16 მაისს ბატონის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ობიექტი დიდი ზარ-ზემით გაიხსნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კომპლექსში შემავალი გარკვეული ნაგებობები სარეაბილიტაციო დარჩა და პროექტის დასასრულებლად სამუშაოების კიდევ ერთი ეტაპია საჭირო. თუმცა როდის დაიწყება მესამე ეტაპი, რა თანხებია საჭირო და ვინ განახორციელებს პროექტს, ეს ჯერ არავინ იცის. სარეაბილიტაციოა ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭეები, სარემონტოა აბანო, არჩილის კოშკი და ეკლესია. ხომ არ გახდება სამუშაოების მესამე ეტაპი ბატონის ციხის კომპლექსის დრობით დახურვის მიზეზი?
პროექტში, რომელიც დასრულდა და გაიხსნა, სასახლის კარიბჭეების, აბანოს, არჩილის კოშკისა და ეკლესიის რეაბილიტაცია არ შედიოდა...გურამ ურჩუხიშვილი
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თელავში გახსნილი ბატონის ციხის კომპლექსში შემავალი შენობებისა და გარკვეული დეტალების ნაწილი სარეაბილიტაციოა. უფრო კონკრეტულად კი, ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭეები დაზიანებულია, სარემონტოა აბანო, არჩილის კოშკი და ეკლესია. ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის თქმით, სასახლის მთავარი კარიბჭე კომპლექსის გახსნისთვის დროებით შეაკეთეს. მისივე თქმით, ბატონის ციხის კომპლექსში რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უნდა განხორციელდეს, მაგრამ როდის, ჯერ არ იცის:
„პროექტში, რომელიც დასრულდა და გაიხსნა, სასახლის კარიბჭეების, აბანოს, არჩილის კოშკისა და ეკლესიის რეაბილიტაცია არ შედიოდა. მე როცა ვიკითხე, მითხრეს, რომ მაგაზე ცალკე ტენდერი ცხადდებაო, ამიტომ ვუცდით. ჭიშკარი კი ძალიან დაზიანებული იყო და გახსნისთვის შევაკეთეთ ისეთნაირად, რომ მისაღები ყოფილიყო . საერთოდ, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. უკეთესი იქნებოდა ყველა შენობა ერთდროულად შეკეთებულიყო“.
თელავში მცხოვრები მაკა მოსიაშვილი კი გვეუბნება, რომ, მისი ინფორმაციით, ბატონის ციხის კომპლექსში რეაბილიტაციის სამი ეტაპი უკვე დასრულდა და იქ არანაირი სამუშაოები აღარ იგეგმება. მოსიაშვილი იმასაც გვეუბნება, რომ სასახლის ტერიტორიაზე საპირფარეშო მხოლოდ მუზეუმშია, რაც არასაკმარისია და იქ მისული ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს:
„მსოფლიო ბანკისაგან 14 მილიონი ვალი რაც ავიღეთ, დახარჯულია და რეაბილიტაციის სამივე ეტაპი დასრულებულია. ბოლო სწორედ მესამე ეტაპი იყო. პირველი, რასაც ხედავს ტურისტი, არის კარიბჭე, მაგრამ ეს კარიბჭე სასწაულ მდგომარეობაშია. რაღაც ხის რეიკებითაა დამაგრებული. გარდა ამისა, არის მხოლოდ ერთადერთი საპირფარეშო მუზეუმში, რომელიც მიწის ქვეშაა და იქაც 12 საათის შემდეგ წყალი არ მოდის. ბევრი ტურისტი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მეფის აბანოს შენობას მიაშურებს“.
უნდა შეფასდეს და გაკეთდეს პროექტი. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ტენდერები ცხადდება და, ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს დამფინანსებელიც, თუმცა ზუსტი თარიღის თქმა არ იქნება კორექტული და რთულია...ირაკლი ქადაგიშვილი
რეაბილიტაციის მესამე ეტაპი რომ იგეგმება, ამის შესახებ სიტყვიერად გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში, თუმცა დეტალური ცნობები, თუ რა თანხებია საჭირო, ვინ განახორციელებს პროექტს ან როდის დაიწყება კონკრეტული სამუშაოები, ჯერ არ აქვთ. ჩვენ კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულს ირაკლი ქადაგიშვილსაც დავუკავშირდით. გუბერნატორი ამბობს, რომ ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია თავიდანვე სამ ეტაპად იყო გაწერილი და ეს მოსახლეობისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ არ იცის, კონკრეტულად როდის დაიწყება სამუშაოები. გუბერნატორს ისიც ვკითხეთ, კვლავ დაიხურება თუ არა ბატონის ციხე მას შემდეგ, რაც მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.
„უნდა შეფასდეს და გაკეთდეს პროექტი. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ტენდერები ცხადდება და, ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს დამფინანსებელიც, თუმცა ზუსტი თარიღის თქმა არ იქნება კორექტული და რთულია. უკვე რეაბილიტირებული ნაწილი მუშაობას გააგრძელებს და ის მესამე ეტაპის დაწყების დროს არ გაჩერდება, რადგან მესამე ეტაპის სამუშაოები მოცულობით არის გაცილებით მცირე, ვიდრე მუზეუმის მშენებლობა იყო“.
ბატონის ციხის რეაბილიტაცია, რომელიც, ბოლო ინფორმაციით, 14 მილიონი ლარი დაჯდა, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად რეგიონალური განვითარების და სპორტისა და კულტურის მინისტრებიც დაესწრნენ. იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ყოველმა მათგანმა მიმართა, თუმცა არც ერთს არ უთქვამს, რომ ბატონის ციხის რეაბილიტაციის კიდევ ერთი ეტაპი იყო საჭირო. მუზეუმის კომპლექსში რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობს ერეკლე მეორის სასახლე, ეთნოგრაფიული განყოფილება და გალერეა. მოეწყო შიდა და გარე კაფეები და ამფითეატრი. პროექტი, რომელიც თელავში ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, 2012 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, დაიწყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ მაშინდელი პროექტი დაიწუნა და ახალი მოამზადა, ახალი პროექის მომზადებასა და განხორციელებას კი 5 წელზე მეტი დრო დასჭირდა, რის გამოც ხელისუფლება არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.