კორონავირუსის პანდემიის პირობებში სანდო ინფორმაცია კიდევ უფრო ღირებული გახდა, ჟურნალისტობა კი იმაზე რთული, ვიდრე აქამდე. რეპორტიორები ჰყვებიან, როგორ ამოაყირავა ახალმა კორონავირუსმა სხვებთან ერთად მათი ცხოვრებაც.
ეთერში საკუთარი აივნიდან
„ახლახან ვესაუბრე ჩვენს ჟურნალისტს ნიუ-იორკში, რომელიც რეპორტაჟს აკეთებს კორონავირუსის პანდემიისას მცირე ბიზნესის ბედზე. სიუჟეტი ექვს საათზე გავა, ეთერს წამყვანი ვაშინგტონიდან, თავისი სახლიდან გაუძღვება. ამ დროს გადაცემის უფროსი პროდიუსერები კი Fox News-ის ოფისში, სხვადასხვა ოთახში იქნებიან“, - უყვება რადიო თავისუფლებას Fox News-ის პოლიტიკური სიახლეების პროდიუსერი ნანა საჯაია.
Fox News-ის 24-საათიანი მაუწყებლობიდან 20 საათი პირდაპირ ეთერს ეთმობა. ბოლო ერთი თვეა, რაც პირდაპირი ეთერის ყველა გადაცემა მხოლოდ კორონავირუსზეა.
ნანას აქამდე ვერც კი წარმოედგინა, რომ ამერიკის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური გადაცემის მომზადება სახლიდან მოუწევდა. მესამე კვირა დაიწყო, რაც იგი დისტანციურად, სახლში მოწყობილი „სტუდიის“ დახმარებით მუშაობს.
მას შემდეგ, რაც შინ დარჩენა და საკონტაქტო წრის შემცირება აუცილებლობა გახდა, ყველა, ვისაც შეუძლია, დისტანციურად მუშაობს. სატელევიზიო რედაქციებიც კი დამოუკიდებელ ჯგუფებად დაიყო - როდესაც ერთი ჯგუფი ოფისშია, მეორე სახლში რჩება. გუნდები ადგილებს ყოველი კვირის დასაწყისში ცვლიან.
„რუსთავი 2“-ის რედაქციას ეს სტრატეგია თავის დაზღვევის საშუალებას აძლევს“, - უხსნის რადიო თავისუფლებას ახალი ამბების წამყვანი გურამ როგავა. - „თუკი რომელიმე ჟურნალისტი დაინფიცირდება, სხვებსაც არ მოუწევთ კარანტინში ყოფნა“.
პანდემიამ შეცვალა სატელევიზიო კომუნიკაციის ფორმაც - ეთერში სულ უფრო მეტად ხვდება ტელეფონით გადაღებული კადრები და „სკაიპით“ ჩაწერილი ინტერვიუები.
„აქამდე ისეთ რესპონდენტებს ვანიჭებდით უპირატესობას, ვისთანაც ფიზიკურად შეგვეძლო მისვლა. დღეს ყველა სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით ერთვება ეთერში, სწორედ ამის წყალობით, უამრავი საინტერესო ემიგრანტი ვიპოვეთ“, - ამბობს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი „ფორმულიდან“. „ფორმულაშიც“ იგივე სტრატეგია აქვთ, როგორიც ყველგან - თანამშრომლების ისე დაყოფა, რომ მათ შორის ფიზიკური კომუნიკაცია არ მოხდეს.
დისტანციურად მუშაობენ „ამერიკის ხმაშიც“, სადაც მაქსიმალურად შეამცირეს ისეთი რეპორტაჟების რიცხვი, რომლებსაც გარეთ იღებდნენ. „გამოსახულების ხარისხი ახლა მეორე რიგის პრობლემაა“, - ამბობს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე. მან უკვე არაერთი სიუჟეტი მოამზადა თავისი სახლის აივნიდან და ეზოდან.
BBC-ის ის ვიდეო, სადაც თავის ოთახში მყოფ პროფესორ რობერტ კელის პირდაპირ ეთერში მცირეწლოვანი შვილები შეუვარდნენ, 2017 წლის ყველაზე სასაცილო სატელევიზიო მოვლენად იქცა. სამი წლის წინ რთული იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ჟურნალისტებიც პირდაპირ ეთერში სახლიდან ჩაერთვებოდნენ.
„ჩემმა შვილმა უკვე კარგად ისწავლა, პირდაპირი ეთერის დროს როგორ უნდა დაჯდეს ჩემ სიახლოვეს ისე, რომ კამერაში არ გამოჩნდეს“, - გვიყვება „ამერიკის ხმის“ რეპორტიორი მარიამ უგრეხელიძე, რომელიც ამბებს ეზოდან, შვიდი წლის შვილის თანდასწრებით, საკუთარი ტელეფონის საშუალებით ჰყვება.
ინფორმაციის რეალური ფასი
მიუხედავად იმისა, რომ რედაქციების უმრავლესობა დისტანციურად მუშაობს, ჟურნალისტებს მაინც უწევთ „ველზე“ გასვლა. სადენზინფექციო ხსნარი, პირბადე და რეზინის ხელთათმანი სავალდებულო ატრიბუტებად იქცა, თუმცა, როგორც წესი, პრესკონფერენციების დროს ისევ შეუძლებელი ხდება ფიზიკური დისტანციის დაცვა.
ათეულობით რეპორტიორი დღეში რამდენჯერმე ესწრება იმ საავადმყოფოების წარმომადგენლების ბრიფინგებს, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს რესპონდენტებთან და ერთმანეთთან დასაშვებზე ახლოს უწევთ ყოფნა დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც.
„ექიმი ინფექციურიდან რომ გამოდის, გვინდა თუ არა, მასთან ახლოს ვდგავართ. ჟურნალისტებიც ერთმანეთზე ვართ მიტყუპებული და ეს სიტუაცია დღეში რამდენჯერმე მეორდება“, - ამბობს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი თეა თოფურია. - „ყოველდღე თითქმის ერთი და იგივე ხალხი ვართ. ვიცი, თუ ერთი მათგანი მაინც ინფიცირებულია, მე დაცული ვერ ვიქნები“.
ჟურნალისტებმა მიკროფონებს მოხსნეს ღრუბლები, იკეთებენ პირბადეებს, ხშირად იბანენ ხელებს, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათ მაინც უწევთ პატარა, დახურულ სივრცეში ათობით ადამიანთან ერთად ყოფნა.
რადიო თავისუფლების ოპერატორი და ჟურნალისტი დათო ქორიძე ორი კვირის წინ საპატრიარქოში, წმინდა სინოდის კრების შედეგების გასაშუქებლად იყო მისული. კრებამდე რეპორტიორები და ოპერატორები შედარებით მცირე ზომის ოთახში რამდენიმე საათი იცდიდნენ. „საღამოს რვა საათი გახდა და ჯერ კიდევ არ ვიცოდით, როდის გაკეთდებოდა განცხადება. საბოლოო ჯამში, მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ იქაურობა დავტოვეთ, თუმცა უმეტესობა დარჩა“, - ამბობს დათო ქორიძე.
მესამე კვირაა, რაც მთავრობამ საკუთარი ბრიფინგების დისტანციურად მართვა დაიწყო. თუმცა სხვა ორგანიზაციები და უწყებები, მათ შორის საავადმყოფოები, ვისაც ეპიდვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის პირადად მიწოდება სურთ საზოგადოებისთვის, ვერ ახერხებენ ბრიფინგების დაცულ და კონტროლირებად გარემოში ჩატარებას.
მთავრობის ერთ-ერთ დისტანციურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტები რისკჯგუფში არ შედიან და მათი ტესტირება არ იგეგმება, განსხვავებით სასულიერო პირებისგან.
საფრთხე თავისუფალი მედიისთვის
უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე მხოლოდ რადიო თავისუფლების საინფორმაციო არხების ვიზიტორთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ერთ მხრივ, სწრაფად იზრდება საზოგადოების მოთხოვნა ინფორმაციაზე, მეორე მხრივ კი, საგანგებო მდგომარეობისას დაწესებულმა შეზღუდვებმა ინფორმაციის მოპოვება გაართულა.
როდესაც საჯარო პირი კითხვაზე არ მპასუხობს და მეუბნება - რა დროს ეგაა, პანდემია მძვინვარებსო, - ჩემთვის ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსს ისინი უხერხულ საკითხებზე თავის ასარიდებლად იყენებენნატა ძველიშვილი
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებს კანონი აღარ ავალდებულებთ, საჯარო ინფორმაცია 10 დღის ვადაში გასცენ.
ერთი კვირის წინ რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ პირბადეების შესახებ სპეციფიკური დეტალების დაზუსტება სთხოვა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველდღიურად ჰპირდებოდნენ კითხვებზე პასუხის გაცემას, საბოლოოდ, ერთი კვირის თავზე უარი უთხრეს. მიზეზად საგანგებო მდგომარეობა და დროის უქონლობა დაასახელეს, თუმცა ამ ახსნა-განმარტების დამადასტურებელი წერილი ჯერაც არ მიუღია. იგივე ვითარებაა თბილისის მერიისგან გამოთხოვილ მასალებზეც.
„ჩვენნაირი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოსადმი ინსტიტუტებისადმი ნდობა არ არის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია ინფორმაციის გამჭვირვალობა, მით უმეტეს, კრიზისის დროს.
როდესაც საჯარო პირი კითხვაზე არ მპასუხობს და მეუბნება - რა დროს ეგაა, პანდემია მძვინვარებსო, - ჩემთვის ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსს ისინი მათთვის უხერხულ საკითხებზე თავის ასარიდებლად იყენებენ“, - ამბობს „ინდიგოს“ დირექტორი და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საჭიროებას.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) კვლევა კორონავირუსის პანდემიის დროს მედიის დამაბრკოლებელ რამდენიმე ტენდენციას გამოყოფს მსოფლიოს მასშტაბით:
- მედიის წარმომადგენლების დაკავება
- ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა
- ცენზურის გამკაცრება
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა
- ახალი ამბების რეგულაცია
კვლევის მიხედვით, ევროპაში თავისუფალი მედიის შეზღუდვის 28 ფაქტი დაფიქსირდა, ამერიკაში - 14, აზიაში - 23.
ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას უარყოფითად აფასებს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი აკრძალვები ხელს უშლის მედიის მუშაობას.
მსოფლიოს წამყვან გამოცემებში რამდენიმე კვირაა, დაიწყეს თავისუფალი მედიისათვის შექმნილ საშიშროებაზე საუბარი, თუმცა „საგანგებო მდგომარეობა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. სხვა შემთხვევაში კი, მედიის მუშაობაში ხელის შეშლა კანონს ეწინააღმდეგება“, - ამბობს ნატა ძველიშვილი და იმედი აქვს, რომ ეს ტენდენცია საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდება.