Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმი: პროტესტის ფონზე ხელი მოეწერა მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის შეთანხმებას


ბათუმში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ორ კომპანიას შორის, რომლებიც ბათუმის პორტში ერთობლივი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-სა და Wondernet Exspress -ს შორის გაფორმებული შეთანხმებით, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.

როგორც კომპანია Wondernet Exspress-ის აქციონერმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა განაცხადა, მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნაზე შეთანხმება მიღწეულია ძირითად პარტნიორებთან - „საქართველოს რკინიგზასთან“, ბათუმის პორტთან, აზერბაიჯანის რკინიგზასა და ბაქოს ნავსადგურთან:

„ეს იქნება ჭკვიანი ტერმინალი და იგი საქართველოს გაუწევს სტატუსს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. ჩვენ ამ პროექტზე არ გავჩერდებით, გვინდა ჩამოყალიბდეს საქართველოში კარგი კერძო ოპერატორი, რომელსაც ექნება საკუთარი ვაგონები და ლოკომოტივები, რომ მოემსახუროს ამ ტვირთს“.

შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერამ სასტუმრო ჰილტონის ფოიეში პროტესტის ფონზე ჩაიარა. მაშინ, როდესაც მხარეები ხელს აწერდნენ შეთანხმებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა, მასზე გამოსახული ეკოლოგიური საფრთხის ნიშნით, გაშალა და ახალი ტერმინალის მშენებლობა ხმამაღლა გააპროტესტა ვატო ნებურიშვილმა, რომელიც ჟურნალისტებს რიგით ბათუმელად გაეცნო და განაცხადა, რომ ტერმინალის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იგეგმება:

„ჩემს უკან ათასობით ბათუმელი დგას. ჩვენი აჭარა და ბათუმი ტურისტული ქალაქია. ამიტომ გვაქვს ჩვენ, რიგით მოქალაქეებს, პროტესტი. ეს ტერმინალის პროექტი დანიშნულებას დაუკარგავს ჩვენს ქალაქს. ნუ გავრისკავთ ასე“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ რეგიონი არ დაკარგავს თავის ტურისტულ მიმართულებას, ხოლო რაც შეხება პროექტის ეკოლოგიურ საფრთხეებს, მისივე თქმით, იგი საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება:

„პირველ რიგში ითვალისწინებს ჩვენი და ჩვენი შვილების ინტერესს, უსაფრთხოებას და ეკოლოგიურ სტანდარტებს. ამ პროექტით გაცილებით გაუმჯობესდება ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს. თუ აქამდე ღია წესით ხდებოდა მინერალური სასუქების დამუშავება, ახლა მოხდება დახურულით და მაღალი ტექნოლოგიით ტვირთების დამუშავება. აჭარა და საქართველო კი გახდება იმ სატრანზიტო კორიდორის მონაწილე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის“.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კი, გიორგი ქობულიამ, ხაზი გაუსვა ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილი მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობაში ამერიკული კომპანიის მონაწილეობის მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს არის საქართველოში პირდაპირი მსხვილი ინვესტიცია, რომელსაც ამერიკული კორპორაცია Trammo ანხორციელებს:

„ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, განსაკურებით ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ. ამიტომ ჩვენ უნდა მივესალმოთ Trammo-ს ამ ინვესტიციას. მეორე ფაქტი ისაა, რომ ეს პროექტი ემსახურება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას. ეს კომპანია მოიზიდავს აქ ტვირთებს, რომელიც გადაზიდული იქნება აზიიდან ევროპაში. რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი რკინიგზის დატვირთვას, შექმნის სამუშაო ადგილებს. Trammo გამორჩეულია იმით, რომ ისინი იცავენ უმაღლეს დონეზე ეკოლოგიურ სტანდარტებს. ჩვენ არ გავაკეთებინებთ პროექტს ბათუმში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მინიმალურ რისკებსაც კი ეკოლოგიის თვალსაზრისით”.

თავის მხრივ, კომპანია Trammo-ს პრეზიდენტმა, ედვარდ ვაინერმა, პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კომპანია უზრუნველყოფს როგორც ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.

კომპანია Wondernet Exspress-ი კი 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მინერალური სასუქების ტერმინალი გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვაზე იმუშავებს. ტერმინალის საწყობები 60 ათასი ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შესანახად იქნება განკუთვნილი, ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე კი წელიწადში მილიონ 200 000 ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების რისკებს არ ქმნის, თუმცა რისკების დასადგენად ტერმინალის მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა მოამზადოს.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა ორჯერ გახდა საპროტესტო აქციის მიზეზი. მისი მშენებლობა 14 დეკემბერს პორტის თანამშრომელთა ნაწილმა და პროფკავშირებმა, აგრეთვე აქტივისტებმა გააპროტესტეს.

პროტესტი, სახელწოდებით „ქიმიური შეტევა ბათუმზე“, სოციალურ ქსელ ფეისბუკშიც მიმდინარეობს. მსგავსი შინაარსის ბილბორდები და ფერადი პლაკატები, ბოლო რამდენიმე თვეა, ბათუმის ქუჩებშიც გამოაკრეს.

XS
SM
MD
LG