როგორც ბრალის დადგენილებაში ვკითხულობთ, დაკავებულები სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან ოჯახის წევრებს შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ოთხ მცირეწლოვან ბავშვს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების გაყიდვას. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ რამდენიმე კვირის დაგვიანებით, 14 მაისს გაავრცელა.
ერთ-ერთი დაკავებული ქალის ადვოკატი, თამარ დოხტურიშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დედა და ბებია, რომლებიც შვილებისა და შვილიშვილების მიმართ ჩადენილ დანაშაულში არიან ბრალდებულნი, დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ გამოძიებას დაკავებულების მიმართ მყარი მტკიცებულებები არ აქვს:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ქალს გამოძიება ედავება იმას, რომ თითქოს ის და მისი ქალიშვილი, ბავშვების დედა, აიძულებდნენ მცირეწლოვნებს, რომ ღამე გასულიყვნენ ქუჩაში, ემათხოვრათ, გაეყიდათ ყვავილები და სხვა ნივთები. ამ ბრალდებას ეს ქალები უარყოფენ. მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია, რადგან საქმის მასალებს ჯერ კარგად არ ვიცნობ. ჩემთვის უცნობია ისიც, ვინ მიაწოდა სამართალდამცავებს ეს ინფორმაცია, თავად ბავშვებმა თუ სხვა ვინმემ“.
ადვოკატის მტკიცებით, დედა-შვილს არ აქვს კავშირი ამავე მუხლით დაკავებულ დანარჩენ ორ ბრალდებულთან: „ისინი არ არიან ნათესავები, ერთმანეთს არ იცნობენ“.
თამარ დოხტურიშვილი ამბობს, რომ დაკავებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა ივნისის ბოლოსაა დანიშნული და საქმის დეტალების შესახებ უფრო მეტის თქმას ამ სხდომის შემდეგ შეძლებს.
აპრილის ბოლოს დაკავებული ოთხი პირიდან, ორს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორს ბ143 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ განსაზღვრავს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ქუჩა, როგორც იძულება და ჩვევა
არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში ქუჩასთან დაკავშირებული 2500-დან 2700-მდე არასრულწლოვანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბავშვების უმეტესობა ცხოვრების მნიშვნელოვან დროს ატარებს ქუჩაში, საზრდოს მოიპოვებს ქუჩაში, ითხოვს მოწყალებას, მუშაობს, მათ შორის, იძულებით, ვაჭრობს, ჩართულია სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობასა და პროსტიტუციაში.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მინიმალური ასაკი 14 წელია. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, ქუჩასთან დაკავშირებული 14 წლამდე ბავშვები სრულწლოვნების მიერ ხშირად არიან გამოყენებულნი და ჩართულნი სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში, მათ შორის, მაღაზიებისა თუ ავტომობილების გაქურდვაში.
ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვები ხშირად არიან ჩართულნი იძულებით შრომაში. სწორედ ამ საქმიანობის ბრალდებით დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპრილის ბოლოს ოთხი პირი. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვია ჩართული იძულებით, უკანონო შრომაში, საქართველოში არ არსებობს. თუკი ბავშვთა შრომის მსოფლიო მონაცემს ჩავხედავთ, 2022 წლის მდგომარეობით, ბავშვთა შრომაშია ჩართული 5-დან 17 წლამდე დაახლოებით 160 მილიონი ბავშვი. 63 მილიონი გოგო და 97 მილიონი ბიჭი.
საქართველოში მცხოვრები ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების პრობლემების შესახებ კარგადაა ცნობილი გიორგი კვარაცხელიასთვის. ის world vision საქართველოს წარმომადგენლობის სოციალური დაცვის სერვისების სუპერვაიზერია.
ორგანიზაცია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, წლებია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიმართულებით. აქვს რამდენიმე დღის ცენტრი და თავშესაფარი როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, სადაც ბავშვები მათთვის საჭირო აუცილებელ სერვისებს იღებენ, იქნება ეს კვება, ჰიგიენა, სწავლაში დახმარება, ფსიქოლოგის მომსახურება, სოციალური მუშაკის მომსახურება თუ სხვა.
ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოსთან ერთად World Vision საქართველოს ბაზაზე 2014 წლიდან მუშაობენ მობილური ჯგუფები, რომლებიც ველზე გასვლის შედეგად სწავლობენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობას და არასრულწლოვნებს შესაბამის დახმარებას უწევენ - მიჰყავთ დღის ცენტრებსა და თავშესაფრებში. არის შემთხვევები, როცა ამ პროცესში საჭირო ხდება სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვაც. მობილური ჯგუფები მუშაობენ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.
როგორც გიორგი გვეუბნება, ქვეყანაში საკმაოდ ხშირია ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების იძულებით შრომაში ჩართვის შემთხვევები. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ველზე გასული მობილური ჯგუფების სამუშაო გამოცდილება, როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბავშვები იძულებით შრომაში არიან ჩართულნი ან არიან ძალადობის მსხვერპლნი:
„ხშირად, იძულებითი შრომის შესახებ ინფორმაციას თავად ბავშვები გვაწვდიან. თუმცა, არის შემთვევები, როდესაც მობილური ჯგუფის წევრებს, იქნება ეს ფსიქოლოგი თუ სოციალური მუშაკი, უჩნდება ვარაუდი, რომ საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან მაგალითად, ძალადობის შემთხვევასთან, იძულებასთან, ტრეფიკინგთან და ა.შ. ასეთ დროს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მოვახდინოთ ამ ბავშვების რეფერირება და სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ ვაცნობოთ შესაბამის ორგანოებს. მაგალითად, როცა მობილური ჯგუფი დააიდენტიფიცირებს ან ეჭვი გაუჩნდება, რომ შესაძლოა, ბავშვი იყოს ძალადობის მსხვერპლი ან უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ საქმე გვაქვს ძალადობასთან და იძულებასთან, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა მაშინვე გადამისამართდება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან, რადგან მოხდეს საკითხის დროული შესწავლა და გამოკვლევა. პრაქტიკაში თუ შევხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ ასეთი შემთხვევები ცოტაა. შეიძლება ითქვას, რომ ხშირიც კია, რადგან როცა 4-5 წლის ბავშვს ვხედავთ ქუჩაში, როგორ შეიძლება, რომ ის ქუჩაში გასულიყო თავისი ნება-სურვილით, თუ არა მაგალითად, იძულება ან უგულვებელყოფა? ხშირია შემთხვევები, როცა სრულწლოვანი პირები აიძულებენ არასრულწლოვნებს, რომ შეაგროვონ გარკვეული თანხა, ითხოვონ მოწყალება, ისინი ჩართონ კრიმინალში. ეს ბავშვები საქმიანობენ და შრომობენ, აწევთ ზრდასრულობის ტვირთი და ასაკის შეუსაბამო საქმიანობით არიან დაკავებულები - ეს იქნება შრომა, პროსტიტუცია და ა.შ“.
ბავშვები ქუჩაში რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო ხვდებიან - მათ ნაწილს ქუჩაში გასვლას ის მშობლები აიძულებენ, რომლებიც თავად სიღარიბეში ცხოვრობენ. ზოგს მშობელი ვერ ან არ უვლის - გარდაცვლილია, ციხეშია და ან კი ქვეყნიდანაა წასული. ბავშვების ნაწილი ოჯახში ძალადობას გაურბის.
ამ ბავშვების უდიდესი ნაწილი მთელ დღეს ქუჩაში ატარებს და მხოლოდ დასაძინებლად მიდის სახლში. ბოლო წლებში მდგომარეობა შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ თუკი წლების წინ უფრო მეტი იყო იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც დღე და ღამე ქუჩაში ცხოვრობდნენ, დღეს მხოლოდ უიშვიათესი გამონაკლისი გვხვდება, როცა ბავშვი 24 საათს ქუჩაში ატარებს.
მცდარია სტერეოტიპი, რომ „ქუჩაში ქართველი ბავშვები არ არიან“. ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების დაახლოებით 55% ქართველია. მათ შემდეგ მოდიან მოლდოველი და რუმინელი ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები.
როგორიც გიორგი კვარაცხელია გვეუბნება, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების დღის ცენტრებსა და თავშესაფრებში დამაგრება. მისი თქმით, ბავშვებს, რომლებიც წლების განმავლობაში, ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ ქუჩაში, უჭირთ მათთვის უჩვეულო გარემოში ადაპტირება:
„ჩვენი სერვისებით ყოველდღიურად საშუალოდ 100 ბავშვი სარგებლობს. ამ ბავშვებს აქვთ სხვადასხვა სახის უმძიმესი პრობლემა. შეუძლებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ საკმაოდ რთულია მათი რეაბილიტაცია. ბავშვი, რომელსაც 10-12 წელი გატარებული აქვს ქუჩაში, საკმაოდ რთულია მიამაგრო, მაგალითად, თავშესაფრის მომსახურებაზე, რადგან ის მიჩვეულია ე.წ. მარტივი ფულის შოვნას, არც თუ იშვიათად აქვს კრიმინალური ქცევა, გამოვლილი აქვს სხვადასხვა სახის ძალადობა და შესაძლოა ჰქონდეს ფსიქიკური პრობლემები. ვერ ვიტყვით, რომ შედეგებზე ვერ გავდივართ, ნამდვილად გვაქვს შედეგები, თუმცა, ეს ნაწილი ნამდვილად რჩება გამოწვევად ძირითადად დიდი ასაკის ბავშვებში. ვერ წარმოიდგენთ, რა სირთულეებთან უწევთ ამ ბავშვებს ქუჩაში გამკლავება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს ბავშვები საზოგადოებას არ უყვარს, არიან მარგინალიზებულნი, ვერავისგან გრძნობენ მხარდაჭერას, არიან უგულვებელყოფის მსხვერპლნი, არიან სხვადასხვა სახის უმძიმესი ძალადობის მსხვერპლნი, ძალიან ძნელია ამ ბავშვების ნდობის მოპოვება, რადგან მათ ძალიან დიდი იმედგაცრუებები აქვთ ნანახი. ბავშვების თავშესაფარსა და დღის ცენტრში მოყვანის შემდეგ, ხშირად გვჭირდება ფსიქიატრის, ადიქტოლოგის ჩართულობა, თუმცა, ესეც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან შესაბამისი სპეციალისტი უნდა მოიძიო. ჩვენს ქვეყანაში კი საკმაოდ ჭირს ამ მიმართულებით ბავშვთა სპეციალისტების პოვნა“.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევის (2018 წელი) თანახმად, რომელიც საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების მდგომარეობას ეხებოდა, ქუჩაში ძალადობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ გოგონები დგანან. კვლევის მიხედვით, თბილისის ერთ დაჯგუფებაში გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ ჯგუფის უფროსი წევრებისთვის. სხვა დაჯგუფების წევრები კი ამბობდნენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. სექსუალური ძალადობის გარდა ხშირი იყო სხვა სახის ძალადობით და ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმებიც.
იუნისეფს ახალი კვლევა ამ საკითხებთან დაკავშირებით ბოლო წლებში აღარ გამოუქვეყნებია.
როგორ გადარჩა ანრი?
ანრი ჩხაიძე 23 წლისაა. ტექნიკური უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. საკუთარი სპეციალობით მუშაობს world vision საქართველოს ოფისში. თუმცა, სანამ ანრი აქამდე მოვიდოდა, ძალიან გრძელი და ძნელი გზა გაიარა.
14 წლის იყო, ოჯახი მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე რომ აღმოჩნდა და მას და მის უმცროს ძმას სკოლის მიტოვება მოუწიათ. 14 წლამდე ანრი კერძო სკოლაში სწავლობდა, დედა საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში დარჩენილ შვილებს, რომლებსაც ბებია ზრდიდა, ფინანსურად ეხმარებოდა. თუმცა, როგორც ანრი მიყვება, ერთ დღეს ყველაფერი თავდაყირა დადგა. ანრიმ და მისმა უმცროსმა ძმამ გამოსავლის ძებნა ქუჩაში დაიწყეს:
„ამ მხრივ ჩემი უმცროსი ძმა უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა. მახსოვს, როგორ ავსებდა ონკანის წყლით ბოთლებს, მერე ყინავდა და ცხელ ზაფხულში, ტურისტულ ზონებში ცდილობდა მათ გაყიდვას. ვყიდდით ნივთებს სახლიდან, ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. ორივე ძალიან განვიცდიდით სკოლის მიტოვებას, მაგრამ იმის გამო, რომ მუდმივად გვიწევდა საცხოვრებლის შეცვლა, სხვა სკოლაშიც ვეღარ შეგვიყვანეს. არადა, ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება მქონდა, უმაღლესი ქულები. არც ჩემი ძმა იყო ურიგო მოსწავლე, მაგრამ უკიდურესმა გაჭირვებამ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა. იმ ორ წელს, რომელიც სკოლის გარეშე, ქუჩაში გავატარე, ნამდვილად ვერ გავიხსენებ პოზიტიურად. მეც და ჩემი ძმაც, ისევე, როგორც სხვა ბავშვების ნაწილი, გარემოებების მსხვერპლნი ვიყავით. მე იმ ვითარებაში აღმოვჩნდი, რომელიც არ შეეფერებოდა ჩემს შინაგან მდგომარეობას. აბსოლუტურად სხვა გარემოდან გამოვედი და აღმოვჩნდი რადიკალურად განსხვავებულ გარემოში. მეც და ჩემმა ძმამაც კარგად ვიცოდით, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და რა არა... კი, ჩვენ აღმოვჩნდით ქუჩის გარემოში, ვყიდდით სხვადასხვა ნივთს, რომ სულ მცირე შემოსავალი მაინც გვქონოდა... როცა ხედავ, რომ ოჯახში პურის ფული არ არის, ცდილობ, რაღაც შეცვალო“.
ასე აღმოაჩინა ქუჩაში ანრის უმცროსი ძმა მობილურმა ჯგუფმა. ბიჭი მაშინ 12 წლის იყო. ძმების ცხოვრება იმ დღიდან შეიცვალა:
„ლუკა ნახეს ქუჩაში, გაესაუბრნენ. ჩემმა ძმამ ყველაფერი უთხრა. შემდეგ ჩვენთან მოვიდნენ, სახლში. მეც დამელაპარაკნენ, ბებოსაც და აღმოვჩნდით დღის ცენტრში. მალევე შეგვიყვანეს სკოლაში. რაკი ორი წელი გაცდენილი გვქონდა, მე მეექვსე კლასში დამსვეს, ჩემი ძმა მეოთხეში, მაგრამ მე ისე მოვახერხე, რომ გაცდენილი ორი წელი ექსტერნად ჩავაბარე და თავის დროზე დავამთავრე სკოლა. მისაღებ გამოცდებზე გასვლას არ ვაპირებდი, ვფიქრობდი, ვერ ჩავაბარებდი, თუმცა, გარშემომყოფების დაჟინებული თხოვნის შემდეგ, გავედი ეროვნულ გამოცდებზე და სწორედ იმ ფაკულტეტზე მოვხვდი, სადაც მინდოდა. დღეს კი აქ ვარ, გარემოში, რომელიც ჩემი მეორე სახლია. ჩემი ძმა მეთორმეტე კლასშია, ძალიან კარგად არის და კიდევ უკეთესად იქნება“.
რატომ წავიდა საქართველოდან ლევანი?
ლევან ჩახაიამ ბავშვობა კოჯრის ბავშვთა სახლში გაატარა. 18 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც ინსტიტუცია დატოვა, ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გაიცნო მან ბავშვები ქუჩიდან:
„ადამიანს, რომელსაც საკუთარი თვალით არ უნახავს, ძნელია დაიჯეროს, რომ ექვსი წლის ბიჭუნას სძინავს ხიდის ქვეშ. ძალიან მკაფიოდ მაქვს ჩარჩენილი ერთ-ერთი ბავშვის ისტორია, რომელიც თავად მიამბო. ზამთარში, სიცივეში, როდესაც ყინავდა და ქუჩაში იყო, საკუთარი შარდით თბებოდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი ტიპის ძალადობას განიცდიან ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვები, ექსპლუატაციას, სექსუალურ ძალადობას. ბოლოს, როგორც წესი, თავადაც ერთვებიან კრიმინალში. ამ ბავშვების უკან ყოველთვის დგას ვიღაც, ვინც მათ კრიმინალში რთავს, აიძულებს იმუშაონ, ითხოვონ მოწყალება. იციან, რომ კანონმდებლობის თანახმად, 14 წლამდე მოზარდებს არ ეკისრებათ არანაირი პასუხისმგებლობა და ამ ბავშვებს იყენებენ ზრდასრული კრიმინალები. ყველა მიმართულებით ხდება ამ ბავშვების ნგრევა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებას ეზიზღება ეს ბავშვები“.
მას შემდეგ, რაც ლევანმა მოახერხა განათლების მიღება და საკუთარი ცხოვრების მეტ-ნაკლებად აწყობა, დააარსა ორგანიზაცია „youth movement“ და ექვსი წლის განმავლობაში იმუშავა ზრუნვის სისტემიდან გამოსული ბავშვებისა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საკითხებზე, თუმცა, საბოლოოდ, ისევე როგორც მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს, მასაც უარის თქმა მოუწია საკუთარ გეგმებზე და ემიგრაციაში წავიდა:
„უკვე 9 თვეა საფრანგეთში ვცხოვრობ. საქართველოში მქონდა პროტქტი „ახალგაზრდული სახლი“, ასევე ორგანიზაცია „ახალგაზრდული მოძრაობა“. რამდენჯერმე ვცადე, მაგალითად, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, რომ ამ ბავშვების, ახალგაზრდების სათქმელი მიმეტანა მის ყურამდე, რამდენჯერმე შევხვდი ადმინისტრაციის წარმომადგენელსაც, არაფერს ვიშურებდი, რომ ამ თემებზე ღიად მელაპარაკა, ვისთანაც შემეძლო და როგორც შემეძლო, მაგრამ შედეგი ნული“.
ლევანს განსაკუთრებით მძაფრად და უსიამოვნოდ ახსოვს რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები - თბილისის მერი მიუსაფარ ბავშვებს ჰამბურგერებით უმასპინძლდება. ფოტოები 2018 წელს, საახალწლო ნაძვის ხესთან გადაიღო ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ და სოციალურ ქსელში ატვირთა:
„ფოტოებს თან ახლდა ტექსტი, რომ კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხესთან ჰამბურგერებით გაუმასპინძლდა. გამოქვეყნებული იყო უამრავი ფოტო ქვეტექსტით, რომ აი, რა კარგი ტიპია კახა კალაძე, რომ მიუსაფარ ბავშვებთან ერთად ჭამს ჰამბურგერებს. ბავშვებს ცეცხლი აქვთ დანთებული, მერი მიდის, მიაქვს ჰამბურგერები, მერე ვიღაც იღებს ფოტოებს და ხალხს აჩვენებენ, რომ აი, როგორი მზრუნველი მერი გვყავს, რაღაც იაფფასიანი მარკეტინგული გათვლა. იცით როგორ დავინახე ეს ჟესტი და გზავნილი მთავრობისგან, მე, რომელიც ძალიან კარგად ვიცნობ ამ ბავშვების რეალურ მდგომარეობას? ხელისუფლება გვეუბნება, დიახ, ჩვენ ვხედავთ ამ ბავშვებს, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენს თბილ სახლებში ვბრუნდებით“, - მეუბნება ლევან ჩახაია.
არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ოთხი ადამიანი დაკავებას, 14 მაისს გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც მოზარდების ტრეფიკინგის საკითხის შესწავლას აანონსებს.
ომბუდსმენის მოადგილის ნათია ჯულაყიძის თქმით, პრობლემა სისტემურია და ცალკეული შემთხვევის გამოძიება წარმატებულ პოლიტიკას არ ნიშნავს:
„ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც იძულებით შრომას ეწევიან, იძულებით მოწყალებას ითხოვენ, როგორც წესი, ამ ბავშვების უკან არიან ხოლმე რიგი ჯგუფი ადამიანებისა და ეს ცალკეული შემთხვევა გამოძიებისა, ვერ უზრუნველყოფს სისტემური პრობლემის მოგვარებას“.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ამ პრობლემის დასაძლევად ეფექტური მექანიზმი არ გააჩნია.