რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის პროექტის შინაარსი, რომლითაც პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ 2019 წლის 19-21 ივნისი მოვლენებში მონაწილე ყველა პირი. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სრულად გავრცელდება მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე.
კონკრეტულად ვისზე ვრცელდება ამნისტიის კანონი
ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. მათ შორის მათზე, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს ჯარიმა და ის ამ დრომდე გადაუხდელია.
ამნისტია არ გავრცელდება
- ყველა იმ პირზე, ვინც უარს იტყვის, რომ კანონი მასაც შეეხოს. ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ გაგრძელდება სამართლებრივი წარმოება.
"პირს, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე", - ვკითხულობთ კანონპროექტში, სადაც, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ უფლების გამოყენება შესაძლებელია სააპელაციო და საკასაციო საქმის განხილვამდე.
- ამნისტია ასევე არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის (მუხლი 117), წამებისთვის, წამების მუქარისტის და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის (მუხლი 1441-1443).
ვინ მიიღებს ამნისტიის გადაწყვეტილებას
- გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის ამნისტიის გადაწყვეტილებას კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირაში იღებს პროკურორი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ უქმდება გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება;
- საქმის განხილვის სტადიაზე და დასრულებულ საქმეებზე ამნისტიის გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის მიმღები საქალაქო სასამართლო.
კანონის ამოქმედება
კანონპროექტი ამოქმედდება მისი გამოქვეყნებისთანავე. მის გამოქვეყნებას წინ უსწრებს პარლამენტში მისი განხილვა, სამი მოსმენით მიღება და პრეზიდენტის მიერ კანონის მისაღებად საჭირო ხელმოწერა.
კანონპროექტის ამ ვერსიას არ ეთანხმება ოპოზიცია და მათ მმართველი გუნდისგან დამოუკიდებლად შეიმუშავეს კანონპროექტი. ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში ბრალდებულების ან დამნაშავეების გასათავისუფლებლად აუცილებელ პირობად არის ჩადებული დაზარალებულის თანხმობა და არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლზე.
კანონპროექტის მისაღებად პარლამენტში დეპუტატების საკმარისი რაოდენობა ჰყავს მმართველ გუნდს, ოპოზიციას კი არა. ამ კანონპროექტის მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა. მისი ჩადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ჩაიდო, რომელსაც ბრალი 20-21 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული და ახლა პატიმრობაშია.