 წლის ჩუქების გარიგებაში, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის დაიდო, ეს ტერიტორიები არ მოხვდა. ბიძინა ივანიშვილის ფონდმა, ჯამში, 8 ჰექტარი საკუთრებაში დაიტოვა. ეს დეტალი მაშინ გაირკვა, როდესაც საჯარო რეესტრში ჩუქების ოფიციალური დოკუმენტაცია აიტვირთა.
„თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ იპოდრომის ნაწილის ისევ კერძო საკუთრებაში დატოვება, სამომავლო ნაღმი იყო, რომელიც უახლოეს მომავალში აფეთქდებოდა. ამ ტერიტორიას მშენებლობები ემუქრება და ეს გეგმა თავიდანვე არსებობდა...”, - ამბობს ანანო ცინცაბაძე, ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი და აქტივისტი.
ფონდმა „ქართუმ” ეს ნაკვეთები, იპოდრომის ტერიტორიის ჩუქებიდან სამ წელიწადში, 85 მილიონ დოლარად მიჰყიდა „ვისოლ ჯგუფთან” დაკავშირებულ შპს „ცენტრალ პარკ ავენიუს”. ტერიტორიის შესყიდვაზე საჯარო რეესტრში კომპანიის განცხადება 27 ოქტომბერს შევიდა.
კომპანია 2023 წლის 22 სექტემბერს იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. მისი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია. ვასილ ფხაკაძე მართავს „ვისოლ ჯგუფის“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფს“.
„ცენტრალ პარკ ავენიუ“ ამ ტერიტორიის მეორე მყიდველია. მასთან გარიგებამდე, ნაკვეთების გასხვისების ხელშეკრულება, წელს აგვისტოში, სხვა კომპანიასთან - „ნეო სითი დეველოპმენტთან” დაიდო. ამ კომპანიამ იპოდრომის ეს ნაწილი, აბრეშუმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია და „ლაგუნა ვერე” ერთად შეისყიდა.
შპს „ნეო სითი დეველოპმენტი” „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის, 2003-2004 წლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის, მარიკა ვერულაშვილის საკუთრებაა. ვერულაშვილი 2010 წლამდე პარტია „ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ხელმძღვანელიც იყო.
2023 წლის 16 ოქტომბერს შპს „ნეო სითი დეველოპმენტთან” გაფორმებული გარიგება გაუქმდა და ქონების მესაკუთრედ კვლავ „ქართუ ფონდი“ დარეგისტრირდა. აქედან ორ კვირაში ტერიტორიას „ცენტრალ პარკ ავენიუ“ ყიდულობს.
ამ ტერიტორიის ახალი მფლობელის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაა. კომპანია აშენებს სავაჭრო ცენტრებს, ოფისებს, საცხოვრებელ კომპლექსებს.
„ვისოლი ჯგუფი“ პირობას დებს, რომ სამშენებლო კომპანია „გ დ ალკოსა“ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის 13 ნომერში, „განვითარებული უძრავი ქონება" გამორჩეული იქნება დახვეწილი, გემოვნებიანი არქიტექტურითა და დიზაინით“.
იპოდრომის ეს ყველაზე ტყიანი მხარე, სადაც „ვისოლ ჯგუფი” ქონების „განვითარებას“ გეგმავს და არ იყენებს ტერმინს „მშენებლობა”, სარეკრეაციო ზონაა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, აქ დაუშვებელია ყველანაირი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის მოწყობისა.
„ტყის ადგილას ერთი აგურის დადებაც კი არ შეიძლება. სახელმწიფო გვაჩვენებს, რომ არანაირ კანონს აზრი არ აქვს, როცა უნდათ და რასაც უნდათ, ისე შეცვლიან. თავად ფაქტია გამაოგნებელი, რომ ბიზნესმენი ყიდულობს ტერიტორიას და აცხადებს, რომ იწყებს მშენებლობას იმ ზონაში, სადაც ამის უფლება არ აქვს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თავიანთი გავლენებით ყველაფერს მიაღწევენ”, - ამბობს საბურთალოზე მცხოვრები ელენე ცერცვაძე, რომელიც აქტივისტად იპოდრომის ცენტრალურ პარკად გარდაქმნის იდეამ აქცია.
კითხვაზე, როგორ აპირებს „ქონების განვითარებას” ამ ტერიტორიის სტატუსის შეუცვლელად - „ვისოლი ჯგუფმა”, რადიო თავისუფლებას რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არ უპასუხა.
ელენე არათუ მშენებლობების, არამედ იპოდრომზე ცენტრალური პარკის გაშენების იდეასაც ეწინააღმდეგება. სწორედ მან ჩამოაყალიბა გაერთიანება სახელწოდებით „იპოდრომი - უბეტონო მხარე”. ამ ერთობის წევრები იპოდრომის ბუნებრივი სახით შენარჩუნებისთვის იბრძვიან და მერიის დეკორატიული განაშენიანების გეგმას იწუნებენ.
„პარკის პროექტი რომ ვნახე, სასოწარკვეთილი ვიყავი, არ ვიცოდი, რა მექნა. მივხვდი, რომ ძვირფასს მართმევდნენ. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ვიღაცამ ისე გადახაზა, რომ არაფერი მკითხა - რატომ დადიხარ ყოველდღე აქ, რის გამო ირჩევ? რა არის განსაკუთრებული? მორალს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფოს კანონი ავალდებულებს, ჩემნაირი ადამიანი, ადგილის ერთგული მომხმარებელი გამოიკვლიოს. ერთპიროვნული და ფორმალური მმართველობის უბედურება სწორედ ეგ არის... საკითხი რასაც არ უნდა ეხებოდეს, უბრალო მოქალაქე ვერაფერს გახდები, უძლური ხარ”, - ამბობს ელენე.
ურბანისტი ცირა ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ იპოდრომის ტყე გაიყიდა, წლების შემდეგ ეს ადგილი მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანების ეზო გახდება:
„რას ვაკეთებთ?... ამ ინვესტიციით ვკლავთ იპოდრომის შესაძლებლობას, იყოს ერთიანი, ღია, თავისუფალი სივრცე. ეს არასწორი ჩარევა იქნება…“
ბესო კაჭარავამ და ირინა კორკოტაძემ ერთმანეთი იპოდრომზე გაიცნეს და იმ ჯგუფის წევრები გახდნენ, ვინც საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული.
„ჩემი მთელი ისტორია იპოდრომის ბაღთანაა დაკავშირებული. ბავშვობაში, როცა აქ ცხენები ჰყავდათ, სპორტზე დავდიოდი, შემდეგ ემიგრაციაში მომიწია წასვლა. 35 წელი ქვეყნიდან შორს გავატარე და სამშობლოში დაბრუნებისას სიმშვიდე მხოლოდ ამ ადგილას ვპოვე”, - გვიყვება ირინა. მისი ნდობა სახელმწიფოსადმი ისეთი დაბალია, რომ დარწმუნებულია, პარკში ხეებს გაჩეხავენ და კორპუსებს ჩადგამენ.
64 წლის ბესო კაჭარავაც მოტყუებულად გრძნობს თავს. ამ განცდას კი იპოდრომის გასხვისების მრავალწლიან ისტორიაზე დაკვირვება უჩენს, რომელიც 1998 წლიდან დაიწყო.
იპოდრომის ყიდვა-გაყიდვის მოკლე ისტორია
იპოდრომის ტერიტორიის ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტების კვლევა ამღვრეულ წყალში თევზის ჭერას ჰგავს - ათობით შპს და დაინტერესებული პირი, რამდენიმე ნაწილად დაყოფილი, შემდეგ ისევ გაერთიანებული, მისამართშეცვლილი თუ ძველ მისამართზე დაბრუნებული. ყველა ამ ამბავს ერთი რამ აქვს საერთო - იპოდრომის ახალი მფლობელები ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე დაპირებას იძლევიან - ტერიტორიაზე პარკს მოაწყობენ.
1998 წლის თებერვალში იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის, 58 ჰექტარის მეიჯარე შპს „ჟოკეი კლუბი” ხდება. 2005 წლის თებერვალში „ჟოკეი კლუბი“ ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლას ითხოვს, ორი წლის შემდეგ ამ მიზანს აღწევს.
2007 წლის 9 მარტს აუქციონზე იპოდრომის დარჩენილი ნაწილი, ერთი ჰექტარი გამოდის, რომელსაც ისევ შპს „ჟოკეი კლუბი“ ყიდულობს, 10 მლნ 20 ათას დოლარად. ამასთან, იღებს ვალდებულებას, ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ჰექტარი მიწის ფართობზე ახალი იპოდრომი გააშენოს და პროექტში 5-7 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადოს. ეს შეთანხმება, იპოდრომის ტერიტორიის დაახლოებით 20 ჰექტარის გამწვანებას და თანამედროვე ტიპის პარკის გაშენებასაც ითვალისწინებდა.
„ჟოკეი კლუბი“ ამ ვალდებულებს არ ასრულებს. 2009 წელს ის იპოდრომის ტერიტორიას 52 მილიონ დოლარად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია შპს „ინვესტ კაპიტალს“ აძლევს. ახალ მფლობელს მიწასთან ერთად „ჯოკეი კლუბის“ ვალდებულებებიც გადაეცა თუ არა, რადიო თავისუფლებამ ვერ დააზუსტა. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ქონების მართვის სააგენტოდან მერიაში გადაგვამისამართეს. მერიიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
„ინვესტ კაპიტალი” კობა კობიაშვილს ეკუთვნის. ის ივანიშვილის ნათესავი, „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველი და „ქართუ ჯგუფის” ყოფილი პარტნიორია. „ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი კი პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”. ამავე კომპანიას ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ქონება, რომელიც სამართავად სახელმწიფოს წლების წინ გადასცა - ძვირადღირებული საკონცერტო დარბაზი შეკვეთილში - „ბლექ სი არენა“.
ინვესტკაპიტალი იპოდრომის გასხვისებას იწყებს - 2020 წლის ოქტომბრამდე ანუ იქამდე, სანამ თბილისის მერი ფონდ „ქართუსთან” ერთად პრეზენტაციაზე იტყვის, რომ იპოდრომი ივანიშვილმა თბილისელებს დაუბრუნა, ამ ტერიტორიას ოფიციალურად ისევ შპს „ინვესტ კაპიტალი” ფლობს.
2020 წლის მაისში კომპანია იპოდრომის 8 ნაკვეთს სახელმწიფოს უბრუნებს.
ამავე წლის ივნისში კი შპს „ინვესტ კაპიტალის” დარჩენილი ქონება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში გადადის. ამ ქონებაში შედის იპოდრომის ცენტრალური ნაწილი და მიმდებარე მწვანე საფარი, ე.წ. იპოდრომის ტყე. ტერიტორიის ფართობი, ჯამში, 43 ჰექტარს აღემატება.
ივანიშვილის ფონდმა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ამ შენაძენში 60 მილიონი ლარი გადაუხადა.
„ინვესტ კაპიტალს" შეეძლო, ეს ქონება დედალაქისთვის პირდაპირ ეჩუქებინა. გარიგება არ დაიბეგრებოდა, რადგან სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ მიწოდება არ იბეგრება. როცა "ინვესტ კაპიტალიც" და ფონდიც, ორივე, ივანიშვილია, ეს ტრანზაქცია კითხვებს აჩენს, რაში დასჭირდა?”, - ამბობს პოლიტიკოსი, ირაკლი აბესაძე, 2013-2016 წლებში თბილისის მერის მოადგილე და შემდგომ საკრებულოს დეპუტატი, რომელიც იპოდრომის გასხვისება-დაბრუნების ისტორიას იცნობს.
რა (არ)აჩუქა სინამდვილეში ფონდმა მუნიციპალიტეტს?
2020 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ივანიშვილი იპოდრომს თბილისს უბრუნებს.
როდესაც ეს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში აისახა, გაირკვა, რომ ივანიშვილმა ქალაქს იპოდრომის ცენტრალური ნაწილი გადასცა. მის მიმდებარედ ტყე კი, ჯამში, 8 ჰექტარი დაიტოვა. სწორედ ამ ნაკვეთებზე ვსაუბრობთ, როდესაც იპოდრომის ტყის გაყიდვის ამბავს გიყვებით.
„სხვა ახსნა, გარდა კომერციული მიზნებისა, ტერიტორიის გაყოფას და ერთი ნაწილის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას, ხოლო მეორე ნაწილის საკუთრებაში დატოვებას, არ აქვს. იპოდრომის ცენტრალური ნაწილის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენებას ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა. ანუ ამ აქტივს ივანიშვილისთვის ნულოვანი ღირებულება ჰქონდა. მან მოიშორა ნულოვანი ღირებულების ეკონომიკური აქტივი, შეიძლება ითქვას, გათავისუფლდა და საკუთრებაში დაიტოვა ის ნაწილი, სადაც ფიქრობს, რომ შეძლებს მშენებლობის წარმოებას”, - ამბობს პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე.
რა ბედი ელის პარკის მშენებლობას იპოდრომზე?
თბილისის მერი კახა კალაძე, სამი წლის წინ, იმავე კონფერენციაზე, სადაც იპოდრომის ჩუქების შესახებ ილაპარაკა, მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საბურთალოზე ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მსგავსი გაშენდებოდა, რაშიც ათეულობით მილიონს ისევ ბიძინა ივანიშვილი გადაიხდიდა. თბილისს ცენტრალური პარკი ჯერ კიდევ შარშან უნდა ჰქონოდა.
ის, რომ პროექტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში დასრულდებოდა, კალაძემ 2021 წლის 8 ივნისსაც თქვა. დღეს კი მერიაში ვერ ასახელებენ ვადას, როდის დაასრულებენ პარკის მშენებლობას. „ქართუ ფონდში“ რადიო თავისუფლების არც ზარებს პასუხობენ და არც შეტყობინებას.
აქტივისტების ჯგუფი სასამართლოში დავობს. სულ ორი სარჩელი მომზადდა. მათ ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და „მწვანე ალტერნატივის” იურისტები იცავენ. სარჩელის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ იპოდრომზე პარკის მშენებლობის პროექტი არ არსებობს, მშენებლობა კი უკანონოა. ხოლო ის ფოტოები, რაც მერმა საზოგადოებას წარუდგინა, მხოლოდ გეგმაა.
აქტივისტებმა სასამართლო დავა მას შემდეგ წამოიწყეს, რაც მერიამ, ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, აქტივისტებს პარკის განაშენიანების ოფიციალური დოკუმენტაცია არ მისცა.
2020 წლის 6 ოქტომბერს თბილისის მერმა საზოგადოებას იპოდრომზე გასაშენებელი პარკის მხოლოდ კომპიუტერით მოდელირებული დოკუმენტი, ე.წ. რენდერები წარუდგინა, რომელიც ჰოლანდიურ კომპანიას ეკუთვნის. მერიას მის შესაძენად ღია კონკურსი არ გამოუცხადებია. პრეზენტაციაზე კი თქვეს, რომ ძველი იპოდრომის ადგილას გაშენდებოდა:
- იაპონური და ფრანგული ბაღები;
- ბოტანიკური ბაღი;
პარკს 26 ზონა უნდა ჰქონოდა, მათ შორის: საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, სკეიტ პარკი, ზიპლაინი, ზონა სტრიტბოლისთვის, თოკების პარკი, კედლები საცოცად, სამთო ველოსიპედების ბილიკები.
2020 წლის 2 აგვისტოს კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და შემდგომ, იპოდრომის ტერიტორიაზე, ფეისბუკლაივისას განაცხადა, რომ მოქალაქეების ინტერესები გაითვალისწინა და, შესაბამისად, ცენტრალური პარკის პროექტიც შეიცვალა:
- შემცირდა საპარკინგე ტერიტორია, 440 ადგილიდან 246-მდე და გაიზარდა გამწვანება;
- აღარ გაშენდება ფრანგული და ბოტანიკური ბაღები. მისთვის განკუთვნილ ფართობს მწვანე სივრცე და საპიკნიკე მოლები დაიკავებს;
- მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისათვის.
„პროექტი რომ შეიცვალოს, ის დოკუმენტურად უნდა არსებობდეს, უნდა იყოს საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სამუშაოები პროექტის გარეშე ანუ უკანონოდ მიმდინარეობს. პროექტი რომ არ არსებობს, ამას წყალი არ გაუვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მერმა გეგმა შეცვალა და არა - პროექტი“, - ამბობს ანანო ცინცაბაძე, რომელსაც ნანახი აქვს შეცვლილი პარკის ილუსტრაცია.
ურბანისტი ირაკლი ჟვანია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასახელებს არგუმენტებს, თუ რატომ არ უნდა გაშენდეს იპოდრომზე პარკი, მერიის მიერ შემოთავაზებული პროექტით:
- პარკის კონცეფცია არ ეფუძნება თანამედროვე ურბანულ პრინციპებს, ის უმეტესად დეკორატიულია, თბილისს კი გამოყენებადი სარეკრეაციო სივრცე სჭირდება;
- არახარჯეფექტურია - დიდი თანხა იფლანგება დიზაინზე, რომელიც ამ ადგილის ისტორიასა და კონტექსტთან კავშირში არაა. იპოდრომს ახალი ფუნქცია თავად მოქალაქეებმა გამოუძებნეს, ეს ისტორია კი მერიის პროექტში დაკარგულია;
- არ არის გათვალისწინებული იპოდრომის უნიკალურობა, ანუ ის, თუ როგორ გამოიყენებენ ადამიანები ამ ტერიტორიას და სივრცეს;
- პარკინგი და კაფეები იპოდრომზე საერთოდ არ უნდა იყოს.
ჩვენი რესპონდენტები ვარაუდობენ, რომ იპოდრომზე პარკის მშენებლობის საკითხი კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ, ამჯერად 2024 წლისთვის გააქტიურდება.
სტატია შესწორებულია: მასლის თავდაპირველ ვერსიაში კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტის“ ნაცვლად შეცდომით ეწერა კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტი.