Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბოდიში, ვაუქმებთ ჯავშანს” - ეს ტურისტები საკუთარი გარეგნობის გამო აღარ ჩამოვლენ


ტუროპერატორები ჰყვებიან, რომ უცხოელები ჯავშნებს ძალადობის შიშით აუქმებენ. გამოიწვევს თუ არა უკონტროლო ძალადობა დედაქალაქის შუაგულში იმას, რომ ასეულობით ოჯახი კიდევ უფრო გაღარიბდება?

„კი, მეშინია. ფერადი მანიკური მისვია, ხშირად ქალის ტანსაცმელს ვიცვამ. თავის ნაწილი ცისარტყელას ფერებში მაქვს შეღებილი. თბილისში ჩემი გამოჩენა არ შეიძლება”, - მეუბნება ანტონი.

გაუქმებული ჯავშნები

ანტონი ერთადერთი არაა, ვინც 5 ივლისის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საკუთარი სექსუალობის, ანდაც უბრალოდ გარეგნობის გამო საქართველოში საფრთხე დაემუქრება.

ტურისტული კომპანია KartWell-ის დამფუძნებელი და, შეთავსებით, თავისუფალი გიდი, მინდია ბაჟუნაიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 8 ივლისს საქართველოში ჩამოსვლა შვედი ტურისტების ჯგუფმა გადაიფიქრა.

„პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შვედებთან მქონდა კავშირი... ეს არ იყო ჩვეულებრივი ტურისტული ჯგუფი, რომელიც უბრალოდ შემოდის დასათვალიერებლად. ისინი იყვნენ ბლოგერები, თავისუფალი მოლაშქრეები, რომლებსაც გამომწერები ჰყავთ სადღაც 300 ათასამდე”.

მინდია იმედგაცრუებულია - 10 თვის განმავლობაში შრომობდა, ჯგუფი დააინტერესა, ტური მოამზადა, პროგრამა დეტალურად გაწერა, აგვისტოში უკვე სტუმრებს ელოდა და ბოლო მომენტში უარი მიიღო.

„ძვირფასო მინდია,

ჩვენ ვაკვირდებით მწვავე ვითარებას რეგიონში. იმედი მაქვს, ვითარება ძალიან მალე დაწყნარდება და ყველა მხარე გამოსავალს იპოვის.

მადლობა თქვენი დროისთვის და რესურსებისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ ვაუქმებთ შეკვეთას. დროებით, თუმცა განუსაზღვრელი ვადით.

ვფიქრობ, ჩვენს ჯგუფს შეიძლება შეექმნას პრობლემა განსხვავებული სტილების გამო. შეიძლება ვცდებოდეთ, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც გვირჩევნია თავი შევიკავოთ.

მადლობა Kartwell-ის გუნდს დახარჯული რესურსებითვის. ჩვენ ახლა ვამზადებთ მოგზაურობას თურქეთში. თქვენ შემდეგ სეზონზე დაგიკავშირდებით.

მადლობა,

საუკეთესო სურვილებით, ჯონათან კატერფელდი.

სიყვარულით, შვედეთიდან”

„ისინი არიან დრედებით, საყურეებით, პირსინგებით, გრძელი წვერით… ალბათ იმ ტურისტის დაჭრის ფაქტმაც გამოიწვია, როდესაც გააშუქა, თუ სწორად მახსოვს, ევრონიუსმა, რომ ისაო, გრძელი თმის, საყურის და მოკლე შორტის გამოო [თავს დაესხნენ], - ამბობს მინდია, - მედიაზე თავდასხმა ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც იყო ამ შემთხვევაში. თავიდან იმით დაიწყო, რომ მედიაზე თავდასხმის ფაქტები გაშუქდა და შემდგომში იყო ეს ტურისტის დაჭრის ამბავი. ამ ორმა ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია იმ მომენტში”.

ტურში უცხოელები 14 ათას ევროს იხდიდნენ. ეს თანხა არ დაკარგა მხოლოდ მინდიამ. იგი მიხსნის - ტურიზმის ინდუსტრიაში ბევრი ხელი ერთმანეთს ბანს და მის ერთ ტურისტულ ჯგუფს შემოსავალი ერთდროულად რამდენიმე ოჯახისთვის მოაქვს.

ტურისტებს სჭირდებათ ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება, გიდი - ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ისინი შედიან მაღაზიებში, ყიდულობენ სუვენირებსა და საჭმელ-სასმელს. თითოეული ამ მომსახურების მიღმა კონკრეტული ადამიანები, მათი მცირე ბიზნესი და მათი ოჯახები დგანან.

საკუთარი წუხილი მინდიამ ფეისბუკპოსტითაც გამოხატა. ბევრმა თანაგრძნობა გამოხატა, თუმცა ბევრმა არ დაუჯერა.

„ვინანე მერე, რომ დავწერე. გადამიარეს… დაწყებული ინბოქსიდან და კომენტარებშიც... “

კიდევ ერთი გიდი, ზურა ბაუჟაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ 5 ივლისის შემდეგ, მას ჯავშნები 4-მა ტურისტულმა ჯგუფმა, ქვეყანაში შექმნილი „არასტაბილური ვითარების” გამო გაუუქმა. თავისუფალ გიდს, ნუცა ცქიმანაურს კი, საერთოდაც 6-მა ჯგუფმა უთხრა უარი. აქედან სამმა მკაფიოდ მიუთითა, რომ საქართველოში ჩამოსვლის ეშინია.

ტურიზმი პანდემიამდე

2019 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა - 5 მილიონი ადამიანი. წინა წელთან შედარებით, თითქმის 7%-ით მეტი. დარგში დასაქმდა დაახლოებით 170 ათასი ადამიანი.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8.1%-ს შეადგენდა და 3.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

პანდემიის ზეგავლენით, 2020 წლის ბოლოს ეს თანხა თითქმის 6-ჯერ, 541 მილიონამდე შემცირდა. 5-ჯერ შემცირდა ტურისტების რაოდენობა - საქართველოს 1,087 მილიონი ვიზიტორი ეწვია.

2021 წელს ტურიზმის ინდუსტრიამ კვლავ დაიწყო გამოცოცხლება. მას შემდეგ, რაც არაერთმა ტუროპერატორმა და სასტუმრომ დაწერა ჯავშნების გაუქმების შესახებ, დავინტერესდით …

ეს მართლაც მასობრივად ხდება?

ამის გასარკვევად, დავუკავშირდით საქართველოს „სასტუმროების, რესტორნების და კაფეების ფედერაციის” პრეზიდენტს, ქეთი მელაძეს.

მას ორჯერ ვესაუბრეთ - 8 და 9 ივლისს. ქალბატონმა ქეთიმ თავდაპირველად გვითხრა, რომ, მისი ინფორმაციით, სასტუმროებში ამ ზაფხულისთვის გაკეთებული ჯავშნების, სულ ცოტა, მეხუთედი გაუქმდა. „დაახლოებით, 20-30%”, - თქვა მან და ასე შეაფასა სიახლე:

„იმ მძიმე პერიოდში, როდესაც ამოვისუნთქეთ (ამოსუნთქვას ბრჭყალებში ვიძახი) და გაჩნდა ტურისტი და ხალხი, რომელიც შემომტანია ეკონომიური გაძლიერების, და ამ დროს რომ დაგვაკლდა 20%, ეს, ბუნებრივია, ძალიან რთული მომენტია”.

შევთანხმდით, რომ მეორე დღეს უფრო ზუსტ მონაცემებს, კონკრეტულ ციფრებსა და ქვეყნებს გაგვიზიარებდა. თუმცა ქეთი მელაძემ გვითხრა, რომ შეცდა, რადგან ბევრ სასტუმროში დარეკა და არსად ჯავშნების გაუქმების ფაქტი არ დაუდასტურეს. თუმცა რატომ გვითხრა წინა დღეს, რომ ჯავშნების 20% გაუქმდა, ეს ვეღარ აგვიხსნა.

„ჩვენი ძირითადი დამსვენებლები არიან… არაბეთიდან და ისრაელიდან. ძირითადი სტუმრები საქართველოსი არიან ესენი…[მათ] ფაქტიურად საერთოდ არ აწუხებთ ეგ თემა, რაც ჩვენთან ხდება დღეს. აი, ესეთი მდგომარეობაა…”.

მეტი ძალადობა უდრის ნაკლებ ტურისტს?

ზუსტი პასუხი კითხვაზე, მოახდენს თუ არა 5 ივლისის ამბები დიდ ზეგავლენას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე, ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა 2004 წელს ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორი და მკვლევარი ერიკ ნოიმაიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ძალადობრივი მოვლენები ნეგატიურად აისახება ტურისტების ჩამოსვლაზე. ამასთანავე, მან გამოითვალა - იმ ქვეყნებში, რომლებიც იმართებიან ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ, სულაც რომ არ მიმართონ ძალადობას, მაინც იმაზე ნაკლები ტურისტი ჩადის, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

ამასთანავე, ტელეკომპანია „იმედის” გვერდზე გამოქვეყნებულ ამბავს თუ დავუჯერებთ, ძალადობის მიუხედავად, ერთი ტურისტი საქართველოში ნამდვილად ჩამოვა. საუბარია პოლონელ მოგზაურ იაცეკ კოლანკიევიჩზე, რომელიც 5 ივლისს ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს, და რომელმაც რეაბილიტაციის კურსი სასტუმრო „ლიკანში” გაიარა. 20 ივლისს სამშობლოში კი გაემგზავრა, თუმცა დადო პირობა, რომ აუცილებლად დაბრუნდება.

7 ივლისს იგი საავადმყოფოში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მოინახულა
7 ივლისს იგი საავადმყოფოში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მოინახულა

სანამ საქართველოში იმყოფებოდა, მასთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადე. ბოლოს ფეისბუკზე მივწერე და ინტერვიუზე დამთანხმდა, თუმცა მომდევნო დღეს „დაიკარგა” და ბოლოს მომწერა, შენთან ლაპარაკი აღარ მინდაო. მისი თქმით, იმიტომ, რომ ჩემს ავატარზე ცისარტყელა დაინახა (რომელიც უკვე ორი კვირაა მიყენია).

„არ მაინტერესებს, ამ კლიმატში რა ხდება. 15 წლის ქალიშვილი მყავს და ჩვენ არ გვინდა, რომ პოლიტიკაში და ამ ადამიანების ატმოსფეროში ჩამაგდონ”, - მომწერა იაცეკ კოლანკიევიჩმა.

ტურიზმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ სასტუმრო „ლიკანმა” მას რეაბილიტაცია უსასყიდლოდ შესთავაზა. ამ ინფორმაციის გადამოწმება სასტუმროში ვცადეთ. იქ მენეჯერის ნომერი არ მოგვცეს. სამაგიეროდ, მოგვცეს პირობა, აუცილებლად გავარკვევთო. იმისდა მიუხედავად, რომ ამ პირობის შესახებ ერთხელ შევახსენე კიდეც, მაინც არავინ დაგვკავშირებია.

***

ანტონი მთხოვს, რომ მისი გვარი არ გავამხილო - ცოტა ხანში რუსეთში დედის მონახულებას აპირებს და „პრობლემები არ სჭირდება”.

მას იმედი აქვს, რომ ვითარების შეცვლის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას მაინც მოახერხებს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG