Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა მართლა საქართველოა?


რას აკეთებს მოქალაქე იმისათვის, რომ საქართველო ბიძინა არ იყოს ან ამდენი ბიძინა არ იყოს საქართველო?

მოქალაქე მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს ცვლილებებს, რათა საქართველო აღარ იყოს ბიძინა ან ამდენი ბიძინა, არჩევნების გაყალბების შედეგად კი იღებს არა შეცვლილ საქართველოს, არამედ უცვლელ (ან მეტ) ბიძინას.

ამის შემდეგ მოქალაქე პასუხს ელის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად აქაც ბიძინა უხვდება, რადგან ხმის დათვლაც ბიძინა ყოფილა.

იმედგაცრუებული მოქალაქე ამჯერად სასამართლოში მიდის, მაგრამ სამართლიანობის მაგივრად აქაც ბიძინა უხვდება, რადგან საქართველოში სასამართლოც ბიძინა ყოფილა და არა სამართალი.

მოქალაქეების უმეტესობა ვერც მრავალფეროვნებით ძლიერ პარლამენტს ირჩევს, რადგან გაყალბებული არჩევნების შედეგად ისევ ბიძინას სუსტ პარლამენტს და არა ბიძინას შემასუსტებელ (ან საერთოდაც ბიძინას შემცვლელ) პარლამენტს იღებს. ანუ მომავალ პარლამენტშიც ბევრი ბიძინა უხვდება.

მოქალაქეს დემოკრატიულ, პერსპექტიულ და შეძლებისდაგვარად ოპტიმისტურ ქვეყანაში უნდოდა ცხოვრება, მაგრამ მან ავტორიტარული, უპერსპექტივო და უიმედო ბიძინა მიიღო საქართველოს მაგივრად.

ამრიგად, მხოლოდ გარეჯი კი არაა საქართველო (როგორც ეს ბიძინას პროპაგანდისტულმა უწყებამ გვაცნობა), არამედ საარჩევნოდ თავად ბიძინა ყოფილა გარეჯი...

მოქალაქემ იმედით გაიხედა მომავლისკენ, მაგრამ შეშინდა, რადგან აწმყოს გათვალისწინებით, სადაც შესაძლოა არჩევნები სამუდამოდ იქცეს ფიქციად, მომავალიც ბიძინად წარმოუდგა - წარსული-ბიძინადან, აწმყო-ბიძინას გავლით, ბიძინა-მომავლამდე...

ქართული "კოვიდიც" კი ბიძინა აღმოჩნდა, რაკი მოქალაქეს ქუჩაში გასვლის უფლებაც აუკრძალეს ღამის ათი საათის შემდეგ, რაც ცალსახად პოლიტიკურ ბიძინაზე ზრუნვის აქტია და არა მოქალაქის ჯანმრთელობაზე, მაგრამ მოქალაქემ მაინც დაიკავა ქუჩა, რადგან ქუჩაღა დარჩა იმ ერთადერთ საჯარო სივრცედ, რაც ჯერ კიდევ არ არის ბიძინა.

პროტესტი ჯერ კიდევ არ არის ბიძინა, რადგან სხვა ყველაფერი - არჩევნები, მთავრობა, სასამართლო, პარლამენტი და მთავარი ხმის მთვლელი ქალის სახელიც კი - ბიძინას ფსევდონიმებია.

თუმცა შესაძლოა ბიძინაც პოლიტიკურ არარად იქცეს, რადგან როცა მცირედსაც არ თმობ, შესაძლოა ყველაფერი დაკარგო...

ეს ისტორიის ლოგიკაა და რახან ის კი უკამათოდ მოგვეხსენება, რომ ისტორია მაინც არ არის ბიძინა, ისიც დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ, რომ ლოგიკური აზროვნებაც გადაურჩება გაბიძინებას.

ბიძინა მართლა საქართველოა?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:53 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG